საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№729აპ-22 ქ. თბილისი
გ-ი ზ-ა, 729აპ-22 19 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით ზ. გ-ი, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 7 წლით, ხოლო 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 11 ოქტომბრიდან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ზ. გ-მა სასჯელი უნდა მოიხადოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში – აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე (გამოჯანმრთელებამდე ან/და ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებამდე), რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით – შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ზ. გ-მა ჩაიდინა: გაუპატიურება; განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 5 ოქტომბრის 23:00 საათიდან იმავე წლის 6 ოქტომბრის დილის საათებამდე დროის პერიოდში დ-ის რაიონის სოფელ პ-ში, ნ. გ-ის საცხოვრებელ სახლში, ზ. გ-მა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი, აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, განზრახ მოკლა ნ. გ-ი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად. ზ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 11 ოქტომბრიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. გ-ი და ადვოკატი მ. ნ-ი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენის გაუქმებასა და ზ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი გიორგი კრავეიშვილი შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ადვოკატის საჩივარში მითითებულ საკითხებს ამომწურავი პასუხები გაეცა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივაციას საჩივარში მითითებული არგუმენტების უსაფუძვლობის თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №547აპ-18) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო, ოდოროლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზების დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კრებსები და სხვა მტკიცებულებები), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ზ. გ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
10. კასატორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ მსჯავრდებულის შერაცხადობაზე. სტაციონარული კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 2 თებერვლის №- დასკვნის მიხედვით, ზ. გ-ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის აშლილობით. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში, ზ. გ-ს განუვითარდა ფსიქიკის დროებითი აშლილობა, მწვავე და ტრანზიტორული ფსიქოზური აშლილობა – რეაქტიული ფსიქოზის სახით. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ზ. გ-ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის ან სხვა, არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო, არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე. ამდენად, განსახილველი შემთხვევის ჩადენისას ზ. გ-ი იყო შეზღუდული შერაცხადი, მას გაუმჯობესებული ჰქონდა მდგომარეობა, მოწმეთა ინფორმაციით, არ იღებდა ალკოჰოლს, ეხმარებოდა მეზობლებს, მუშაობდა სხვადასხვა სამსახურში (მათ შორის – იკავებდა საპასუხისმგებლო პოზიციას საგზაო სამსახურში) და იღებდა ანაზღაურებას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ზ. გ-ი სასჯელს იხდიდა არანებაყოფლობით ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებაში, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა გააგრძელა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებულის შეურაცხად მდგომარეობაში ყოფნის შესახებ უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობიდან (იხ. სუსგ №23აპ-20, №473აპ-17). საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორთა პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
12. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული ზ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა გარემოებებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე