საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100122005967673
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №348აპ-23 ქ. თბილისი
მ. ნ. 348აპ-23 8 აგვისტო, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. მ–სს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. მ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, სოფლის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ნ. მ–სი, პირადად, შარვლის წინა მარცხენა და პერანგის მარჯვენა ჯიბეებში, უკანონოდ ინახავდა, 7 სხვადასხვა, მცირე ზომის, თერმულად დამუშავებულ (მილღობილი), პოლიმერული მასალის ნაჭრებში დაფასოებულ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე, უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 3,4201 გრამ ჰეროინს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს მისივე პირადი ჩხრეკისას, 2022 წლის 31 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ნ. მ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3.3. ნ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 31 მაისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. მ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ბ–მა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. მ–სისათვის დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ბ–მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ. მ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას(კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით დანიშნული სასჯელის ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლას).
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ნ. მ–სისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობის გავრცელებას, იმ მოტივით, რომ ნ. მ–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არის 61 წლის, აქვს ფსიქიკური პრობლემები, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და შვილიშვილები, აქვს ფინანსური პრობლემები.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ნ. მ–ს საქართველოს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით(მათ შორის: მოწმეების - გ. მ–ს, ფ. გ–ს, ა. ნ–ს, ნ. ა–ს, ზ. კ–ს, ს. მ–ს გამოკითხვის ოქმებით, ნ. მ–ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ქიმიური ექსპერტიზის ......... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) დადასტურებულია ნ. მ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, ასაკი, ნასამართლობის არ ქონა, ოჯახური და ფინანსური მდგომარეობა), რისი გათვალისწინებითაც ნ. მ–ს სასჯელის სახით განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა(საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა), რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
12. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმისა და სასჯელის ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, ნ. მ–სის მიმართ სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება სასჯელის კერძო და საჯარო პრევენციის, ასევე - ნ. მ–ს რესოციალიზაციის მიზანს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. მ–ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის (შეზღუდულ შერაცხადობა) გამოყენების საფუძველი, ვინაიდან 2022 წლის 3 ოქტომბრის N......... სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, ნ. მ–სი დაავადებულია არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით - ორგანული პიროვნული აშლილობით (კოდი .., დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), ზომიერად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ, თუმცა, შერაცხადია.
13. ნ. მ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას: ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მოცემულ შემთხვევაში 2022 წლის 31 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ნ. მ–ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ, პირადი ჩხრეკისას ნ. მ–ს პერანგის წინა ჯიბიდან ამოიღეს 4 შეკვრა პარკში შენახული ნივთიერება(ორი თეთრი და ორი ყვითელი), შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს სამი შეკვრა თეთრი ფერის პარკში შენახული ნივთიერება(იხ.: ტ. 1, ს.ფ. 12-20). გამოძიებას საფუძვლად დაედო გ–ს მერის წარმომადგენლის - გ. მ–ს შეტყობინება იმის თაობაზე, რომ სოფელ ა–ში, მოქალაქეებს შეჩერებული ჰყავდათ ნ. მ–სი, რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები. ქიმიური ექსპერტიზის N.......... დასკვნით ნ. მ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ 7 ცალად დაფასოებულ მოყავისფრო ნივთიერებაში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობამ შეადგინა - 3,4201 გრამი(იხ.: ტ.1, ს.ფ. 63-70). შესაბამისად, ნ. მ–სს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, რის გამოც სასამართლო მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე