საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100121004382374
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1068აპ-22 ქ. თბილისი
შ–ა კ., 1068აპ-22 21 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით კ. შ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 31 დეკემბერს, ღამის საათებში ზ–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფმა კ. შ–მ თავის არასრულწლოვან შვილებს - 2007 წელს დაბადებულ ქ. შ–სა და .... წელს დაბადებულ ჯ. შ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, კ. შ–მ არასრულწლოვან ქ. შ-ს თანდასწრებით ჯ. შ–ს დაარტყა ხელი სახეში, რის შემდეგაც ორჯერ დაარტყა ხელი სახეში ქ. შ–ს.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განაჩენით:
3.1. კ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. გამართლებულ კ. შ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
3.3. კ. შ–სსთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა - 1000 ლარი - ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, კ. შ–სს დამნაშავედ ცნობა 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის საქართველოს სსკ-ით დადგენილი წესით სასჯელის დანიშვნა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. შ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
9. არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა - ქ. შ–მ და ჯ. შ–მ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე კ. შ–სს (მამის) წინააღმდეგ. ჩვენების მიცემაზე უარი თქვა ასევე მოწმე ზ. შ–მ.
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს მოწმე ხ. ნ–ს ჩვენების და მის მიერ ზ-ს რაიონულ სამმართველოში შეტანილი წერილობითი შეტყობინების გაზიარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწმეს/განცხადების ავტორს - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ............ის რეგიონული ცენტრის სოციალურ მუშაკს ხ. ნ–ს - მართალია პირდაპირი კავშირი ჰქონდა დაზარალებულებთან, რომლებმაც დაადასტურეს მამის მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენა, თუმცა აღნიშნული მოწმე უშუალოდ ძალადობის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებია და მომხდარის შესახებ გადმოცემით იცის დაზარალებულებისაგან. შესაბამისად, მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
11. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, pat. 82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
12. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულების მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა არც ობიექტური და არც სუბიექტური კრიტერიუმით. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება კ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
13. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება“ (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par.54, ECtHR, 8/07/2021). “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
13.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 581 მუხლით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 23-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით არ ახდენს საქმის სრული მოცულობით გადასინჯვას საქმეში არსებული ყველა ფაქტების და მტკიცებულებების შეფასებას, რომელსაც ემყარებოდა განაჩენი. უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას, [ევროპული] სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის” (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე