საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.02.2023
საქმის ნომერი
2კ-851აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.02.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100121004951809

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №851აპ-22 ქ. თბილისი

ქ. მ. 851აპ-22 23 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ქ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.მ–ში, ა–ს ქუჩის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ქალიშვილ გ. ქ–სთან ურთიერთობის გამო გაბრაზებულმა მ. ქ–მა, მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დანის დარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა რ. ა–ს, კერძოდ: გულმკერდის წინა კედლის ღია, შემავალი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით, გულმკერდის მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, მარცხენა წინამხრის ნაკვეთი ჭრილობა. მ. ქ–ი კვლავ აპირებდა რ. ა–სათვის დანის დარტყმას, თუმცა ვერ მიიყვანა გადაწყვეტილება სისრულეში, ვინაიდან რ. ა–მა შეძლო გაქცევა და მისი გადარჩენა მოხერხდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

3.1. მ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე მ. ქ–ს 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

3.3. მ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 25 ივნისის 09:10 საათიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ქ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მ, რომელმაც მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენის გაუქმება, მ. ქ–ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, მისი ქმედების მუქარითა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით გაუფრთხილებლობით დაკვალიფიცირება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 28 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება;

5.1. მ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.2. საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე მ. ქ–სს 3 წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

5.3. მ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2021 წლის 25 ივნისის 09:10 საათიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განაჩენის გაუქმება, მ. ქ–სის გამართლება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მიერ მისი ქმედების დაკვალიფიცირება მუქარითა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით გაუფრთხილებლობით. კასატორი საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ მ. ქ–ის მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია, არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. მ–ს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განაჩენი.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, , no.36755/06, §31, ECtHR 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მ. ქ–ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაკვალიფიცირებას.

9. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2021 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ. ქ–ი და რ. ა–ი იმყოფებოდნენ ქ. მ–ში, ა–ს ქუჩის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მ. ქ–ს თან ჰქონდა ცივი იარაღი - დანა, ხოლო დაზარალებულმა რ. ა–მა მიიღო კონკრეტული დაზიანებები. მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა მ. ქ–მა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ქ–ს 19,108-ე მუხლით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრდების - განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის:დაზარალებულ რ. ა–ის, მოწმეთა: გ. ო–ს, ს. ა–ს, ე. ი–ს, ა. გ–ს, მ. გ–ს ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 3 აგვისტოს N....... სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის(ვითარების აღდგენის) ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. ქ–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაული. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობას საეჭვოს გახდიდა.

12. დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა, რომ მ. ქ–ს ჰქონდა რ. ა–ს სიცოცხლის მოსპობის განზრახვა და მან ჩაიდინა მხოლოდ მუქარა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

12.1. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ რ. ა–სა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებზე. დაზარალებულმა რ. ა–სმა განმარტა, რომ 2021 წლის 24 ივნისს, ქ. მ–ში, ს–ს წრესთან, რესტორან „ს–ში“ მეგობრებთან ერთად იყო საქეიფოდ. რესტორნიდან დაახლოებით 23:00 საათზე გამოვიდნენ. მეგობრებმა გამოაცილეს, მანქანა ქუჩის ბოლოს ჰყავდა გაჩერებული. როდესაც მანქანაში ჩაჯდა, უცებ იგრძნო ორი დარტყმა მკერდში, მანქანიდან გადმოხტა, მეგობრები, ვინც მანქანამდე მოიყვანა, იქვე ეგულებოდა, მათკენ გაიქცა, რა დროსაც დაინახა, რომ მ. ქ–ი დანით ხელში მისდევდა. იქვე მდგარ მანქანას რომ არ მოჰფარებოდა, მ. ქ–ი კიდევ დაარტყამდა დანას. მ. ქ–ი რომ გაეკიდა, 4-6 მეტრი გაირბინა, იქვე გაჩერებულ მანქანას რამდენიმე წრე შემოურბინა, მ. ქ–ი უკან მისდევდა. ამ დროს მისი მეგობრები მივიდნენ მანქანით, მათ მანქანაში ჩაჯდა და ასე დააღწია თავი. მსჯავრდებულ მ. ქ–ის რ. ა–სათვის გაკიდების ფაქტი დასტურდება მოწმეთა: ა. გ–ს, მ. გ–სა და ე. ი–ს ჩვენებებით, ქ. მ–ში, ნ–ს ქ. N..-ში მდებარე მაღაზია „თ–ს“ გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერებით. ა. გ–მა 2021 წლის 24 ივნისს დაინახა, რომ მოხუცი კაცი ვიღაცას მისდევდა, ის ბიჭი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, მოხუცი ბიჭს ეძახდა, გაჩერდიო, ის ბიჭი კი მირბოდა. ე.ი–ს ჩვენებით, როდესაც რ. ა–ი მანქანაში ჩაჯდა, მოხუცი კაცი(მ. ქ–სი) მანქანის კარის გაღებას ცდილობდა, მ. გ–ს განმარტებით, რ–ი ყვიროდა და მას ვიღაც მოხუცი კაცი მისდევდა დანით ხელში. როდესაც რენატი მანქანაში ჩასვეს, მანქანის კარის დახურვამდე იმ კაცს კიდევ უნდოდა დანის დარტყმა.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ. ქ–ს განზრახვა - ჩაედინა რ. ა–ს მკვლელობა - დასტურდება მის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობით, ლოკალიზაციით, ხარისხითა და სიმძიმით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნითა და ექსპერტ გ. ო–ს ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებულს მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით მიყენებული აქვს დაზიანება სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ისეთ მიდამოში, როგორიცაა გულმკერდის არე, კერძოდ, სამედიცინო საბუთების მონაცემებით, რ. ა–ს დაუდგინდა: გულმკერდის წინა კედლის ღია, შემავალი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით, გულმკერდის მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, მარცხენა წინამხრის ნაკვეთი ჭრილობა, ჰიპოვოლემიური შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მარცხენა წინამხრის ჭრილობა განვითარებულია რაიმე ბასრი კიდის მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სხვა დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ექსპერტის განმარტებით, რ. ა–ს დაახლოებით 2 ლიტრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, დაზიანება სიცოცხლისათვის სახიფათო იყო და რომ არ მომხდარიყო დროული სამედიცინო ჩარევა, პაციენტი დაიღუპებოდა.

14. მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნის გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. ქ–ს ქმედების ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გაუფრთხილებლობით (საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით) და მუქარით(საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით) კვალიფიკაციის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს კონფლიქტის ხანგრძლივობას და დინამიკას, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაციას, რაოდენობას, ასევე იმას, რომ დაზარალებული რ. ა–ი მეგობრების მანქანით გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, რითაც ხელი შეეშალა მ. ქ–ს, კვლავ მიეყენებინა მისთვის დაზიანებები და განზრახვა მოეყვანა სისრულეში.

15. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და მ. ქ–ს სასჯელის სახით დანიშნული 8 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად განუსაზღვრა სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით ( საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ( დანაშაულის ჩადენის დროს - 2021 წლის 24 ივნისს მოქმედი რედაქცია)), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე