საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.06.2022
საქმის ნომერი
2კ-160აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003672493

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №160აპ-22 ქ. თბილისი

ბ-ე ი, 160აპ-22 3 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ი. და გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 დეკემბრის განაჩენით:

1.1. ი. ბ-ე, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 21 მარტიდან.

1.2. გ. ბ-ე, - დაბადებული .... წლის .... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 21 მარტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ხოლო გ. ბ-მ - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად; ასევე - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გატაცება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 21 მარტს, გამთენიისას, ქ. თ-ი, გ. კ-ს ქუჩა №..., ბინა №...-ში, ი. ბ-ე და გ. ბ-ე ჯგუფურად, ე.წ. „კასტეტის“ გამოყენებით, თავს დაესხნენ ბ. მ-ს, მიაყენეს მას ჯანმრთელობის დაზიანებები თავისა და სახის არეში და დაემუქრნენ მოკვლით, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ: ფულად თანხას - 1200 ლარსა და 100 რუსულ რუბლს, 500 ლარად ღირებულ „აიფონ-7 პლიუსის“ და 170 ლარად ღირებულ „აიფონ-6“ ფირმის მობილურ ტელეფონებს, 1000 ლარად ღირებულ აიპადს დამტენით, 850 ლარად ღირებულ ელექტრომოსიარულეს, 1600 ლარად ღირებულ ყავის მადუღარას, 1000 ლარად ღირებულ ე.წ. „კასტეტს“ და თ. ქ-ს კუთვნილ, 650 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორს.

2.2. 2020 წლის 21 მარტს, გამთენიისას, ქ. თ-ი, გ. კ-ს ქუჩა №..., ბინა №...-ში, გ. ბ-მ გაიტაცა ბ. მ-ს კუთვნილი პასპორტი, რაც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულების - ი. და გ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ა-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ი. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. ბ-ის - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მათი ქმედებების დაკვალიფიცირება სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი - დაზარალებულის საეჭვო ჩვენება და ირიბი მტკიცებულებები; მსჯავრდებულთა მხრიდან ნივთების წამოღების მიზანი და მოტივი იყო ნასესხები თანხის უკან დაბრუნება; ი. და გ. ბ-ის ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს (მსჯავრდებულების - ი. ბ-ა და გ. ბ-ის წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანისა და მათი ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე) საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ი. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. ბ-ის მიერ - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

7. კასატორი - ადვოკატი მ. ა-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმეში მოიპოვება მხოლოდ ერთი - დაზარალებულის საეჭვო ჩვენება და ირიბი მტკიცებულებები.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა (დაზარალებულ ბადრუდინ მუსაევის ჩვენება, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... და გენეტიკური, სეროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, პირადი ჩხრეკის, ბინის ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ცივი იარაღის ექსპერტიზის N...., ოდოროლოგიური ექსპერტიზის N.... და სასაქონლო ექსპერტიზის N.... დასკვნები და სხვა მტკიცებულებები) ინკრიმინირებულ ქმედებებში ი. ბ-ა და გ. ბ-ის ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრად შერაცხულ ქმედებათა შეფასებისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს დაზარალებულის ჩვენების შინაარსი და მასში ასახულ ფაქტობრივ გარემოებათა სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობა, კერძოდ:

10. დაზარალებულ ბ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი. და გ. ბ-ი გაიცნო შემთხვევის დღეს და ამ დრომდე მათთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. 2020 წლის 20 მარტს გაიცნო უფროსი ძმა - ი. ბ-ე, რომელმაც განუცხადა, რომ მისი მეზობელი იყო; ავიდნენ მასთან(დაზარალებულთან) საცხოვრებელ ბინაში და მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. ამის შემდეგ მათ შეუერთდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მათთან ერთად დაიწყო ალკოჰოლური სასმლის დალევა. შემდეგ, როგორც ახსოვს, თავს დაესხნენ და მოთხოვეს ფული; დაუწყეს ჩხუბი - ურტყამდნენ, შემდეგ კასტეტიც დაარტყეს, რის გამოც ძირს დავარდა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლისას იატაკზე იწვა, ცხვირი გატეხილი ჰქონდა და სისხლი სდიოდა. თავდამსხმელები თავზე ადგნენ და ქართულ ენაზე საუბრობდნენ, ბინაში დადიოდნენ და რაღაცას ეძებდნენ. მან დაინახა, რომ მისი პასპორტი, პლანშეტი, „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონები, ყავის აპარატი, ელექტროთვითმავალი, ფულადი თანხა აიღეს და წავიდნენ; კონკრეტულად რომელმა აიღო მისი კუთვნილი პასპორტი, არ იცის, რადგან მას საძინებელ ოთახში ინახავდა, ხოლო თვითონ მეორე ოთახში იწვა იატაკზე; როგორც ახსოვს, უფროსი იჭერდა, ხოლო უმცროსი, რომელსაც „კასტეტი“ ეჭირა, ურტყამდა. ცემის შედეგად შუბლი გაუტყდა, ასევე დაუზიანდა ცხვირიც. მისი განმარტებით, შემთხვევის დღემდე მათთან რაიმე სახის ურთიერთობა არ ჰქონია; სახლში ნივთებთან ერთად ინახავდა ფულად თანხას; მათ წაიღეს ფულადი თანხა, დაახლოებით 1000 ლარამდე. გამოკითხვისას გამომძიებელს მასზე რაიმე სახის ზეწოლა არ მოუხდენია. მაშინ უფრო კარგად ახსოვდა მომხდარის დეტალები, ვიდრე სასამართლოში დაკითხვისას. დაზარალებული არ დაეთანხმა დაცვის მხარის ვერსიას იმის თაობაზე, რომ მან ძმებისგან თანხა ისესხა ბინის ქირის გადასახდელად და განმარტა, რომ მათთვის არავითარი თანხა არ გამოურთმევია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა.

11. ამდენად, დაზარალებულმა ბ. მ-ა საკმაოდ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად გადმოსცა 2020 წლის 20 მარტს თავის სახლში განვითარებული მოვლენები. მან დაადასტურა, რომ ი. და გ. ბ-ს მანამდე არ იცნობდა და მათგან არანაირი თანხა არ უსესხია. აღნიშნა, რომ მას ისედაც ჰქონდა თანხა სახლში, რომელიც ი. და გ. ბ-ა წაიღეს. მან თანმიმდევრულად აღწერა ი. ბ-ის გაცნობის, მასთან ერთად სახლში ასვლის, ცოტა ხანში მათთან გ. ბ-ის მისვლის, მათთან ერთად ალკოჰოლური სასმლის მიღების, შემდეგ მათი მხრიდან ფულის მოთხოვნისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რა დროსაც მათ გამოიყენეს „კასტეტი“, რის გამოც ძირს დავარდა და გონება დაკარგა. როდესაც გონზე მოვიდა, დაინახა, რომ ბრალდებულებმა მისი პასპორტი, პლანშეტი, „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონები, ყავის აპარატი, ელექტროთვითმავალი, ფულადი თანხა, დაახლოებით 1000 ლარის ოდენობით აიღეს და წავიდნენ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ლოგიკური არგუმენტაცია, თუ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონოდა დაზარალებულს მსჯავრდებულების მიმართ და რატომ უნდა იყოს მოტივირებული, რომ მოხდეს ცრუ ბრალდებით მათი მსჯავრდება; მითუფრო, რომ ი. ბ-მ და გ. ბ-მ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადეს, რომ ისინი არ იცნობდნენ დაზარალებულს და მასთან არასდროს ჰქონიათ ურთიერთობა ან რაიმე კონფლიქტი; მხოლოდ ერთხელ, შემთხვევის დღეს შეხვდნენ მას და იქეიფეს. დაზარალებულის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტები თანმიმდევრული და დამაჯერებელია.

12. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია და შეესაბამება საქმეზე წარმოდგენილ ზეპირ თუ წერილობით მტკიცებულებებს - ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, პირადი ჩხრეკის ოქმებს, ბინის ჩხრეკის ოქმს, ობიექტის ამოცნობის ოქმს, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N.... და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გენეტიკური, სეროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნას.

13. დაზარალებულის ჩვენება სრულად შეესაბამება ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნას, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბ. მ-ს პირადი გასინჯვით აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღენთები ორივე თვალბუდის მიდამოში ცირკულარულად; სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის ლორწოვანში ცენტრალურად; ზედაპირული დაჟეჟილი ჭრილობა ცხვირის ზურგის მიდამოში. ნაჭდევი თხემ-კეფის მიდამოების საზღვარზე ცენტრალურად, მარჯვენა წინამხრის ზედა მესამედის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედის გარეთა და უკანა ზედაპირებზე. დაზიანებები განვითარებულია არიან რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით; თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე კასატორ მ. ა-ის მოსაზრებას მსჯავრდებულების - ი. ბ-ა და გ. ბ-ის ქმედებების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც თვითნებობის შემადგენლობას გამორიცხავდა.

15. უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან ნივთების წამოღების მიზანი და მოტივი იყო ნასესხები თანხის უკან დაბრუნება. საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებულებმა დაზარალებული გაიცნეს შემთხვევის დღეს. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო მართებულად აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ყოველგვარ დამაჯერებლობას და ლოგიკას არის მოკლებული იმ დღესვე გაცნობილ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აღმოჩნდა, რომ მალე აპირებდა ქვეყნის დატოვებას და მსჯავრდებულებისათვის ცნობილი არ იყო მისი ეკონომიკური შესაძლებლობები, ი. ბ-მ ასესხა 1200 ლარი, რომელიც იმავე დღეს, ქეიფის დასრულებისთანავე, უკან მოსთხოვეს.

16. მსჯავრდებულებისათვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მათ დაზარალებულებისაგან ნივთებთან ერთად წაიღეს ფულადი თანხა - 1200 ლარისა და 100 რუბლის ოდენობით. დაცვის მხარე ადასტურებს დაზარალებულებისაგან ნივთების წაღების ფაქტს, თუმცა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში არაფერი უთქვამს თანხის დაუფლებასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიუთითებს შემდეგს: თუ გავიზიარებთ იმას, რომ ი. ბ-მ დაზარალებულს ასესხა 1200 ლარი და ამავდროულად, მათ დაზარალებულისაგან წაიღეს ფულადი თანხა, მაშინ რა საჭიროებას წარმოადგენდა დამატებით ნივთების წაღება, ვინაიდან მსჯავრდებულებს მათ მიერ გასესხებული თანხა ფაქტობრივად ამოღებული ჰქონდათ.

17. მსჯავრდებულმა გ. ბ-მ დაადასტურა დაზარალებულის ბინიდან პასპორტის წაღების ფაქტი, თუმცა ეს ახსნა იმით, რომ დაზარალებული აპირებდა ქვეყნის დატოვებას და მათი ვალი რჩებოდა გაუსტუმრებელი, თუმცა შეკითხვაზე, თუ პასპორტის წაღება ნამდვილად ამ მიზანს ემსახურებოდა, მაშინ რატომ წაიღეს სხვა ნივთებიც, მსჯავრდებულებმა პასუხი ვერ გასცეს.

18. ამასთან, წინააღმდეგობრივია დაცვის მხარის მოთხოვნა ქმედების კვალიფიკაციის ნაწილშიც, რადგანაც, ერთი მხრივ, კასატორი არ უარყოფს მსჯავრდებულების მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს, თუმცა, მეორე მხრივ, ითხოვს მსჯავრდებულების ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც თავის მხრივ გამორიცხავს თვითნებობის ძალადობით განხორციელებას.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

20. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - ი. და გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი