დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010140523900158469
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №371-23 ქ.თბილისი ღ–ი ა., №371-23 4 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. ღ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენით ა. ღ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ღ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ღ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი ა. ღ–ს მიმართ.
3.1. ა. ღ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3.2. გამართლებულ ა. ღ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ღ–ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (სასარჩელო მოთხოვნა: 1. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელე ა. ღ–ს სასარგებლოდ, მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, იძულებით აღსრულებული ჯარიმის ანაზღაურება 3060.20 ლარის ოდენობით; 2. დაევალოს თ. ბ–ს, მოსარჩელე ა. ღ–ს სასარგებლოდ, მის მიმართ განხორციელებული სისხლისამართლებრივი დევნის გამო, ზიანის ანაზღაურება 22000 ლარის ოდენობით).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით ა. ღ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ა. ღ–ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება.
6.1. აღნიშნული განჩინების თანახმად, ა. ღ–მა 2020 წლის 14 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თ. ბ–ს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების რამდენჯერმე დაზუსტების შემდეგ ა. ღ–მა მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის იძულებით აღსრულებული ჯარიმის 3060,20 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება, ასევე თ. ბ–სთვის ა. ღ–ს მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო ზიანის - 22 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით ა. ღ–ს საკასაციო საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას მის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამო, ასევე აღსრულებული ჯარიმის ანაზღაურებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ როგორც საქალაქო და სააპელაციო, ისე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ განხილული ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტისას მიიღეს არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილებები, დარჩა განუხილველად.
8. 2023 წლის 19 ივნისს ა. ღ–მა კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - დამატებითი საკასაციო საჩივრით, ხოლო 21 ივნისს - საჩივრით და მოითხოვა იგივე მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც განხილული და შეფასებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებაში. იმავდროულად ა. ღ–ი უთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ზედამხედველობა გაუწიოს ,,სამივე ინსტანციის ადმინისტრაციულ სასამართლოს ქმედებას“, ასევე საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას, როგორც სისხლს სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს ქმედება/განკარგულება.
9. საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, იმავდროულად, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) მე-300 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრეს და მკაფიოდ ადგენს, რომ საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. მოცემული ნორმის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების - განაჩენის კანონიერება; საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმეზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება; 314-ე მუხლის საფუძველზე - სააპელაციო სასამართლოს განაჩენი; ასევე - სააპელაციო სასამართლოს განჩინება სპეციალური კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში (მაგალითისთვის იხ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა კანონისმიერად არის მოკლებული ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში შესაბამისი სასამართლოების მიერ მიღებული აქტების გადასინჯვის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას არ აქვს უფლება განიხილოს საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებულ აქტებზე.
11. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 95-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლები (საქართველოს სსსკ-ის თავი XIII, შუამდგომლობა, საჩივარი და მათი განხილვის ზოგადი წესი), რომლებზეც უთითებს ა. ღ–ი არის ზოგადი დანაწესები/ნორმები, ხოლო ზოგადი და სპეციალური სამართლის ნორმების კონკურენციის შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური ნორმები (მოცემულ შემთხვევაში - საქართველოს სსსკ-ის 300 და 303-ე მუხლები, რომლებიც ადგენენ საკასაციო გასაჩივრების წესს, საკასაციო საჩივრის დასაშვეობის წინაპირობებს და საფუძვლებს). იმავდროულად, სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი მართალია ადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის უფლებას გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ა. ღ–ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ასაჩივრებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას - განჩინებას, რასაც არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ, რომლის გადასინჯვა სცდება საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კომპეტენციას.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ღ–ი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
14. იმავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ თუ ა. ღ–ის სურს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებული აქტის - განჩინების გასაჩივრება, მან უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ-საპროცესო კანონმდებლობით და მიმართოს ადმინისტრაციული წარმოებით განსაზღვრულ შესაბამის სუბიექტს და არა სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ღ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე