განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020142223701101851
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №14აგ-23 3 ოქტომბერი, 2023 წელი
ლ-ა მ, 14აგ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით:
მ. ლ-ა, - დაბადებული .. წლის .. ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-7 ნაწილის ,,ა,” ,,გ” ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 27 წლითა და 6 თვით;
მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარი.
მსჯავრდებულ მ. ლ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაიწყო - 2011 წლის 2 მაისიდან;
იმავე განაჩენით მსჯავრდებული იქნენ: მ. მ-ია, მ. შ-ა და რ. ფ-ა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ მ. ლ-ს ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით:
მსჯავრდებულ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. მ-მა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით:
მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. კასატორი - ადვოკატი ლ. მ-ი, ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმებას.
7. საკასაციო საჩივრის თანახმად, განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს 2018 წლის 2 ივლისის ფოთის საქალაქო სასამართლოსა და 2021 წლის 14 სექტემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენები, რომელთა თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილით დამნაშავედ ცნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 დაწესებულების თანამშრომლები: თ. გ-ი, ი. ჭ-ა, ლ. კ-ა, გ. გ-ია, ხოლო დაზარალებულებად - მ. ლ-ა, მ. მ-ია, მ. შ-ია და რ. ფ-ა.
7.1. ადვოკატი აღნიშნავს, რომ მ. ლ-ს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი იყო მ. მ-ს წამებისა და გაუპატიურების მუქარის მეშვეობით მიღებული ჩვენება. ლ. მ-ს მითითებით, ყველასათვის ცნობილია, თუ როგორც იქმნებოდა სისხლის სამართლის საქმეები იმ პერიოდისათვის. არც აღნიშნული საქმე იყო გამონაკლისი. რაც შეეხება ბრალდებულ რ. ფ-ს დაზარალებულად ცნობას, შუამდგომლობაში კასატორს მართალია, აღნიშნული ჰქონდა, რომ სავარაუდოდ, ისიც ნაწამებია და ამ მოცემულობაში დასახელებული ჰყავს მ. ლ-ა, მაგრამ აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს კასატორს აძლევდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი (რომლითაც რ. ფ-ა ასევე ცნობილია დაზარალებულად).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სააპელაციო საამართლოში ადვოკატმა შუამდგომლობაში მიუთითა, რომ მ. ლ-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დასტურდება მხოლოდ მოწმეების: მ. მ-სა და რ. ფ-ს წამების შედეგად მიცემული აღიარებითი ჩვენებებით, რაც დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, რომლის თანახმადაც, №14 დაწესებულების თანამშრომლებს: თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯათ - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის მოტივაციად მიუთითა, შემდეგზე:
4. ის ფაქტი, რომ ბრალდებული მ. მ-ა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან დაექვემდებარა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რამაც, შუამდგომლობის ავტორის მითითებით, განაპირობა მის მიერ მ. ლ-ს დანაშაულის თანამონაწილედ დასახელება, არ გამორიცხავს ამ უკანასკნელის ბრალეულობას. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენში, გარდა ბრალდებულ მ. მ-ს ჩვენებისა, მითითებულია მ. ლ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებზეც, მათ შორის: დაზარალებულ ო. ბ-ს ჩვენებაზე, პირის ამოცნობის ოქმზე, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლებიც შეფასებული აქვს სამივე ინსტანციის სასამართლოს. რაც შეეხება რ. ფ-ს ჩვენებას, რომელიც აგრეთვე საფუძვლად დაედო მ. ლ-ს მსჯავრდებას, შუამდგომლობაში გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდი, რომ აღნიშნული ჩვენებაც რ. ფ-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად არის მიცემული.
5. ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულის ადვოკატი ითხოვს - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გააანალიზებს არამხოლოდ ხსენებულ გადაწყვეტილებას, არამედ კასატორის მიერ მითითებულ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენს, მის ურთიერთკავშირს გადასასინჯ განაჩენთან, რათა საბოლოოდ დაასკვნას, რამდენად ქმნის მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და ადვოკატის შუამდგომლობის დაშვების საფუძველს.
6. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენი:
ხსენებული გადაწყვეტილებით, მ. ლ-ა ცნობილია დამნაშავედ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-7 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით. იმავე განაჩენით მსჯავრდებული იქნენ: მ. მ-ია, მ. შ-ა და რ. ფ-ა. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ - მ. ლ-ს ნაწილში დარჩა უცვლელად.
ჩხოროწყუს რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
მ. ლ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. განაჩენში მითითებულია, რომ: 2011 წლის აპრილის თვის დასაწყისში, თ-ში, დანაშაულებრივად ერთმანეთს დაუკავშირდნენ: მ. ლ-ა, მ. მ-ია, რ. ფ-ა და ლ. ღ-ია, სადაც მათ ამ უკანასკნელის მითითებით, განიზრახეს ფულისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დაუფლების მიზნით, ჩ-ს რაიონის, სოფელ ჭ-ში მცხოვრებ - გ. ბ-ს ოჯახზე თავდასხმა.
სასამართლომ მ. ლ-ს ბრალეულობის დამადასტურებლად მიიჩნია: ბრალდებულების: მ. მ-სა და რ. ფ-ს - აღიარებითი ჩვენებები, დაზარალებულ ო. ბ-ს ჩვენება, ამოცნობის ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემული განაჩენის თანახმად, მ. მ-მ სასამართლოს წინაშე აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება და ჩვენების მიცემის დროს, აღწერა მ. ლ-ს როლი ჩადენილ დანაშაულში, ო. ბ-ს ოჯახზე თავდასხმაში.
7. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი:
ზემოხსენებული განაჩენის პარალელურად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტმენტის თანამშრომლები: თ. გ-ი, ი. ჭ-ა, ლ. კ-ა და გ. გ-ია დამნაშავეებად იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, ,,დ,“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ხსენებული გადაწყვეტილებიდან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულად გამოყოფს თ. გ-ს ბრალდების ნაწილში აღწერილ გარემოებებს, რომელთა თანახმადაც: თ. გ-მა მ. მ-ს მოსთხოვა ყაჩაღობაში თანამონაწილეებად დაესახელებინა - მ. ლ-ა. ზემოქმედების შედეგად მ. მ-ია იძულებული გახდა დასთანხმებოდა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელწერილზე.
მოცემულ საქმეში ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა: თ. გ-მა, ი. ჭ-მ, ლ. კ-მ და გ. გ-მ შერაცხული ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტები, პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ) გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მოთავსებული არაერთი პირის, მათ შორის - მ. მ-სა და მ. ლ-ს მიმართ.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსნებული განაჩენის მიხედვით, მ. მ-ა ჩვენებაში უთითებს, რომ ცემის შემდეგ, თ. გ-მა თავის ოთახში შეიყვანა და აიძულებდა თანამშრომლობაზე ხელის მოწერასა და განცხადების დაწერას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენით: პროკურორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ხსენებულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა. თ. გ-ი, ი. ჭ-ა, ლ. კ-ა და გ. გ-ია დამნაშავეებად იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, ,,დ,“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს; მათგან, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი გადაისინჯება, თუ:
,,წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.“
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადვოკატის საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტაცია მიემართება, სწორედ ზემოხსნებულ ,,ზ“ ქვეპუნქტს (და არა - ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტს, როგორც საჩივარში თავად მ. ლ-ს ინტერესების დამცველი უთითებს); კერძოდ, საკასაციო საჩივრის თანახმად, როგორც უკვე აღინიშნა, განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენი, რომელთა საფუძველზეც დადგენილი გარემოებები გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და ამასთან, შესაძლოა, თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებდეს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
მოცემულ შემთხვევაში, მ. ლ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების - სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფასების შემდეგ (ესე იგი გადასასინჯი გადაწყვეტილებები), ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენებით, გამოიკვეთა იმგვარი სახის ახალი ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც რეალურად საფუძველი შექმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ ადვოკატის შუამდგომლობის დაშვებისათვის; კერძოდ:
როგორც აღინიშნა, 2011 წლის 23 აგვისტოს ჩხოროწყუს რაიონული სასამართლო მ. ლ-ს მსჯავრდების ნაწილში სხვა მტკიცებულებებთან ერთად დაეფუძნა, თანაბრალდებულ - მ. მ-ს აღიარებით ჩვენებას (იხ. განაჩენის მე-12 გვერდი). იგი უშუალო ფორმით მიუთითებდა მ. ლ-ს დანაშაულში მონაწილეობაზე. შესაბამისად, ვინაიდან შემდგომში, 2018 წლის 2 ივლისს, ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით განხილული ბრალდება, მათ შორის უკავშირდებოდა დაწესებულებაში მოთავსებულ, ზემოხსენებულ მ. მ-ს მიმართ თ. გ-ის მიერ წარდგენილ მოთხოვნას - მ. ლ-ს ყაჩაღობაში თანამონაწილედ დასახელების თაობაზე, აღნიშნული გარემოება საკმარის დასაბუთებას ქმნის ადვოკატის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ის არგუმენტები, რომლებიც მოცემულია ადვოკატის შუამდგომლობაში სააპელაციო პალატას უნდა განეხილა არა დაუშვებლობის განჩინებით, არამედ - საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში (ზეპირი მოსმენით, ან მის გარეშე) და უნდა მიეღო შესაბამისი განაჩენი (საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლო ან უცვლელად ტოვებს განაჩენს, ან ცვლის მას, ან აუქმებს მას და ადგენს ახალ განაჩენს). სწორედ ამ ფორმით უნდა შეაფასოს სააპელაციო სასამართლომ მ. ლ-ს ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენი და მასში ასახულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საკმარისობა წარმოდგენილი ახალი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიეთითოს, რომ დაუშვას შუამდგომლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინება და მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის შუამდგომლობა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი