დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.07.2023
საქმის ნომერი
6აგ.-2023
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №6აგ-23 თბილისი

ქ-ი კ., 6აგ-23 7 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2023 წლის 20 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით კ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 24 აპრილისა და 2009 წლის 17 მარტის ეპიზოდები), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 5 იანვრის ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 5 იანვრის ეპიზოდი) – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2009 წლის 5 იანვრის ორი ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და კ. ქ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 14 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. იმავე განაჩენით დამტკიცდა 2011 წლის 21 სექტემბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს დ. ძ-სა და ბრალდებულ ზ.ა კ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ზ.ა კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2008 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) – ჯარიმა 4 000 ლარი, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 ლარი; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 24 აპრილის, 2009 წლის 17 მარტისა და 5 იანვრის (400 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) ეპიზოდები), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2009 წლის 17 მარტისა და 5 იანვრის (400 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) ეპიზოდები) – ჯარიმა 1 000-1 000 ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2009 წლის 5 იანვრისა (900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) და 2010 წლის ოქტომბრის ეპიზოდები) – ჯარიმა – 1 500-1 500 ლარი; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა (2009 წლის 5 იანვრის ეპიზოდი (900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე)) და 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2010 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ზ.ა კ-ას სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე ჯარიმა – 7 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზ.ა კ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 25 მაისიდან იმავე წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით კ. ქ-ი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელებისაგან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. 2023 წლის 10 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ადვოკატმა რ. კ-ამ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე მითითებით, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და კ. ქ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს ერთადერთი მტკიცებულება – ზ.ა კ-ას ჩვენება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით ადვოკატ რ. კ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა რ. კ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ: არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი („დ“ ქვეპუნქტი).

3. მოცემულ შემთხვევაში კასატორი კ. ქ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებას („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), რომლის თანახმად, მათ შორის – არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან (გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქცია) მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებები ვერ გახდება შუამდგომლობის დასაშვებად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით იმსჯელა და სამართლებრივი კუთხით შეაფასა, მათ შორის – გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის მტკიცებულების საკმარისობის საკითხი, კერძოდ: ზ.ა კ-ას ჩვენების გარდა, საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლია მტკიცებულებები – და დაკითხა მოწმეები. მითითებული მტკიცებულებები შესაბამისობაშია როგორც ზ.ა კ-ას ჩვენებასთან (ავსებს და ამყარებს მას), ისე – ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან.

5. რაც შეეხება შუამდგომლობის განხილვას ზეპირი მოსმენის გარეშე, საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 15 ივლისის N2/2/1428 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა სასამართლოს განსხვავებულ კომპეტენციაზე, გამოსაკვლევი საკითხების ხასიათიდან გამომდინარე (საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებზე), კერძოდ: ,,განაჩენის გადასინჯვის საფუძველთაგან უმეტესობა მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სააპელაციო სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალურსამართლებრივ საკითხებზე მსჯელობით ან კომპეტენტური ორგანოს მიერ უკვე დადგენილი ფაქტებისა და შუამდგომლობაში განვითარებული მსჯელობის ურთიერთმიმართების დადგენით. ასეთი მოცემულობა იქმნება, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოსათვის განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში. თუმცა, ამავდროულად, სადავო ნორმა მიემართება ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც სასამართლოს კომპეტენცია არ ამოიწურება მხოლოდ ფორმალურსამართლებრივ საკითხებზე მსჯელობით და გულისხმობს აგრეთვე ფაქტობრივი გარემოებების სასამართლოს მიერ გამოკვლევასა და დადგენას. ასეთია, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოსათვის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევა. აღნიშნული დებულების თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და, თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო“ (იხ. გადაწყვეტილების II-48-49 პარაგრაფები).

6. როგორც უკვე აღინიშნა, კასატორი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ პუნქტზე და არა – სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტზე (რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ახალ ფაქტთან, მტკიცებულებასთან, მის გამოკვლევასა თუ დადგენასთან). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შუამდგომლობის შემოწმებისას შუამდგომლობის განხილვა სასამართლოსგან მოითხოვდა ფაქტობრივი გარემოებების ზეპირი მოსმენით გამოკვლევასა თუ დადგენას და რომ გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი იყო სხდომის უშუალოდ მხარეთა მონაწილეობით გამართვა.

7. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინება კ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინება ადვოკატ რ. კ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე