დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.04.2022
საქმის ნომერი
2კ-18-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802222005626389

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№18I-22 ქ. თბილისი

ვ–ი გ.18I-22 11 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ა–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ვ–ს მიმართ საფრანგეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2021 წლის 16 ნოემბერს საფრანგეთის რესპუბლიკის ნანსის სააპელაციო სასამართლომ გამოსცა გ. ვ–ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, გ. ვ–ს ბრალი ედება საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 311-4, 311-4-2, 311-13, 311-14 და 311-15 მუხლებით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფურად, კულტურული ღირებულების ნივთის მიმართ, რომელიც შენახულია მუზეუმის ან იმ პირის მიერ, რომელიც ასრულებს საჯარო ინტერესით გათვალისწინებულ მოვალეობას); 311-4, 311-4, 311-13, 311-14 და 311-15 მუხლებით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფურად, ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია სახსრების, ფასეულობების, ქონების ან მასალის შესანახად) და ამავე კოდექსის 450-1, 450-3 და 450-5 მუხლებით (შეთქმულება ბანდის ტიპის ქურდობების ჩადენის მიზნით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

2021 წლის 9 დეკემბერს გ. ვ–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. გ. ვ–ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

გ. ვ–ს ექსტრადიცია პარალელურად ორი სახელმწიფოს - ა–ს რესპუბლიკისა და ს–ს რესპუბლიკის მიერ მოითხოვება. განსახილველი შუამდგომლობა ეხება გ. ვ–ს ს–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებობას.

2021 წლის 21 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექსტრადიციის მიზნით დააკავეს გ. ვ–ი.

2021 წლის 23 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით გ. ვ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2021 წლის 7 დეკემბერს და 13 დეკემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიიღეს გ. ვ–ს ექსტრადიციის თაობაზე ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2021 წლის 29 დეკემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა გ. ვ–ს ექსტრადიციის თაობაზე საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2022 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით გ. ვ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 21 მაისამდე.

ამჟამად გ. ვ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. საფრანგეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში, ს–ს რესპუბლიკაში, გ. ვ–ი, ს. ვ–ი და ვ. ჰ–ა, რომლებიც შეთანხმდნენ კულტურული ღირებულების მქონე ნივთების ქურდობაზე, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული მიზნით, ქ. ნ–ში ქირაობდნენ ავტომანქანებს, ქურდობის ჩადენამდე ჯავშნიდნენ შესაბამისი ადგილების მახლობლად სასტუმროებს და ზვერავდნენ და ათვალიერებდნენ, ასევე იწერდნენ აუქციონის სახლის გაზეთს და ახორციელებდნენ სხვა მოქმედებებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ. ჰ–ა ასრულებდა ორგანიზატორის ფუნქციებს, ხოლო ქურდობის დანაშაულს ადგილზე უშუალოდ აღასრულებდნენ გ. ვ–ი და ს. ვ–ი.

ზემოაღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 23 მაისს, ს–ს რესპუბლიკის ქ. ნ–ში, გ. ვ–ი და ს. ვ–ი .........ს მუზეუმის საგამოფენო დარბაზიდან ფარულად დაეუფლნენ პ. ს–ს ფერწერულ ტილოს - ,,..............“, რომლის ღირებულებაც შეადგენდა დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს. მოგვიანებით, 2019 წლის 16 აპრილს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დასახელებული ტილო ამოიღეს უკრაინაში მდებარე ს. ვ–ს ბინის ჩხრეკის შედეგად.

ასევე, 2018 წლის 10 ნოემბერს, ვ–ში მდებარე სააუქციონო სახლის საგამოფენო დარბაზიდან, გ. ვ–ჩი და ს. ვ–ი ფარულად დაეუფლნენ ე. ბ–ს ფერწერულ ტილოს - ,,...........“ და ე............ სფერწერულ ტილოს - ,,...........“, რომელთა ღირებულებაც შეადგენდა დაახლოებით 35 000 ევროს და 8 000 ევროს.

4. 2022 წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა გ. ვ–ს ს–ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია საფრანგეთის რესპუბლიკის ნანსის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის დაკავების ბრძანებაში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ–ს ადვოკატი გ. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმებასა და გ. ვ–ს საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა გ. ვ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. 2021 წლის 21 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექსტრადიციის მიზნით დააკავეს ძებნილი გ. ვ–ი. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიცია შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც დასჯადია თავისუფლების აღკვეთით, როგორც ექსტრადიციის შუამდგომლობის გამგზავნ, ისე შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში და აღნიშნული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. გ. ვ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

5.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენაზე) თანახმად, მომთხოვნი სახელმწიფო გ. ვ–ს ექსტრადიციას ითხოვს (იხ. საქმის თანდართული მასალების ტომი II, ს.ფ. 135, 147, 165, 185), მათ შორის, საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 311-4, 311-4-2 (და არა 311-1, 311-4 მუხლით, როგორც ეს მითითებულია პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიას 2022 წლის 28 მარტის შუამდგომლობაში, რომლითაც მან მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს (საქმის წარმოების ტომი, ს.ფ. 2-9), ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინებაში (საქმის წარმოების ტომი, ს.ფ. 14-25)), 311-13, 311-14 და 311-15 მუხლებით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფურად, ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია სახსრების, ფასეულობების, ქონების ან მასალის შესანახად). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ნანსის სააპელაციო სასამართლოს დაკავების განჩინება (ფრანგულ ენაზე) დათარიღებულია 2021 წლის 16 ნოემბერით (იხ. საქმის თანდართული მასალების ტომი II, ს.ფ. 139), ხოლო მის ინგლისურ (ს.ფ. 151), ქართულ (ს.ფ.172) და რუსულ ენოვანი (ს.ფ. 192) ვერსიები - 2021 წლის 18 ნოემბერით. ამასთან, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე შესრულებულ დოკუმენტში 2018 წლის 10 ნოემბერის ეპიზოდთან მიმართებით, მითითებულია საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 311-1, 311-4, 311-13, 311-14 და 311-15 მუხლები, ხოლო ამავე დოკუმენტის ქართულ და რუსულ ვერსიებში 311-4, 311-4-2, 311-13, 311-14 და 311-15 მუხლები.

5.2. შუამდგომლობის თანახმად, გ. ვ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები დასჯადია: საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 450-1, 450-3 და 450-5 მუხლებით (შეთქმულება ბანდის ტიპის ქურდობების ჩადენის მიზნით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 311-4, 311-4-2, 311-13, 311-14 და 311-15 მუხლებით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფურად, კულტურული ღირებულების ნივთის მიმართ, რომელიც შენახულია მუზეუმის ან იმ პირის მიერ, რომელიც ასრულებს საჯარო ინტერესით გათვალისწინებულ მოვალეობას), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; ასევე, საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 311-4, 311-4-2, 311-13, 311-14 და 311-15 მუხლებით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფურად, ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია სახსრების, ფასეულობების, ქონების ან მასალის შესანახად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

5.3. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად კი, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

6.1. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება გ. ვ–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, გ. ვ–ს საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილია 2018 წელს. აღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით, ნანსის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 16 ნოემბერს გამოსცა ბრძანება გ. ვ–ს დაკავების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულებთან მიმართებით გასული არ არის.

6.2. საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 6 წლით, ხოლო ამავე კოდექსის 9-2 მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება დაკავების ბრძანების გამოცემის შემთხვევაში და შესაბამისად, იგი გასული არ არის.

7. გ. ვ–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ გ. ვ–ი არ ითვლება ს–ს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე ს–ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან გ. ვ–ი არის უ–ს მოქალაქე.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გ. ვ–ს მოცემული სამინისტროსთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს და შესაბამისად, იგი არ სარგებლობს ს–ში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას ს–ში თავშესაფარი არ გააჩნია.

10. ამასთან, გ. ვ–ი არ არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე და იგი ითვლება უ–ს მოქალაქედ. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში მინიჭებული საერთაშორისო დაცვა (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი) ან თავშესაფრის ძიება, არ არის ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია გ. ვ–ს საქართველოში არსებული ოჯახური კავშირების არსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევის რისკი.

12. კასატორის მტკიცებით, საფრანგეთის პროკურატურამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას არ წარმოუდგინა გარანტია, რომ გ. ვ–ს ექსტრადიცია არ მოითხოვება მის მიმართ პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური ნიშნით დევნის მიზნით და რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში გ. ვ–ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას; ამასთან, იგი ისარგებლებს დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით; ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის რეალური რისკი - იგი შესაძლოა, დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასა და დასჯას; საქმეში არ არის წარმოდგენილი ზოგადი ინფორმაცია ადამიანის უფლებათა კუთხით საფრანგეთში არსებულ მდგომარეობაზე.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს გ. ვ–ს მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხეზე, მაგრამ არ უთითებს აღნიშნული საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. აღსანიშნავია, რომ გ. ვ–ს მიმართ საექსტრადიციო პროცედურის წარმოების დაწყებიდან დღემდე (მათ შორის მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო ეტაპზე), დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია განცხადება ან მტკიცებულება გ. ვ–ს ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკის არსებობის თაობაზე.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საფრანგეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს, რომელზეც ვრცელდება „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“.

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საფრანგეთი არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და მასზე ვრცელდება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით და წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით დადგენილი მოთხოვნები და მონიტორინგის მექანიზმები. ამასთან, საფრანგეთის რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. შესაბამისად, საფრანგეთის რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. გარდა ამისა, არც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

17. ამდენად, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში გ. ვ–ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. კასატორი არ უთითებს გარემოებებზე, რაც მის მიმართ საფრანგეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ მის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

18. ყოველივე ზემოხსენებულის მხედველობაში მიღებით, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში გ. ვ–ს მიმართ განხორციელდება დევნა ან/და იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.

19. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი გ. ვ–ს საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობაში გ. ვ–ს ექსტრადიციის თაობაზე და საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობაში გ. ვ–ს საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ და დასჯადია საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 311-4, 311-4-2, 311-13, 311-14 და 311-15 მუხლებით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფურად, კულტურული ღირებულების ნივთის მიმართ, რომელიც შენახულია მუზეუმის ან იმ პირის მიერ, რომელიც ასრულებს საჯარო ინტერესით გათვალისწინებულ მოვალეობას); 311-4, 311-4-2, 311-13, 311-14 და 311-15 მუხლებით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფურად, ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია სახსრების, ფასეულობების, ქონების ან მასალის შესანახად) და ამავე კოდექსის 450-1, 450-3 და 450-5 მუხლებით (შეთქმულება ბანდის ტიპის ქურდობების ჩადენის მიზნით).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე