საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.09.2023
საქმის ნომერი
2კ-637აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003290677

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №637აპ-23 ქ. თბილისი

ა-ი ჯ, 637აპ-23 18 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ზვიად ფხაკაძისა და მსჯავრდებულ ჯ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენით:

1.1. ჯ. ა-ი, - დაბადებული ... წლის .. დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 24 ოქტომბრიდან

1.2. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ა-ა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 24 ოქტომბერს, 18:55 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ მეორე ქ-ში, თ-ი-წ-ის 52-ე კილომეტრზე ჯ. ა-ი პირადად ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას - 362,3654 გრამ „ჰეროინს“.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ჯ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მეშვიდე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ჯ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 10 წელი და საბოლოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 24 ოქტომბრიდან.

3.3. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. კასატორმა - პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

4.1. მსჯავრდებულ ჯ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მა შესაგებლით მოითხოვა პროკურორ ზვიად ფხაკაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4.2. კასატორმა - მსჯავრდებულ ჯ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენის გაუქმება და ჯ. ა-ს გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

7. საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჯ. ა-ის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში ჯ. ა-ის ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, პატაკი, პირადი ჩხრეკის ოქმი, დაკავების ოქმი, მოწმეების - ა. ზ-ს, ს. შ-ის, ზ. ვ-სა და სხვათა ჩვენებები, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური საშულებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის N... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აბსტრაქტულად იმის მტკიცება, რომ პოლიციელთა, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა, ჩვენებები ყველა შემთხვევაში არის სუბიექტური, დაუსაბუთებელია. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N262აპ-17 განაჩენი; N355აპ-20 განაჩენი; N658აპ-20 განჩინება; განაჩენი). მოცემულ შემთხვევაში, მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, არ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება.

9. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ა-ის მოქალაქე ჯ. ა-ი გადაადგილდებოდა სასაზღვრო გამშვები პუნქტ „წ-ან“ თ-ის მიმართულებით შავი ფერის ავტომანქანა „კრაისლერით“, აზერბაიჯანული სანომრე ნიშნით .... და პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციისა და ა. ზ-ს გამოკითხვის ოქმის საფუძველზე, დეტექტივ-გამომძიებელმა ს. შ-მ მიიღო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის წესით ჯ. ა-ის პირადი ჩხრეკის თაობაზე. ნათელია, რომ ოპერატიული ინფორმაციის შინაარსი არის საკმარისად დაზუსტებული და შეიცავს კონკრეტულ დეტალებს, რაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებისათვის საკმარისი იქნებოდა მითითებულ გარემოებათა მიხედვით დანაშაულის აღკვეთისა და გამოვლენისათვის. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა - ა. ზ-მ, ს. შ-მ, ზ. ვ-მა და ბ. ა-მა დეტალურად გადმოსცეს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შინაარსი და ამის შემდგომ სამართალდამცავი უწყების მიერ გატარებული სათანადო სამართლებრივი პროცედურები. მოწმეებმა - ს. შ-მ, ზ. ვ-მა და ბ. ა-მა დეტალურად აღწერეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჯ. ა-ის პირადი ჩხრეკის დეტალები და სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითეს, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჯ. ა-ი, რომელსაც სავარაუდოდ უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება, გადაადგილდებოდა ავტომანქანით. გადმოსვლისას ჯ. ა-ს ხელში თეთრი პარკი ეჭირა. მას თარჯიმნის თანდასწრებით განემარტა, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, იგი გაეცნო დადაგენილებასაც, რის შემდეგაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს პარკი, რომელშიც კიდევ ერთი პარკი იყო მოთავსებული, ხოლო მასში - მოყავისფრო ნივთიერება, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები თანხვდენილია საქმეში არებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ხ. გ-მა, რომლის განმარტებით, ჯ. ა-ს ჩხრეკა ჩატარდა მანქანასთან, მას ხელში ჰქონდა პარკი და მისგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება. იგივე გარემოებებია ასახული ჯ. ა-ის პირადი ჩხრეკის ოქმში.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პოლიციელებმა დაადასტურეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ პირადი ჩხრეკის ოქმში მართლაც არ ასახეს ჯ. ა-ან ამოღებული ყველა პირადი ნივთი, მათ შორის - ფულადი თანხა და ასე მოიქცნენ იმ მოსაზრებით, რომ ეს ნივთები არ შეიცავდნენ საქმისათვის საჭირო ინფორმაციას (არ ჩავთვალეთო საჭიროდ). პოლიციელთა ასეთი ქმედებით იგნორირებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები დაწვრილებით უნდა აღიწეროს, დაილუქოს და შეძლებისდაგვარად შეიფუთოს. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ მართალია, სახეზეა საპროცესო დარღვევა, მაგრამ იგი პირადი ჩხრეკის ოქმის, როგორც მტკიცებულების, შეფასებისას არ უნდა იქნეს მიჩნეული არსებით დარღვევად, ვინაიდან სასამართლოს არ აქვს არავითარი საფუძველი, ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმის შინაარსში იმასთან დაკავშირებით, რომ პირადი ჩხრეკისას ჯ. ა-ან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ოქმში აღნიშნულია, რომ ჯ. ა-ის პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, შავი ფერის სახელირებით, წარწერით „COLINS“, რომელშიც მოთავსებული იყო ასევე თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი მოწითალო წარწერით „IVANOVKA-BAGLAR”, რომელშიც ასევე მოთავსებული იყო გამჭირვალე პოლიეთილენის პარკი მასში მოთავსებული მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე გაურკვეველი ნივთიერებით ნატეხების, გრანულების და ფხვნილის სახით. ამოღებული ნივთები მოთავსდა მოყავისფრო პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის N2 ლუქით, რაზედაც გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები და დაისვა თარიღი, ასევე სისხლის სამართლის საქმის ნომერი. უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერება კანონით დადგენილ ვადაში შემოწმდა შესაბამის პროცესუალურ ეტაპზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ჯ. ა-ის პირადი ჩხრეკა ჩატარებულია საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, ჩხრეკის ჩატარებისას და მისი საპროცესო გაფორმებისას არ ყოფილა დაშვებული კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევები. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარეს აღნიშნული განჩინება არ გაუსაჩივრებია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილების, ჯ. ა-ის პირადი ჩხრეკის ოქმისა და დაკავების ოქმის ბოლოს თარჯიმან ხ. გ-ის მიერ შესრულებული მინაწერი და სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება ეჭვგარეშე ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ ჯ. ა-ს თარჯიმნის მიერ ეთარგმნა დადგენილება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ასევე ჩხრეკის ოქმი და დაკავების ოქმი, თუმცა ჯ. ა-მა უარი განაცხადა დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე.

12. ჯ. ა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერების სახეობისა და ზუსტი წონის დადგენის მიზნით დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა ერთი მოწითალო-ვარდისფერი პოლიეთილენის პაკეტი, თავმოკრული თეთრი ფერის ძაფით. ძაფი გაყრილია მუყაოს ნაჭერში, რომელზეც აღინიშნება - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი N2“. ქაღალდის ერთი გერბიანი ლუქი. ლუქზე აღინიშნება ხელმოწერები და წარწერა: „24.10.2019. 042241019001“. პაკეტისა და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ, ჯ. ა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ თეთრი ფერის ორნამენტებიან პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებულ, მთლიანობადარღვეულ უფერო გამჭირვალე პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო, სხვადასხვა ზომის გუნდებად შეკრული ფხვნილისებრი ნივთიერება ფხვნილთან ერთად, წონით 850,3656 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშულება „ჰეროინს“, წონით 362,3654 გრამი.

13. ზემომითითებულ მტკიცებულებებთან სრულადაა თანხვდენილი და დაცვის მხარის ვერსიას ეწინააღმდეგება მოწმე რ. ზ-ის ჩვენება, ასევე მოწმეების - ო. ს-ის და ა. ი-ის გამოკითხვის ოქმებში ასახული გარემოებები. საგულისხმოა, რომ ხსენებული პირები მსჯავრდებულ ჯ. ა-ან ერთად შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ ერთ ავტომანქანაში.

14. მოწმეების - ო. ს-ის და ა. ი-ის ჩვენებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რაზედაც აპელირებს ადვოკატი ნ. მ-ი, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსგავსად, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს ხსენებული პირები მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან არ მოუხსნია და ო. ს-სა და ა. ი-ის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ საფუძვლით, რომ ისინი ს-ში არ იმყოფებოდნენ, რაც დასტურდება საზღვრის კვეთის შესახებ ცნობებით. მეორეც, საგულისხმოა, რომ ხსენებული პირები დაცვის მხარესაც ჰყავდა შეყვანილი დასაკითხ პირთა სიაში და მას სასამართლომ მისცა შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე მათი დისტანციური დაკითხვა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, თუმცა დაცვის მხარეს აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია.

15. დაცვის მხარე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჯ. ა-ის მსჯავრდებასთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ როგორც მოწმეებმა - ს. შ-მ, ზ. ვ-მა და ბ. ა-მა ჩვენების მიცემისას განმარტეს, 2019 წლის 24 ოქტომბერს, დილიდან 18:00 საათამდე იმყოფებოდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტ „წ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ელოდებოდნენ ჯ. ა-ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ა-ის რეპუბლიკიდან ს-ში შემოტანას. მათ ჩვენებებს კი ეწინააღმდეგება გამომძიებელ ა. ზ-ის ჩვენება, რომლის თანახმადაც ოპერატიული ინფორმაცია ჯ. ა-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის შესახებ მიიღო დღის მეორე ნახევარში. გარდა ამისა, კასატორი უთითებს, რომ ჯ. ა-ი 16:58:29 საათზე ს-ში შემოსვლისთანავე იმიტომ არ დააკავეს, რომ ასეთ შემთხვევაში დადასტურდებოდა მისი უდანაშაულობა. ადვოკატის მოსაზრებით, პოლიციელები ჯ. ა-ს იმიტომ არ მიუახლოვდნენ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ვიდეოკამერებია განთავსებული და შეუმჩნევლად ვერ მოახერხებდნენ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებას. ამიტომ აცალეს, რომ დაეტოვებინა საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორია და იგი თანმხლებ პირებთან ერთად შეაჩერეს ვიდეოკამერებით გაუკონტროლებელ ადგილზე, სადაც მიეცათ მოქმედების სრული თავისუფლება - პირადი ჩხრეკის ოქმში დაეფიქსირებინათ ჯ. ა-ნ ნარკოტიკული საშუალების თითქოსდა ამოღება.

16. კასატორის მიერ საჩივარში წარმოდგენილ ამ პოზიციას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარე მსჯავრდებულს არც ედავებოდა ნარკოტიკული საშუალების ს-ოს ტერიტორიაზე შემოტანას. პოლიციელებმა - ს. შ-მ, ზ. ვ-მა და ბ. ა-მა მართლაც დაადასტურეს, რომ მითითებულ დღეს დილიდან პატრულურებდნენ ს-ოს სახელმწიფო საზღვართან, საბაჟო გამშვებ პუნქტზე. მათი უმოქმედობა ჯ. ა-ის ს-ოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას სწორედ იმით უნდა აიხსნას, რომ ამ დროს მისთვის რაიმე ისეთი ნივთი არ შეუნიშნავთ, რასაც საეჭვოდ მიიჩნევდნენ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გამომძიებელმა ა. ზ-მ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო ჯ. ა-ს ს-ოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ (ჯ. ა-ი ს-ოს ტერიტორიაზე შემოვიდა 16:58:29 საათზე, ხოლო ოპერატიული ინფორმაცია მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის შესახებ მიღებული იქნა 18:35 საათზე). ა. ზ-ის მიერ მიღებული ინფორმაცია, როგორც აღინიშნა, შეეხებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვას და მას არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ვერსიასთან. შესაბამისად, დილიდან საბაჟო გამშვებ პუნქტთან მყოფი პოლიციელების ჩვენების შინაარსი არ ეწინააღმდეგება გამომძიებელ ა. ზ-ის ჩვენებას. ა. ზ-ის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღება და მასზე სათანადო რეაგირება არ უკავშირდებოდა მანამდე საბაჟო გამშვებ პუნქტზე პოლიციელთა ყოფნას.

17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე კასატორ ნ. მ-ის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ ჯ. ა-ი გაურკვეველი მიზეზით არ ესწრებოდა 2020 წლის 27 მაისის სხდომას და მას არ მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო მოწმე ხუდავერდი გუსეინოვის დაკითხვაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დაცვის მხარის ამ მოსაზრებაზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და მისი გამეორება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

18. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნის შინაარსზე, რომლის თანახმად, თითოეულ საკვლევ ობიექტზე ალაგ-ალაგ აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები სხვადასხვა ზომის ფრაგმენტებისა და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს მსჯავრდებულ ჯ. ა-ის შემხებლობას საკვლევ ობიექტებზე. ზოგადად ნივთ(ებ)ზე, რომელსაც კონკრეტული პირი ინახავს, რიგ შემთხვევებში სრულიად შესაძლებელია, საერთოდ არ დარჩეს მისი ხელის კვალი. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისად მიაჩნია დასკვნისათვის, რომ ჯ. ა-ი ნამდვილად ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას.

19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენასა და საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).

20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ჯ. ა-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას.

21. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს - 10 წლით თავისუფლების აღკვეთას (რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შემცირდა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამდე) - საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე - საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ზვიად ფხაკაძისა და მსჯავრდებულ ჯ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი