დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.04.2022
საქმის ნომერი
1აგ.-2022
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
08.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142221700308645

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1აგ-22 8 აპრილი, 2022 წელი

ფ. ი., 1აგ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, გოჩა აბუსერიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ი. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში - 3 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ი. ფ-ს ¼-ით შეუმცირდა შეფარდებული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ნ. თ-სა და უ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2021 წლის 15 ნოემბერს მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. თ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. თ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას შუამდგომლობა; კასატორის მტკიცებით, გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ვინაიდან მოსამართლე შ. თ-ს არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო 2021 წლის 23 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ ი. ფ-ს სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტაში, რადგან, ერთი მხრივ, მას 2018 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა და იყო სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებაზე პასუხისმგებელი პროკურორების ხელმძღვანელი, ხოლო, მეორე მხრივ, იგი უკანონოდ განწესდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებდა კანდიდატისათვის წაყენებულ იურიდიული განათლების მოთხოვნას; კასატორი მიიჩნევს, რომ ასევე გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, კერძოდ, 2021 წლის 2 აგვისტოს, ი. ფ-ს საქმის საკასაციო განხილვამდე, დაცვის მხარემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა გ. დ-სა და ზ. მ-ს მოწმეებად დაკითხვა. განცხადებას თან ერთვოდა მსჯავრდებულ გ. დ-ს 2019 წლის 8 და 11 ნოემბრის გამოკითხვის ოქმები, რომლებიც მანამდე დაცვის მხარისათვის არ იყო ცნობილი და რომელთა შინაარსი ცალსახად კვეთდა ისეთ ახალ გარემოებებს, რომლებიც ი. ფ-ს უდანაშაულობაზე მიუთითებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებსაც ეფუძნება შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

4. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და მასში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოთხოვნა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობაში მითითებული მოტივები ვერ დაედებოდა საფუძვლად ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენის გადასინჯვას, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ი. ფ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან.

5. სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ს შუამდგომლობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს, რომლებიც არ იყო ცნობილი საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანისას და შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას.

7. საყურადღებოა, რომ, ერთი მხრივ, კასატორი პირდაპირ უთითებს თავის შუამდგომლობაში, რომ ი. ფ-ს სისხლის სამართლის საქმის საკასაციო განხილვის ეტაპზე, 2021 წლის 2 აგვისტოს, მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას განცხადებით, რომელსაც თან ერთვოდა მსჯავრდებულ გ. დ-ს 2019 წლის 8 და 11 ნოემბრის გამოკითხვის ოქმები, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის საქმის მასალებითაც უტყუარად დადგენილია, რომ ი. ფ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ორჯერ - 2019 წლის 26 ნოემბერსა და 2020 წლის 4 ივნისს განიხილა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გ. დ-სა და ზ. მ-ს მოწმეებად დაკითხვის თაობაზე. 2021 წლის 2 აგვისტოს, ი. ფ-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. თ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გ. დ-სა და ზ. მ-ს დაკითხვა. საკასაციო სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება სამართლებრივად შეაფასა 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში, რომლითაც დაუშვებლად ცნო მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ნ. თ-სა და უ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს საკასაციო სასამართლოსათვის წარდგენილ დაცვის მხარის განცხადებას თან ერთვოდა მოწმე გ. დ-ს 2019 წლის 8 ნოემბრისა და 2019 წლის 11 ნოემბრის გამოკითხვის ოქმები, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მასალები, რომლებიც, დაცვის მხარის პოზიციით, საფუძვლად უნდა დასდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას, არ წარმოადგენს ახალ ფაქტს ან/და მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოსთვის არ იყო ცნობილი გადასასინჯი გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მასალები (გ. დ-ს 2019 წლის 8 და 11 ნოემბრის გამოკითხვის ოქმები, 2020 წლის 15 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება) არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რადგან მათ შესახებ სასამართლოსთვის ერთმნიშვნელოვნად ცნობილი იყო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივარში მითითებულ იმ საკითხებზე მსჯელობისა და მათი შეფასების შესაძლებლობას, რომლებიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს და სათანადო საფუძვლის არსებობისას სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ფარგლებში ... საკასაციო სასამართლოს არ აქვს იმ საკითხებზე მსჯელობისა და შეფასების შესაძლებლობა, რომლებიც კასატორისთვის ცნობილი იყო გასაჩივრებული განაჩენის დადგენისას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განჩინება საქმეზე №66აგ-21, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).

10. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ს საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში განმხილველ პალატაში, მოსამართლე - შ. თ-ს აცილების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად შეაფასა კასატორის მიერ ი. ფ-ს საქმის განმხილველი სასამართლოს უკანონო შემადგენლობასთან მიმართებით სადავოდ გამხდარი ასპექტები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და დამატებით აღნიშნავს, რომ შუამდგომლობაში მოყვანილი არგუმენტები ვერ გახდის საეჭვოს საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, ვინაიდან, ერთი მხრივ, კასატორი ვერ უთითებს და არც საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსამართლე შ. თ. მსჯავრდებულ ი. ფ-ს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურორის რანგში, საქართველოს გენერალურ პროკურორსა და გენერალური პროკურორის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2018 წლის 17 დეკემბრის №... და 2019 წლის 5 ნოემბრის №... ბრძანებების საფუძველზე, წარმოადგენდა საქმეზე პასუხისმგებელი პროკურორების უშუალო ზედამხედველ პირს ან/და ზემოაღნიშნული საქმის სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე მიღებული აქვს რაიმე სახის საპროცესო ან სხვა გადაწყვეტილება, რაც შესაძლოა, გამხდარიყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული აცილების საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონით დადგენილი წესით ჩაატარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა, მოსამართლეობის კანდიდატი შეაფასა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 351-ე მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებით, მასთან გასაუბრებისა და ამავე კანონის 352-ე მუხლის შესაბამისად მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე და იმის მხედველობაში მიღებით, რომ შ. თ. აკმაყოფილებდა მოსამართლეობის კანდიდატისათვის წაყენებულ კანონისმიერ მოთხოვნებს, საქართველოს პარლამენტმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც მიუთითებდა გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს უკანონო შემადგენლობაზე და რომელიც შესაძლოა, გამხდარიყო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

გ. აბუსერიძე