საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100121004993439
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №339აპ-23 ქ. თბილისი
ჭ–ა ზ., 339აპ-23 21 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე მესტიის რაიონული პროკურორის რამაზ ხურციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მესტიის რაიონულმა პროკურორმა რამაზ ხურციამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ. ჭ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძვლებით: ზ. ჭ–სა მოქმედებდა ანგარების მოტივით, ხოლო განსახილველი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვლავ ახალი დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით, რაც მეტყველებს მსჯავრდებულის პიროვნებაზე; ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროს ზ. ჭ–სა იყო საჯარო მოხელე და სარგებლობდა მისი თანამდებობით, ასევე - ყალბ მართვის მოწმობას იყენებდა არასრუწლოვნების ტრანსპორტირებისათვის.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ზ. ჭ–სა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 4000 ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 4500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა ამ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ ზ. ჭ–ს განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა - სახელმწიფო სამსახურსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა - 1 წლით.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული სასჯელები განაჩენის გამოტანის მდგომარეობით აღსრულებულია.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჭ–მ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 20 ნოემბერს მ–ს რაიონის სოფელ ლ–ში ურთიერთშელაპარაკებისას, ზ. ჭ–სა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე. ჭ–ს, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- მესტიის რაიონის სოფელ ლახამულაში მცხოვრები ზ. ჭ–სა 2013 წლიდან, გამოყენების მიზნით, ინახავდა რ–ს ფედერაციაში 2013 წლის 20 მაისს დამზადებულ ყალბ მართვის მოწმობას N....., რომელიც გამოიყენა 2019 წლის 1 სექტემბერს ქ.ზ–ში, როდესაც შპს ,,.....-ის“ დირექტორთან სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურებაზე გააფორმა ხელშეკრულება.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესტიის რაიონულმა პროკურორმა რამაზ ხურციამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ ზ. ჭ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. ჭ–სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ და სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, კერძოდ, მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, რის შედეგადაც დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესის შესაბამისად, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მესტიის რაიონული პროკურორის რამაზ ხურციას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი