საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.09.2023
საქმის ნომერი
2კ-631აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100122005724661

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №631აპ-23 ქ. თბილისი

ლ-ე ლ, 631აპ-23 18 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ლ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი გენდერი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 25 მარტს, დილის საათებში, ქ. რ-ში, ს. მ-ა ქუჩის N...-ში, ლ. ლ-მ გენდერის ნიშნითა და შეუწყნარებლბის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი შვილის, 2009 წელს დაბადებული ბ. ლ-ის თანდასწრებით იძალადა ყოფილ მეუღლეზე - თ. მ-ზე, კერძოდ, თვლიდა, რომ დაშორების მიუხედავად უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს მისულიყო და ნივთები ანდა ფულადი თანხა მოეთხოვა თ. მ-ის, უთხრა, რომ ამჯერად უნდა წაეღო ტელევიზორი და ტელეფონი, უარის მიღების გამო უწოდა მახინჯი და მათხოვარი, ორივე ხელი მოუჭირა ყელზე ძლიერად და უთხრა, რომ დაახრჩობდა და ნივთებს მაინც წაიღებდა, რა დროსაც თ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 21 მარტს, ღამის საათებში, ქ. რ-ში, ს. მ-თა ქუჩის N...- ში, ლ. ლ-მ გენდერის ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე, კერძოდ, თვლიდა, რომ დაშორების მიუხედავად უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს მისულიყო და ნივთები ან ფულადი თანხა მოეთხოვა თ. მ-ის, მოსთხოვა მას 1500 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ბინისა და მანქანის დაწვით. ქონების დაზიანების მუქარა თ. მ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში, რითაც საკუთარ თავზე განიცადა მისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ლ. ლ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2.2. ლ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა, 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელიდან გადაუხდელი ნაწილი - ჯარიმა 10000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 5 აპრილიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ლ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2022 წლის 25 მარტს, დილის საათებში, ქ. რ-ში, ს. მ-ა ქუჩის N...-ში, ლ. ლ-მ გენდერის ნიშნითა და შეუწყნარებლბის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი შვილის, 2009 წელს დაბადებული ბ. ლ-ის თანდასწრებით იძალადა ყოფილ მეუღლეზე - თ. მ-ზე, კერძოდ, თვლიდა, რომ დაშორების მიუხედავად, უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს მისულიყო და ნივთები ანდა ფულადი თანხა მოეთხოვა თ. მ-ის; უთხრა, რომ ამჯერად უნდა წაეღო ტელევიზორი და ტელეფონი, უარის მიღების გამო უწოდა მახინჯი და მათხოვარი, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე და უთხრა, რომ დაახრჩობდა და ნივთებს მაინც წაიღებდა, რა დროსაც თ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენით:

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.2. ლ. ლ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4.3. ლ. ლ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

4.4. ლ. ლ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენაზე მითითება.

4.5. ლ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 10000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 10000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 5 აპრილიდან.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ლ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 18 და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

5.1. 2022 წლის 25 მარტს, დილის საათებში, ქ. რ-ში, ს. მ-თა ქუჩის N...-ში ლ. ლ-მ იძალადა ყოფილ მეუღლეზე - თ. მ-ზე, კერძოდ, ორივე ხელი მოუჭირა ყელზე ძლიერად, რა დროსაც თ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

6. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ლ. ლ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივებს ლ. ლ-ის საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და ასევე მისი ქმედების სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ეპიზოდში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ:

11. საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების უკანონო შეზღუდვა არის პირის ფსიქიკური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებაც და შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ობიექტურ მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს უკანონო. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში. ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებით ადამიანს აიძულებენ შეასრულოს გარკვეული მოქმედება ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამ მუხლის შემადგენლობა სახეზეა, როდესაც პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელებაც ან რომლისგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, ანუ მისი გადასაწყვეტია. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია იმის მიუხედავად მიღწეული იქნება თუ არა შედეგი, ანუ შეასრულებს თუ არა პოტენციური დაზარალებული დამნაშავისათვის სასურველ ქმედებას. იძულების ამსრულებელია ყოველი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.

12. დაზარალებულმა თ. მ-მა და არასრულწლოვანმა მომწმემ ბ. ლ-მ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ლ. ლ-ის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

13. უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრება, რომლის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება, საქმეში არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, კერძოდ, წერილობითი მტკიცებულებები, დაკითხული მოწმეების ჩვენებები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ადასტურებენ ლ. ლ-ის მიერ იძულების ჩადენას.

14. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემაკავებელი ორდერში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნასა და კასატორის მიერ მითითებულ წერილობით დოკუმენტებში გადმოცემული ინფორმაცია შეეხება 2022 წლის 25 მარტის ფაქტს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ლ. ლ-ს წარდგენილი ჰქონდა ბრალდება 2022 წლის 21 მარტის ფაქტთან დაკავშირებით. მოწმის სახით დაკითხული პირები - ლ. მ-ი, ს. ც-ე და ნ. ღ-ი ინფორმაციას (დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმისგან) ფლობენ 2022 წლის 25 მარტს ჩადენილ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას 21 მარტის ეპიზოდზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მაიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. ლ-ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულების ჩადენა.

15. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათიით, N.. შემაკავებელი ორდერით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების - ბ. მ-ის, ლ. მ-ის, ს. ც-ის, ნ. ღ-სა და თავად მსჯავრდებულის ჩვენებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ლ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა,16. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულის ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ აღნიშნული არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობის თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ მოწმეები - ლ. მ-ი, ს. ც-ძე და ნ. ღ-ი და მათთვისაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა დაზარალებულ თ. მ-სა და მოწმე ბ. ლ-ნ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ანუ მათი ჩვენებები ამ ნაწილში ირიბია. დაზარალებულმა თ. მ-მა და მოწმე ბ. ლ-მ კი სასამართლოს არ მისცეს ჩვენება და მოწმეთა მიერ ჩვენებაში გადმოცემული აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება სხვა რაიმე მტკიცებულებით, ისევე როგორც არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ძალადობის ჩადენას გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი