დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802223007521374
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№41I-23 ქ. თბილისი
ბ. ა. მ., 41I-23 28 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა. ბ-ს (M. A. B.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა. ბ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2010 წლის პირველ დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონულმა საჯარო მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის მიხედვითაც მ. ა. ბ-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური საბუთის გაყალბება), ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“, „ჰ“ ქვეპუნქტებითა და 37-ე მუხლთან ერთობლივად 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თაღლითობა ჩადენილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
2015 წლის 19 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული სისხლის სამართლის უმაღლესმა სასამართლომ გამოსცა მ. ა. ბ-ს დაკავების ბრძანება.
2011 წლის 15 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონულმა საჯარო მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის მიხედვით, მ. ა. ბ-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური საბუთის გაყალბება) და 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
2011 წლის 4 ოქტომბერს ფ-ს რაიონული სისხლის სამართლის უმაღლესმა სასამართლომ გამოსცა მ. ბ-ს დაკავების ბრძანება.
2012 წლის 23 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონულმა საჯარო მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის მიხედვით, მ. ბ-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური საბუთის გაყალბება) და 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
2012 წლის 27 ნოემბერს ფ-ს რაიონულმა სისხლის სამართლის უმაღლესმა სასამართლომ გამოსცა მ. ბ-ს დაკავების ბრძანება.
2013 წლის 12 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ო-ს რაიონულმა საჯარო მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის მიხედვით, მ. ბ-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოფიციალური საბუთის გაყალბება) და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოტყუებით სხვისი ქონების დაუფლება თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის მიღების მიზნით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
2014 წლის 17 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ა.-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის მიხედვით, მ. ბ-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება) და 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2015 წლის 3 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ა.-ს რაიონულმა სისხლის სამართლის საქმეთა მძიმე დანაშაულის სასამართლომ გამოსცა მ. ბ-ს დაკავების ბრძანება.
2015 წლის 2 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონულმა საჯარო მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის მიხედვით, მ. ბ-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), 210-ე მუხლით (თამასუქის გაყალბება), 37-ე მუხლთან ერთობლივად 210-ე მუხლით (თამასუქის გაყალბება, ჩადენილი ჯგუფურად), 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“, „ჰ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 37-ე მუხლთან ერთობლივად 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ფ“, „ჰ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2015 წლის 17 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონულმა სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა მ. ბ-ს დაკავების ბრძანება;
2015 წლის 27 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ე-ს რაიონულმა რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის მიხედვით, მ. ბ-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური საბუთის გაყალბება), 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 325-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ დასმენა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
2016 წლის 12 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონულმა სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა მ. ბ-ს დაკავების ბრძანება.
2015 წლის 24 დეკემბრიდან მ. ბ. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
2010 წლის პირველი დეკემბრის საბრალდებო აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის თებერვლამდე პერიოდში, მ. ა. ბ. თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აყალბებდა უნაღდო ანგარიშსწორების ჩეკებს, შემდეგ აღნიშნულ ჩეკებს კონკრეტული პროდუქციის შეძენის სანაცვლოდ გადასცემდა სხვადასხვა პირს, რითაც ახდენდა მათ მიმოქცევაში გაშვებას და თაღლითურად ეუფლებოდა დაზარალებულთა კუთვნილ ქონებას, კერძოდ: მ. ბ., ნ-სთან ერთად, ახორციელებდა შპს. „....“ ხელმძღვანელობას. აღნიშნული საქმიანობის პერიოდში მ. ბ-მ თანამზრახველებთან ერთად, ს. ბ-სგან შეიძინა ბროწეული და 8 610 თურქული ლირის ოდენობის ანგარიშსწორებისთვის მას გადასცა კომპანიის სახელით გამოწერილი ყალბი ჩეკი. ს. ბ-მ ასანაზღაურებლად ჩეკი წარადგინა ბანკში, თუმცა, იმის გამო, რომ ჩეკზე არსებული ხელმოწერა და ბანკში რეგისტრირებული ხელმოწერები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ბანკმა არ განახორციელა ოპერაცია, რის შედეგადაც დაზარალებულს მატერიალური ზიანი მიადგა. აღნიშნულის შემდეგ, ნ-მ მ. ბ-ს დავალებით, კომპანიის სახელზე გამოცემული 19 953 თურქული ლირის ოდენობის ყალბი ჩეკი გადასცა შ-ს, რათა ამ უკანასკნელს ციტრუსების ნასყიდობის სანაცვლოდ ჩეკი გადაეცა დაზარალებულისთვის. დაზარალებულმა ვერ შეძლო ფულადი თანხის განაღდება, ვინაიდან ჩეკი ყალბი იყო და შესაბამისად მას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2011 წლის 15 ივნისის საბრალდებო აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები:
მ. ა. ბ. მუშაობდა კომპანია შპს „...“ დირექტორის თანამდებობაზე. ა. ბ., აგრეთვე მუშაობდა შპს „....“ ფინანსბანკის ლ./ფ.-ს ფილიალის სამმართველოში, სადაც მას ჰქონდა შესაბამისი ანგარიში. 2009 წლის სექტემბერში ა. ბ. შეუთანხმდა ჰ. ქ-ს, რომ ამ უკანასკნელისგან შეისყიდიდა ბროწეულს, რაშიც უნდა გადაეხადა 9 000 თურქული ლირა - ნაღდი ანგარიშსწორებით. 2010 წლის იანვარში ა. ბ-მ გააყალბა 4 700 თურქული ლირის ღირებულების ჩეკი და ყალბი ჩეკი თანამზრახველების მეშვეობით გადასცა ჰ. ქოიუნჯუს, რომელსაც შეჰპირდნენ, რომ ფულადი თანხის დარჩენილ ნაწილს გადასცემდნენ რამდენიმე დღეში, თუმცა, შემდეგ მისთვის ფული აღარ გადაუხდიათ. ჰ. ქ-მ ჩეკი გასანაღდებლად გადასცა ბ. ბ-ს, რომელმაც აღნიშნული ჩეკი წარადგინა ბანკში თანხის განაღდების მიზნით, თუმცა, ბანკმა არ მოახდინა ჩეკის ღირებულების გადახდა, ვინაიდან აღნიშნული ჩეკი იყო ყალბი.
2012 წლის 23 ივლისის საბრალდებო აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები:
ა. თ. გ-ს ა-ს რაიონში არსებულ კომპანია „...“ გარკვეული თანხა ჰქონდა ასაღები. მ. ა ბ-ს კი აღნიშნულ კომპანიის მიმართ ჰქონდა დავალიანება. „...“ უფლებამოსილმა პირმა ა. გ-ს შესთავაზა ასაღები თანხის ნაწილის მ. ბ-სგან აღება. აღნიშნულზე ა. გ. ტელეფონით დაუკავშირდა მ. ბ-ს და შეუთანხმდა, რომ მ. ბ. მას გაუგზავნიდა 170 000 თურქული ლირის ღირებულების ჩეკს. მ. ბ-მ კომპანია შპს „...“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ა. გ-ს გაუგზავნა ოთხი ცალი ყალბი ჩეკი, რომლებიც გაფორმებული იყო 2009 წლის დეკემბრიდან - 2010 წლის მარტამდე პერიოდში და რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენდა - 170 000 თურქულ ლირას. დაზარალებულმა ვერ შეძლო აღნიშნული ჩეკების განაღდება, რის გამოც მას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2013 წლის 12 ნოემბრის საბრალდებო აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 12 ოქტომბერს, მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ, მ. ა. ბ-მ დაზარალებულს გადასცა 20 000 თურქული ლირის ღირებულების ყალბი ჩეკი, რომლის განაღდებაც არ იყო შესაძლებელი. შესაბამისად, დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2014 წლის 17 თებერვლის საბრალდებო აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები:
მ. ა. ბ-მ მ. ქ-სგან 2009 წლის აგვისტოსა და სექტემბერში შეიძინა ყურძენი. მ. ბ-ს ფირმის წარმომადგენელმა მ. ქ-ს 8 000 თურქული ლირა წინასწარ გადაუხადა, შეძენილი ყურძნის საფასურის დარჩენილი ნაწილისთვის კი მ. ბ-მ 2010 წლის 30 იანვარს ჯ. და მ-ს სავაჭრო ობიექტების დახმარებით მ. ქ-ს 32 000 თურქული ლირის ოდენობის ყალბი ჩეკი გამოუწერა. გარდა ამისა, ჩეკის დაზარალებულისთვის გადაცემის მომენტისთვის მ. ბ-სთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული ჩეკით თანხის განაღდება არ იყო შესაძლებელი. შესაბამისად, მ. ქ-მ ვერ მიიღო მ. ბ-ს მიერ მისგან შეძენილი ყურძნის საფასური, რის შედეგადაც მიადგა დიდი ოდენობით მატერიალურ ზიანი.
2015 წლის 2 მარტის საბრალდებო აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები:
2009-2010 წლებში მ. ბ-მ და მისმა თანამზრახველებმა გააყალბეს საბანკო ჩეკები, რომლებიც მათ გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელით შეძენილი საქონლის ანაზღაურების მიზნით, გადასცეს დაზარალებულებს, რითაც მიაყენეს, ჯამურად - 688 730 თურქული ლირის მატერიალური ზიანი.
2015 წლის 27 აპრილის საბრალდებო აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის ოქტომბერში, მ. ბ-მ შესყიდული ბოსტნეულის საფასურის ანაზღაურების მიზნით, მ. ჩ-ს და ო. ბ-ს გადასცა 8 860 თურქული ლირის ღირებულების ყალბი ჩეკი. დაზარალებულებმა ვერ შეძლეს აღნიშნული ჩეკის განაღდება, რის შედეგადაც მიადგათ 8 860 თურქული ლირის მატერიალური ზიანი. ამასთან, მ. ბ-მ თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ ყალბ ჩეკზე იყო არა მისი, არამედ სხვა, მესამე პირის ხელმოწერა, თუმცა, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ხელმოწერა ეკუთვნის მ. ბ-ს.
3. მ. ა. ბ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2016 წლის 16 თებერვალსა და 2016 წლის 18 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა მ. ა. ბ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.
2016 წლის 11 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ბ..
2016 წლის 13 აპრილს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. ბ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 50 000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2016 წლის 20 აპრილს.
4. 2023 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა მ. ა. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:
1.1. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2010 წლის პირველ დეკემბერს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“, „ჰ“ ქვეპუნქტებითა და 37-ე მუხლთან ერთობლივად 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თაღლითობა ჩადენილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში);
1.2. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2011 წლის 15 ივნისს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში);
1.3. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2012 წლის 23 ივლისს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში);
1.4. თურქეთის რესპუბლიკის ო-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 12 ნოემბერს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოტყუებით სხვისი ქონების დაუფლება თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის მიღების მიზნით);
1.5. თურქეთის რესპუბლიკის ა-ს რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2014 წლის 17 თებერვალს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში);
1.6. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 2 მარტს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“, „ჰ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 37-ე მუხლთან ერთობლივად 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ფ“, „ჰ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში);
1.7. თურქეთის რესპუბლიკის ე-ს რაიონული რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 27 აპრილს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
დაუშვებლად იქნეს ცნობილი მ. ა. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია:
2.1 თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2010 წლის პირველი დეკემბერს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით (ოფიციალური საბუთის გაყალბება);
2.2 თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2011 წლის 15 ივნისის გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური საბუთის გაყალბება);
2.3. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2012 წლის 23 ივლისს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური საბუთის გაყალბება);
2.4. თურქეთის რესპუბლიკის ო-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 12 ნოემბერს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოფიციალური საბუთის გაყალბება);
2.5. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 2 მარტს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), 210-ე მუხლით (თამასუქის გაყალბება), 37-ე მუხლთან ერთობლივად 210-ე მუხლით (თამასუქის გაყალბება, ჩადენილი ჯგუფურად);
2.6. თურქეთის რესპუბლიკის ე-ს რაიონული რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 27 აპრილს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური საბუთის გაყალბება);
2.7. თურქეთის რესპუბლიკის ე-ს რაიონული რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 27 აპრილს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ დასმენა).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:
1. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ა. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:
1.1. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2010 წლის პირველ დეკემბერს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“, „ჰ“ ქვეპუნქტებითა და 37-ე მუხლთან ერთობლივად 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თაღლითობა ჩადენილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში);
1.2. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2011 წლის 15 ივნისს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში);
1.3. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2012 წლის 23 ივლისს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში);
1.4. თურქეთის რესპუბლიკის ო-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 12 ნოემბერს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოტყუებით სხვისი ქონების დაუფლება თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის მიღების მიზნით);
1.5. თურქეთის რესპუბლიკის ა-ს რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2014 წლის 17 თებერვალს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში);
1.6. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 2 მარტს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“, „ჰ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 37-ე მუხლთან ერთობლივად 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ფ“, „ჰ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში);
1.7. თურქეთის რესპუბლიკის ე-ს რაიონული რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 27 აპრილს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
2. დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ა. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია:
2.1 თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2010 წლის პირველი დეკემბერს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით (ოფიციალური საბუთის გაყალბება);
2.2 თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2011 წლის 15 ივნისის გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური საბუთის გაყალბება);
2.3. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2012 წლის 23 ივლისს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური საბუთის გაყალბება);
2.4. თურქეთის რესპუბლიკის ო-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 12 ნოემბერს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოფიციალური საბუთის გაყალბება);
2.5. თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 2 მარტს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), 210-ე მუხლით (თამასუქის გაყალბება), 37-ე მუხლთან ერთობლივად 210-ე მუხლით (თამასუქის გაყალბება, ჩადენილი ჯგუფურად);
2.6. თურქეთის რესპუბლიკის ე-ს რაიონული რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 27 აპრილს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური საბუთის გაყალბება);
2.7. თურქეთის რესპუბლიკის ე-ს რაიონული რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 27 აპრილს გამოცემულ საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ დასმენა).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ა. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი - ა. გ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით; კასატორს მიაჩნია, რომ დარღვეულია მ. ა ბ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადები; საექსტრადიციო მასალებით ირკვევა, რომ მ. ა. ბ-ს ბრალდების რიგ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავების ორდერი გაცემულია არა მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის, არამედ - მისგან ჩვენების ჩამორთმევის მიზნით, რაც ეწინააღმდეგება ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის 25-ე მუხლს; დაცვის მხარეს ასევე მიაჩნია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მ. ა. ბ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, არასწორად დაკვალიფიცირდა თაღლითობად, ვინაიდან მას ბრალად ედება ქურდობის ჩადენა; მ. ა. ბ. საექსტრადიციო მასალების თარგმანებში ხან მოხსენიებულია ბრალდებულად, ხანაც - მსჯავრდებულად, რაც ეჭვს აჩენს მის სამართლებრივ სტატუსთან მიმართებით და აგრეთვე იმ ფაქტთან დაკავშირებით, ხომ არ არის მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი; მ. ა. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახის ურღვევობის პრინციპი, ვინაიდან მას საქართველოში ჰყავს ოჯახი; ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას ასევე წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურები. აღნიშნული საკითხზე საქართველოს შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება, დაცვის მხარეს ამჟამად გასაჩივრებული აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც საქმე იხილება ადმინისტრაციული წესით; თურქეთის რესპუბლიკაში მ. ა ბ-ს მიმართ ბრალად წარდგენილ დანაშაულებზე მიღებულია ამნისტიის კანონი, თუმცა სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა ეს საკითხი; გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა შესაბამისი დრო და ვადა, რომ წარედგინა ახალი მტკიცებულებები, კერძოდ, მ. ა. ბ-ს თაობაზე თურქეთის რესპუბლიკაში მიღებული სამი განაჩენი (დათარიღებული 12.12.2022, 09.02.2023 და 09.02.2023 წლებით), რომლებითაც შეიცვალა ქმედების კვალიფიკაცია და დანაშაულების სიმძიმე. დაცვის მხარის განმარტებით, აღნიშნულ მტკიცებულებებს უზენაეს სასამართლოს წარმოუდგენს.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარემ - დამატებითი მასალები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ა. ბ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2016 წლის 11 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).
5. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ. ა. ბ-ს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე და რომ იგი გახდება წამებისა, თუ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მ. ა. ბ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე მიუთითებდა ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მისი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას, საექსტრადიციო მასალებში ასევე არ მოიპოვება. თავის მხრივ, ვერც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული საექსტრადიციო პროცედურების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული მ. ა. ბ-ს უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის - ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებშიც, რაც ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად.
6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.
7. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ა. ბ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა, თუ რაიმე ნიშნით დევნის რისკი.
9. გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით არ იკვეთება რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცესუალური დარღვევა, რაც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მ. ა. ბ-ს მიმართ დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამდენად, მ. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
10. უსაფუძვლოა კასატორის მითითება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის დარღვევის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება მ. ა. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.
13. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მ. ბ-სთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილია 2009-2010 წლებში, ხოლო აღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით მას ბრალი ყველაზე გვიან წარედგინა - 2015 წლის აპრილში და, ამდენად, ცალსახაა, რომ მოცემულ დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
14. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია შემდეგ დანაშაულებთან მიმართებით: 1) 2010 წლის პირველი დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ გამოცემული საბრალდებო აქტი - თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლი (ოფიციალური საბუთის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაული; 2) 2011 წლის 15 ივნისის თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ გამოცემული საბრალდებო აქტი - თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოფიციალური საბუთის გაყალბება); 3) 2012 წლის 23 ივლისის თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ გამოცემული საბრალდებო აქტი - 204-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოფიციალური საბუთის გაყალბება); 4) 2013 წლის 12 ნოემბრის თურქეთის რესპუბლიკის ო.-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის გამოცემული საბრალდებო აქტი - თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოფიციალური საბუთის გაყალბება); 5) 2015 წლის 2 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ გამოცემული საბრალდებო აქტი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), 210-ე მუხლით (თამასუქის გაყალბება), 37-ე მუხლთან ერთობლიობაში 210-ე მუხლით (თამასუქის გაყალბება, ჩადენილი ჯგუფურად). გარდა აღნიშნულისა, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2023 წლის 22 ივნისს მოწოდებული დამატებითი ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 27 აპრილის საბრალდებო აქტთან დაკავშირებით, ექსტრადიცია მოითხოვება მხოლოდ თაღლითობის დანაშაულისთვის.
15. ამდენად, უნდა მივიჩნიოთ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ასევე გასულია 2015 წლის 27 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ეს რაიონული რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ გამოცემულ საბრალდებო აქტში მითითებულ, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ დასმენა) გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებითაც.
16. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ექსტრადიციის ქვემდებარე სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
17. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც ექსტრადიციის თხოვნის მიმღები, ისე მისი გამომგზავნი - თურქეთის რესპუბლიკის მხარის კანონმდებლობით, ხოლო მ. ა. ბ-სათვის წარდგენილი ბრალდებების ნაწილში, რომლებზეც თურქეთის რესპუბლიკაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადები, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის შუამდგომლობით, მოთხოვნილია ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა.
18. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს თურქეთის რესპუბლიკაში გამოცემული მ. ა. ბ-ს დაკავების ორდერების მიზნობრიობის შესახებ, ერთი მხრივ, საექსტრადიციო მასალების ქართულენოვან თარგმანში კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მიზნობრიობის თაობაზე მითითება არ არსებობს, მეორე მხრივ, დაკავების ბრძანებები გაცემულია თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც უფლებამოსილ პირს ანიჭებს მ. ა. ბ-ს დაკავების უფლებას, ხოლო დაკავების ბრძანების მიზნობრიობა, ეროვნული პროცედურით გათვალისწინებული საკითხია.
19. დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მ. ა. ბ-სათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, არასწორად დაკვალიფიცირდა თაღლითობად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ახდენს ქმედების არასწორ და არასრულ ინტერპრეტაციას, ვინაიდან მისი ექსტრადიცია მოთხოვნილია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის: „ქურდობა, ჩადენილი მოტყუებით“, რომელიც ტერმინოლოგიურად მოხსენიებულია როგორც „ქურდობა“, მაგრამ აღნიშნული დანაშაული, თავისი ელემენტებისა და შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოს იურისდიქციის მიხედვით, წარმოადგენს თაღლითობას.
20. დაცვის მხარის კიდევ ერთი პრეტენზია საექსტრადიციო მასალების თარგმანებში მ. ა. ბ-ს ხან ბრალდებულად, ხანაც - მსჯავრდებულად მოხსენიების გამო, თურქეთის რესპუბლიკაში სამართლებრივი სტატუსის გაურკვევლობასთან დაკავშირებით - ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან საქართველოს გენარალური პროკურატურის მიერ 2023 წლის 23 მაისს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციით, ცალსახად დგინდება, რომ მ. ა. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას ქვემდებარე ყველა დანაშაულზე, გააჩნია ბრალდებულის და არა - მსჯავრდებულის სტატუსი და რომ ბრალდების არცერთ საქმეზე გამოტანილი არ არის განაჩენი.
21. გარდა ამისა, კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახის ურღვევობის პრინციპი, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
22. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR). უფლების შეზღუდვის თანაზომიერების (პროპორციულობის) შესაფასებლად, სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლების შეზღუდვის ხარისხს (King v. The United Kingdom, no. 9742/07).
23. მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალებით, მართალია, დადგენილია, რომ საქართველოში ცხოვრობენ მ. ა. ბ-ს მეუღლე და შვილები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ მ. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი, აშკარად გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცულობის ინტერესს, კერძოდ: მ. ბ-ს ბრალად ედება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულის არაერთი ეპიზოდის ჩადენაში, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მ. ბ-მ თავი აარიდა მოსალოდნელ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მიიმალა, ცალსახაა, რომ მის მიმართ მართლმსაჯულების ჯეროვანი აღსრულების ინტერესი განსაკუთრებულად მომეტებულია. გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მოსაზღვრე სახელმწიფოს და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, მ. ბ-ს ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე იმოგზაურონ თურქეთის რესპუბლიკაში მის მოსანახულებლად.
24. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მ. ა. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
25. კასატორის კიდევ ერთ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მ. ა. ბ. არის საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი და ამ მიზნით, მას თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებული აქვს ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი სამინისტროს 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა. ბ-ს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება არ აფერხებს ექსტრადიციის შუამდგომლობის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე.
26. აგრეთვე საფუძველს მოკლებულია კასატორის აპელირება თურქეთის რესპუბლიკაში მ. ა. ბ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ამნისტირების შესახებ, ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ოფიციალური ინფორმაცია, რაც მ. ა. ბ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ამნისტირებას დაადასტურებდა.
27. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარეს მტკიცებულებების წარსადგენად არ მისცა შესაბამისი დრო და შესაძლებლობა, ვიანიდან საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს 2016 წლიდან, რომლის განმავლობაშიც მ. ა. ბ. უზრუნველყოფილი იყო ადვოკატით და მას სრულად ჰქონდა მტკიცებულებათა მოპოვებისა და წარდგენის შესაძლებლობა, მათ შორის - თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განხილვის ეტაპზეც, რა დროსაც სასამართლო განხილვა, დაცვის მხარის მოთხოვნითვე რამდენჯერმე სწორედ ამ მიზნით გადაიდო.
28. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დამატებითი მასალები, რომელთა შესახებაც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებდა და განმარტავდა, რომ მ. ა ბ-ს თაობაზე თურქეთის რესპუბლიკაში მიღებულია სამი განაჩენი (დათარიღებული - 12.12.2022, 09.02.2023 და 09.02.2023 წლებით), რომელთა მიხედვით შეიცვალა ქმედების კვალიფიკაცია და დანაშაულების სიმძიმე, თუმცა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ეს გადაწყვეტილებები სრულიად არარელევანტურია და არ არის მიღებული მ. ა. ბ-ს მიმართ.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა. ბ-ს (M. A. B.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი