საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.08.2023
საქმის ნომერი
2კ-306აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.08.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004264082

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №306აპ-23 ქ. თბილისი

გ. ზ. 306აპ-23 4 აგვისტო, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 6 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ...............ის ქუჩაზე არსებული ლიანდაგების გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ნისანის“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ......., შელაპარაკებისას, ზ. გ–მ დანის ტარი ჩაარტყა კისრის არეში ლ. ჟ–ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2020 წლის 6 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ.თ–ში, ...........ის ქუჩაზე არსებული ლიანდაგების გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ნისანის“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით „........“, ზ. გ–ს ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. ჟ–ს, უთხრა, რომ ძვლებს დაულეწავდა და მოკლავდა, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ზ. გ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათი;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 170 საათი;

3.1.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2 000 ლარი;

3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათი და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 2 000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ზ. გ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4.2. მსჯავრდებულმა ზ. გ–მ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ზ. გ–სს უდანაშაულოდ ცნობა;ხოლო ზ. გ–სს დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში - დაცვის მხარემ ალტერნატივის სახით მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

4.3. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ, ზ. გ–ს დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ალტერნატივის სახით მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება მსჯავრდებულ ზ. გ–ს მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის და იმ გარემოებების გამო, რომ ზ. გ–ს არ არის ნასამართლევი, ცხადდებოდა სასამართლოში, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ამჟამად არის უმუშევარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენში:

5.1. ზ. გ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.1.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი;

5.1.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 170 საათი;

5.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ. გ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 1000 ლარი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება მსჯავრდებულ ზ. გ–ს მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე. მსჯავრდებულ ზ. გ–ს განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი შეეცვალა და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარი.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ა–მ, რომლებიც ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმებას და ზ. გ–სს უდანაშაულოდ ცნობას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე იხოვს ზ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელების განსაზღვრა განაპირობა.

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები(მათ შორის, დაზარალებულ: ლ. ჟ–ს, მოწმეების: თ. გ–ს, ა. მ–ს, რ. ტ–ს, გ. ძ–ს, გ. ტ–ს ჩვენებები, 2020 წლის 7 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2020 წლის 12 ნოემბრის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, 2020 წლის 7 ნოემბრის ამოღების ოქმი, 2021 წლის 15 იანვრის N........ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

12. დაზარალებულმა ლ. ჟ–მ მიუთითა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, საღამოს საათებში დაურეკა ზ. გ–მ და შეხვედრა სთხოვა. სასაუბროდ მივიდნენ ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯიხურთან ახლოს. ზ. გ–ს სთხოვდა მეუღლის ქცევით წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა, უარის მიღების შემდეგ მისი მხრიდან აგრესია წამოვიდა. ზ. გ–მ ლ. ჟ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა, დაემუქრა მოკვლით და ძვლების დამტვრევით. დაზარალებულის განმარტებით, ცხადი იყო, რომ მისი სიცოცხლე იყო საფრთხის ქვეშ და ცდილობდა თავის დაღწევას. ის შეეცადა გაქცევას, ამ დროს ზ. გ–მ მარჯვენა მკლავი დაუჭირა და დანა ჩაარტყა კეფის მიდამოში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი და შეეშინდა. გადავიდა ავტომანქანიდან და ყვირილით ითხოვა შველა, ხოლო მანამდე, სანამ ზ. გ–ს ხელს დაუჭერდა, დაურეკა მეუღლემ, რომელსაც ესმოდა რაც ხდებოდა. მან მეუღლის ზარს ავტომანქანაშივე უპასუხა და ტელეფონი არც გაუთიშავს, ვინაიდან მისთვის მთავარი იყო ვინმეს გაეგო რა დღეშიც იყო. დაზარალებულის განმარტებით, ზ. გ–სგან მომდინარე საფრთხე იყო რეალური.

12.1. მოწმე თ. გ–მ(დაზარალებულ ლ. ჟ–ს მეუღლე) განმარტა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ ზ. გ–მ სასაუბროდ დაიბარა. თ. გ–სს შეეშინდა და მცირე დროის მონაკვეთში ბევრჯერ დაურეკა მეუღლეს, თუმცა იგი ტელეფონს არ პასუხობდა. როდესაც მისმა მეუღლემ ტელეფონს უპასუხა, ისმოდა ყვირილის და ჩხუბის ხმა. მისი მეუღლე ყვიროდა, რომ მოეცილებინა დანა და მისგან რა უნდოდა. ცდილობდა გაეგო მეუღლის ადგილსამყოფელი, რათა დახმარება გაეწია, მაგრამ ლ. ჟ–მ ტელეფონი გათიშა. ტაქსში იჯდა და პოლიციაში მიდიოდა, როდესაც მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ იმყოფებოდა ქ–ს ქუჩაზე და იქ მისულიყო. ადგილზე მისულმა ნახა, რომ ლ. ჟ–ს ქურთუკი ჰქონდა შემოხეული და კეფაზე ჰქონდა სიწითლე. როდესაც ჰკითხა, ლ. ჟ–მ უთხრა, რომ ზ. გ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და კეფაში დანის ტარი მოხვდა. თ. გ–სს განმარტებით, ლ. ჟ–სთან სატელეფონო საუბრის დროს იმყოფებოდა მაღაზიის გარეთ, კიბეებთან, ხოლო ა. მ–ე იყო შიგნით, მაღაზიაში, რომლის კარიც იყო ღია და მათ შორის მანძილი დაახლოებით 5-10 მეტრი იქნებოდა. მას ტელეფონი ხმამაღალზე ჰქონდა ჩართული, რადგან იყო გაფუჭებული და ხმა კარგად არ ისმოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ მეუღლის ნათქვამი, დანის ტარი ესროლა, თუ ჩაარტყა ზ. გ–მ ზუსტად არ ახსოვს.

12.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ა. მ–მ(თ. გ–ს თანამშრომელი) აღნიშნა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, მაღაზიაში ბავშვებთან ერთად მივიდა თ. გ–ს, რომელიც ნერვიულობდა, რომ მეუღლეს ვერ უკავშირდებოდა. როდესაც ლ. ჟ–მ უპასუხა, მობილურ ტელეფონში გაიგო დაზარალებულის ყვირილის ხმა, რომელიც თ–სგან შველას ითხოვდა და ყვიროდა „დანა გაწიე, დანა გაწიე“, რის შემდეგაც, თ. გ–ს ტაქსში ჩაჯდა და ბავშვებთან ერთად წავიდა. მოგვიანებით გაიგო, რომ ზ. გ–სს კისრის მიდამოში დანის ტარი დაურტყამს ლ. ჟ–სთვის. მოწმის განმარტებით, მობილური ტელეფონი თ. გ–ს ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული და ესმოდა, როგორ ყვიროდა ლ. ჟ–ს „დანა გაწიე, თ–ო მიშველეო“. ამ დროს, თ. გ–ს გარეთ იდგა, მაღაზიის კარები ღია იყო და თავად მაღაზიაში, დარბაზში იმყოფებოდა, მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 5-10 მეტრი.

13. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას მოწმეთა ჩვენებში არსებული უზუსტობების შესახებ და აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებებში არსებული უზუსტობები(მაგ: მანძილი თ. გ–სა და ა. მ–ს შორის) არ წარმოადგენს იმ მნიშვნელობის მქონე შეუსაბამობას, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს ზ. გ–ს მსჯავრდებაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა, როგორც საკუთარი მტკიცებულებების წარმოდგენის, ასევე - არსებით სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით თითოეული მოწმისათვის სასურველი კითხვების დასმის, მოწმეთა მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის, აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობის, რელევანტურობის თუ კანონიერების, მოწმის სანდოობის შემოწმების/შედავების) გამოკვლევის შესაძლებლობა.

14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ლ. ჟ–ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება თანხვდენილია 2020 წლის 6 ნოემბერს პოლიციის სამმართველოში გაკეთებულ მის განცხადებასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მის მიერ მითითებულ ჩივილებთან. დაზარალებული როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო განხილვის ეტაპზე იდენტურად მიუთითებდა ზ. გ–ს მიერ მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობაზე და ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, რამაც დაზარალებულში ფიზიკური ტკივილი და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია.

15. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით დგინდება ზ. გ–ს მიერ დაზარალებულ ლ. ჟ–სათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება და დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა.

16. ბრალდების მხარის მიერ ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობისა და მოწმეთა ნაწილის არ დაკითხვის შესახებ კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლო ერთი მხრივ ეთანხმება კასატორს ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების ნაწილში დაზარალებულის ტანსაცმლის ზ. გ–ს მიერ დაზიანების მტკიცების მიზნებისთვის და კვლავაც აღნიშნავს, რომ პოზიციას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს" (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103). იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მხარეები წყვეტენ რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება რომ დაცვის მხარეს/მსჯავრდებულს არ მიეცა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ექპერტიზა, დაეკითხა მოწმეები.

17. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა ბრალდებულს ანიჭებს დუმილის უფლებას, რომლის გამოყენება, მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-18 ნაწილის თანახმად, ან გამოუყენლობა არ შეიძლება შეფასდეს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

19. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე