დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.07.2023
საქმის ნომერი
7აგ.-2023
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142123700987816

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №7აგ-23 10 ივლისი, 2023 წელი

გ-ე გ, 7აგ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:

გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში;

გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით;

გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ის ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით;

გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით.

გ. გ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2020 წლის 23 ივნისიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი), სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ის ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით;

გ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2020 წლის 23 ივნისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით:

მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით:

მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენების გადასინჯვის შესახებ, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა - გ. გ-მ; კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას მისი შუამდგომლობა.

5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი საპროცესო ნორმებით დადგენილი, ორთვიანი ვადის დარღვევით არის გამოტანილი. კასატორი გ. გ-ე აღნიშნავს, რომ მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით არის უკანონო. მოსამართლეებმა, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება გამოიტანეს არ ითვალისწინებენ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის არგუმენტები, გააანალიზა კასატორის მოსაზრებები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის არცერთ საფუძველს.

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარში მითითებულ უმრავლეს პოზიციაზე საკასაციო სასამართლომ არაერთი განჩინებით უკვე იმსჯელა; მაგალითად, იმ ნაწილში, სადაც კასატორი უთითებს, რომ მისი მსჯავრდება (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით) არ ემყარება უტყუარი სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 8 თებერვლის №67აგ-21 განჩინებით გასცა პასუხი.

3. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის აბსოლუტურად ყველა ნაწილი, მისი განსხვავებული შინაარსის მიუხედავად, ეფუძნება ერთ, საერთო წესს, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობის ავტორმა/კასატორმა უნდა მიუთითოს ისეთი სახის გარემოებაზე, ფაქტზე, მტკიცებულებაზე თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უშუალოდ მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ცნობილი არ იყო და არის ახლად გამოვლენილი. განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მითითებული ფაქტები და მასალები კი ცნობილი იყო მისი სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს, წარმოდგენილი იყო საქმეში და ისინი უკვე შეფასებული აქვს საქმის განმხილველ პირველი ინსტანციისა და ზემდგომ სასამართლოებს.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორ გ. გ-ის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ მიესადაგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ არც ერთ საფუძველს და შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება - მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: ნ. სადნოძე

მ. გაბინაშვილი