საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.04.2022
საქმის ნომერი
2კ-2აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003989922

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №2აპ-22 ქ. თბილისი

ლ-ი ლ, 2აპ-22 28 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის განაჩენით:

1.1. ლ. ლ-ი, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა არასრულწლოვანთა მოვლა-აღზრდასთან დაკავშირებული საქმიანობის (როგორც ანაზღაურებადი, ისე ანაზღაურების გარეშე) უფლება. ლ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 22 აგვისტოდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ლ-ა ჩაიდინა სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 14 აგვისტოდან ამავე წლის 21 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთში, ქ.თ-ი, მირიან მეფის გამზირის N...-ში მდებარე ბინა N..-ში ძიძად მომუშავე ლ. ლ-ი სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა 2018 წლის 7 მარტს დაბადებულ მ. ა-ლ დ-ე, კერძოდ, ქაჩავდა თმას და ურტყამდა ხელს სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მცირეწლოვანი მ. ა-ლ დ-ე განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ლ. ლ-ს გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - ადვოკატ ლალი აფციაურის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები - მოწმეების - ი. ბ. დ-ს, ქ. ჭ-ს, ი. ბ-ს, შ. დ-ს, ნ. ლ-ა და სხვათა ჩვენებები, DVD-R დისკის ვიდეოჩანაწერი, დათვალიერებისა და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნა, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ლ. ლ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

7. უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება მოწმეების - შ. დ-ა და ი. ბ-ს მიკერძოებულობასა და არაგულწრფელობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დასტურდება ლ. ლ-ს მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მ. ა. დ-ს მიმართ 2020 წლის 14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, არაერთხელ, ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რაც გამოიხატა თმის მოქაჩვაში, ასევე თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმაში, ყელისა და სახის არეში ხელების მოჭერაში, ჰაერში აწევასა და ა.შ., რასაც ასევე თან ახლდა ბავშვის მიმართ შეურაცხმყოფელი, სალანძღავი სიტყვებით მიმართვა. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში ბავშვის მცირეწლოვნობის გამო განცდილ ტკივილთან დაკავშირებით სასამართლოს მისი ჩვენება არ მოუსმენია, თუმცა მხედველობაში იღებს თვითმხილველ მოწმეთა განმარტებებს, რომ ძალადობის თითოეული ეპიზოდის შემდეგ ბავშვი ტიროდა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის -ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შესაძლებელია როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივრის მსჯელობას ვიდეოჩანაწერების მოპოვებისა და ექსპერტიზის დასკვნების გაცემის პროცედურის საპროცესო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ როგორც შ. დ-ს, ისე ლ. ლ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონებიდან ინფორმაცია გამოთხოვილია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე; ამასთან, გამოთხოვის ოქმში მითითებულია ვიდეოჩანაწერების მაიდენტიფიცირებელი სახელწოდებები და ნომრები, რაც სრულად შეესაბამება ექსპერტიზის ფარგლებში გამოკვლეულ ვიდეოფაილების სახელწოდებებსა და რაც, შესაბამისად, გამორიცხავს ვერსიას, რომ საექსპერტო კვლევა ჩატარებულია არა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ, არამედ მოწმის სახით დაკითხული შ. დ-ს მიერ გამოძიებისათვის წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დათვალიერების ოქმითა და გამოთხოვის ოქმით მოპოვებული ინფორმაცია როგორც შინაარსობრივად, ისე მათ სახელწოდებაში მითითებული ციფრობრივი მაჩვენებლებით ერთი და იგივეა). საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან ინფორმაციის მოპოვების წესს ადგენს საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილი და იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მოცემული მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება საქართველოს სსსკ-ის 1432-14310-ე მუხლების დებულებები, სადაც ზუსტადაა განსაზღვრული იმ დანაშაულთა წრე, რომლებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შესაძლებელია კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებული ინფორმაციის გამოთხოვა (მოპოვება). ამასთან, კოდექსის 1433-ე მუხლის შეზღუდვიდან გამომდინარე, გამოთხოვის ჩატარება, მოცემულ ეტაპზე, შეზღუდულია სხვადასხვა მუხლით დაწყებული, მათ შორის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებებზე. შესაბამისად, თავდაპირველ ეტაპზე, ზემოაღნიშნული მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოძიებას არ ჰქონდა კანონისმიერი შესაძლებლობა, შ. დ-ს ტელეფონიდან გამოეთხოვა ჩანაწერები. რაც შეეხება დათვალიერებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. მოცემულ შემთხვევაში შ. დ-ს მიერ წარდგენილი დისკი დათვალიერდა მისივე მონაწილეობით, რომლის შედეგები ასახული იყო ოქმში და რომლის სისწორეც ხელმოწერებით დაადასტურეს გამომძიებელმა ქ. მ-მ და მოწმე შ. დ-ა.

10. საქმის მასალების თანახმად, ლ. ლ-ს მიმართ მძიმე დანაშაულისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ შესაძლებელი გახდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვა. საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინება შ. დ-ს მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის საფუძველზე 2020 წლის 29 აგვისტოს შ. დ-ს მონაწილეობით მისი კუთვნილი „აიფონ 4“ მოდელის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ იქნა 2020 წლის 14 აგვისტოდან იმავე წლის 19 აგვისტომდე არსებული ყველა ის ინფორმაცია, რაც დაკავშირებული იყო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან (ვიდეო/ფოტო მასალა), კერძოდ, 8 ცალი ვიდეოფაილი წარწერებით: video-1598098853, video-1598098855, video-1598099283, video1598099293, video-1598099321, video-1598099330, video-159809885511 და video-159809885512, რაც გადატანილ იქნა ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე და დაილუქა სათანადო წესით. სწორედ გამოთხოვის შედეგად მოპოვებული ჩანაწერები დათვალიერდა 2020 წლის 2 სექტემბერს მოწმე ი. ბ. დ-ს მონაწილეობით. ასევე, აღნიშნული ჩანაწერები (და არა შ. დ-ს მიერ 2020 წლის 22 აგვისტოს წარდგენილი) გადაიგზავნა ექსპერტიზაზე, რომლის მიხედვითაც, არ დადგინდა მონტაჟის კვლები.

11. რაც შეეხება კასატორის - ადვოკატ ლ. ა-ს პრეტენზიას შ. დ-ს კუთვნილი ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მსჯელობა წარმოადგენს მხოლოდ დაცვის მხარის ვარაუდს და არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი საგამოძიებო მოქმედების ოქმი ხელმოწერებით აქვთ დადასტურებული როგორც შ. დ-ს, ისე გამომძიებელს. ალოგიკურია ჩანაწერების გაუზიარებლობაზე მსჯელობა იმ საფუძვლით, რომ თავდაპირველ ეტაპზე დათვალიერების ოქმით მოხდა ჩანაწერების საქმეზე დამაგრება. ჩანაწერი კანონის დაცვით, საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის საფუძველზეა მოპოვებული და 2020 წლის 22 აგვისტოს წარდგენილი ჩანაწერების იდენტურია, რაც დადასტურდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დათვალიერებითაც.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ლ. ლ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ამიტომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი