საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2023
საქმის ნომერი
2კ-222აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003262641

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №222აპ-23 ქ. თბილისი

ი. გ. 222აპ-23 7 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ი-ს ინტერესების დამცველი ა-ს - ჯ. წ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ი-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 381-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ი-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული გ. ი., რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხუთი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2019 წლის 22 აგვისტოს, ქ. ბ-ში, გ-ს ქუჩაზე კვლავ მართავდა „აუდის“ მარკის ავტომობილს, სახ. სანომრე ნიშნით …;

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული გ. ი., რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხუთი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2019 წლის 9 სექტემბერს, ქ. ქ-ში, ა-ს ქუჩაზე კვლავ მართავდა „აუდის“ მარკის ავტომობილს, სახ. სანომრე ნიშნით …..

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით(გ. ი-ს დასწრების გარეშე):

3.1. გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი;

3.2. გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, გ. ი-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი;

3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით გ.ი-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თავისუფლების აღკვეთა 7 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 7 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000 ლარი;

3.5. მსჯავრდებულ გ. ი-ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავებიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გელა თებიძემ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ი-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ. ი-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ. წ-მ, რომელმაც მოითხოვა უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი.

4.2. დაცვის მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოითხოვა გ. ი-ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენით(გ. ი-ს დასწრების გარეშე) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.1. გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.1.1. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის ჯარიმა - 3000 ლარი;

5.1.2. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის ჯარიმა - 3000 ლარი;

5.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და გ. ი-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი;

5.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით გ. ი-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ.ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი;

5.4. მსჯავრდებულ გ. ი-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ უნდა იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ჯ. წ. ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენის გაუქმებას, ასევე - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენის გაუქმებას გ. ი-ს მიმართ.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები(მათ შორის, მოწმეების: ნ. ძ-ს, მ. ჭ-ს, ლ. ხ-ს, კ. უ-ს და ო. ბ-ის გამოკითხვის ოქმები, გ. ი-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენი და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ი-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

10. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენის გაუქმების შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გ. ი-ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები(მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება), რაც გამორიცხავს მის მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით გ.ი. გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლით ჩამოერთვა მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გ. ი. პრეზიდენტის განკარგულებით გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2016 წლის 27 ოქტომბერს. გ.ი. 2019 წლის 14 თებერვლის მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელის სახით კი განესაზღვრა 2000 ლარი ჯარიმა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). შესაბამისად, გ. ი-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე აღდგენილ უფლებას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს გ. ი-ს მიერ წარსულში(2019 წლის 22 აგვისტოსა და 2019 წლის 9 სექტემბერს) ჩადენილი დანაშაულის - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის - შემადგენლობაზე.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. „როდესაც ხდება ქმედების დეკრიმინალიზაცია ან სასჯელის შემსუბუქება, საფუძველი ეცლება გარკვეული დროით ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისთვის პასუხისმგებლობის ან უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრებას... პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, ამასთან, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მისაღწევად” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება “საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II - 64).

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამნისტიის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირის გათავისუფლების გაიგივება ქმედების დანაშაულებრიობასა და დასჯადობის გაუქმებასთან არასწორია. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით გ. ი-სათვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა, ვერ შეცვლის იმ გარემოებას, რომ გ. ი-მ არ შეასრულა 2015 წლის 22 სექტემბრის ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ვერ გახდის საეჭვოს იმ უდავო ფაქტს, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს და 2019 წლის 9 სექტემბერს, როდესაც გ.ი. მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, მის ქმედებებში გამოკვეთილი იყო საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის - შემადგენლობა, რომელზეც გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მომავალში გამოჩენილი ლმობიერება და მისთვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა.

15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ი-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

16. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენის გაუქმების შესახებ, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მითითებული განაჩენის კანონიერებაზე.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ჯ. წ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე