საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004471351
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №932აპ-22 ქ. თბილისი
კ–ი ს., 932აპ-22 15 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ზაზა ქორიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ს. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 26 ნოემბრისა და 12 დეკემბრის ეპიზოდებში) წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი მოტივაციით: გასაჩივრებული განაჩენი ს. კ–ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში (2020 წლის 26 ნოემბრისა და 12 დეკემბრის ეპიზოდები) გამართლების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - მ. შ–სა და რ. მ–ს ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ს. კ–სის ბრალეულობა, მათ შორის - ბრალდების მითითებულ ეპიზოდებშიც.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს. კ–სს ბრალად ედება: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2020 წლის 26 ნოემბრისა და იმავე წლის 12 დეკემბრის ეპიზოდები); განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით.
ს. კ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ს. კ–სი თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ს. კ–სი ,,ამინისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, გათავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
- მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 12 დეკემბერს, თ–ში, სოფელ ფ–ში, გ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. კ–სმა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.3506 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, ერთ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება 300 ლარად უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
- ასევე, 2021 წლის 13 თებერვალს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ–ში, სოფელ ფ–ში, .....ის ქუჩა №..-ში არსებულ მშენებარე შენობა-ნაგებობაში ს. კ–სის პირადი, ხოლო შემდგომ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოიღეს მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული, 9,71 გრამი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, ექვს ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით.
- ასევე, 2020 წლის 26 ნოემბერს ქ. თ–ი, სოფელ ფ–ში, გ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. კ–სმა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,3179 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ერთ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება 300 ლარად უკანონოდ გაასაღა მიხეილ შავშიშვილზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ს. კ–სი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ,,ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2020 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდისთვის) წარდგენილ ბრალდებაში.
ს. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ,,ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2020 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. კ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.
მსჯავრდებულ ს. კ–სის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 13 თებერვლიდან.
ს. კ–სს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 (ოცი) წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ზაზა ქორიძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. კ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
- მსჯავრდებულ ს. კ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ვ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ზაზა ქორიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ს. კ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ვ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ს. კ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ,,ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, ,,ე’’ ქვეპუნქტებითა (2020 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ,,ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2020 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ს. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.
მსჯავრდებულ ს. კ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 13 თებერვლიდან.
ს. კ–სს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას ს. კ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 26 ნოემბრისა და 12 დეკემბრის ეპიზოდებში) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მითითებულ ეპიზოდებში, განსხვავებით ბრალდების 2021 წლის 13 თებერვლის ეპიზოდისა, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ:
9. აღნიშნულ ეპიზოდებში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მოწმე მ. შ–ს ჩვენება, რომელიც განმარტავს, რომ ს. კ–სმა მასზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მტკიცებულებებს: მოწმე რ. მ–ს ჩვენება ირიბი მტკიცებულებაა, ვინაიდან იგი შეიცავს მიხეილ შავშიშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით ფირზე დაფიქსირებული პირის, ვინმე „წ–ს“ იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია, შესაბამისად არ დგინდება, აღნიშნულ ვიდეოგრამაზე ასახული პირი არის თუ თუ არა ს. კ–სი; ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ვიდეოჩანაწერი არ არის ვარგისი საიდენტიფიკაციო კვლევისთვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით. ამდენად, არც წარმოდგენილ აუდიო ვიდეო-ჩანაწერში არ ჩანს და ვერც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, თუ ვისგან შეიძინა მ. შ–მა გამომძიებელთან წარდგენილი ნივთიერება; ამასთან, 2020 წლის 26 ნოემბერსა და 2020 წლის 12 დეკემბერს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების კუთვნილებისა და მასზე მსჯავრდებულ ს. კ–ის კავშირის დასადგენად არ ჩატარებულა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა; გარდა ამისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება იმ ტელეფონის ნომრის ს. კ–სათვის კუთვნილების ფაქტი, რომლის მეშვეობითაც, ბრალდების მხარის მოსაზრებით, იგი უკავშირდებოდა მ. შ–ს მობილურ ტელეფონზე, ვინაიდან, როგორც შპს „ს–დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, მართალია, დადგენილია, რომ 2020 წლის 12 დეკემბერს, 13:12:44 საათზე „ს–ს“ ქსელში ჩართული ტელეფონის ნომრიდან .........., მ. შ–ს მობილური ტელეფონის ნომერზე ........ განხორციელებულია ზარი, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულებით არ ირკვევა ტელეფონის ნომრის - ........ არც რეალური მფლობელი და ასევე არც ის, თუ იმწუთიერი კომუნიკაციის დროს ვინ სარგებლობდა ამ ნომრით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადატუსრდებოდა, რომ ს. კ–სმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 26 ნოემბრისა და 12 დეკემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე