საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121005285337
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №241აპ-23 ქ. თბილისი
მ. ი. 241აპ-23 4 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. მ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. მ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 01:20 საათიდან 07:30 საათამდე პერიოდში, ქ. თ–ში, .........ის პირველი შესახვევის N..-ში, მ. მ–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განიზრახა მისი მეზობელის - ქ. ტ–ს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. მ. მ–სმა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ძალაყინის და დანის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ქ. ტ–სს სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის - თხემ-კეფის და საფეთქლის მიდამოში, შუბლის არეში, მარცხენა წარბის მიდამოში, მარჯვენა თვალბუდის არეში, მარჯვენა და მარცხენა ლოყაზე, მარცხენა ცხვირ-ტუჩის არეში. ასევე, სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის: შუბლის, ყურის, ყვრიმალის, ნიკაპის, მარცხენა და მარჯვენა იდაყვის, მარცხენა და მარჯვენა წინამხრის, მარცხენა მხრის და ორივე მტევნის უკანა ზედაპირზე მიაყენა მრავლობითი დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. ქ. ტ–ს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის შემდეგ, მ. მ–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის განაჩენით მ. მ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
3.1. მ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 29 ივლისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. მ–სმა და მოითხოვა გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. მ–სმა, რომელიც ითხოვს უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. მ–სმა, რომელიც ითხოვს უდანაშაულოდ ცნობას. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: ჩაიდინა თუ არა მსჯავრდებულმა მსჯავრად შერაცხული დანაშაული.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მ. მ–ს მსჯავრდების ნაწილში და ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის, მოწმე - დ. ს–ს ჩვენებას, ასევე დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს - მოწმეების: ს. ტ–ს, ნ. კ–ს, ი. ქ–ს გამოკითხვის ოქმებს, 2021 წლის 29 ივლისის კარადის, ასევე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 11 აგვისტოს N., საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 24 აგვისტოს N........., სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 1 დეკემბრის N..........., სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2021 წლის 16 დეკემბრის N............, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა 2022 წლის 3 იანვრის N............. დასკვნებს), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ. მ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში პასუხი გასცა დაცვის მხარის არგუმენტებს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10.1. მსჯავრდებულის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნურად არის გაყალბებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, მისი სამსახურიდან ამოღებულ ტანსაცმელზე, ასევე მის სახლში, ხელოვნურად გადაიტანეს გარდაცვლილის სისხლი და მას მხოლოდ იმიტომ დასდეს ბრალი ქ. ტ–ის მკვლელობაში, რომ არ ჰქონდა მასთან კარგი ურთიერთობა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ მ. მ–სის ტანსაცმლის ამოღება მისი სამუშაო კარადიდან განხორციელდა ნეიტრალური პირის - მსჯავრდებულის თანამშრომლის ნ. კ–ს თანდასწრებით, რომელმაც სრულად დაადასტურა ჩხრეკის ოქმის სისწორე, როგორც ხელმოწერით, ასევე გამოკითხვის ოქმში. აღნიშნული ჩხრეკის ოქმის თანახმად კი, ამოღებულ სპორტულ შარვალს, მარჯვენა ფეხზე, მორუხო ფერის მაისურს და სპორტულ ფეხსაცმელებს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. კარადის ჩხრეკის ჩამტარებელი, დამსწრე და მონაწილე პირების გამოკითხვის ოქმები და ჩხრეკის ოქმი (მათში ასახული ფაქტები), ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
11. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, ერთი მხრივ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2022 წლის 14 იანვრის დასკვნაზე (კვლევის ფარგლებში შემთხვევის ადგილზე სხვადასხვა ნივთებზე აღმოჩნდა, მათ შორის - ვინმე ბ. ს–ს გენეტიკური პროფილი), ხოლო, მეორე მხრივ, მოწმე ბ. ს–ს გამოკითხვის ოქმის შინაარსზე (მოწმის განმარტებით, მას იშვიათად, თუმცა ჰქონია კონფლიქტი ქ. ტ–სთან) და უთითებს, რომ გამოძიებას არ გამოურიცხავს აღნიშნული მოწმის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, კერძოდ, არ შეუმოწმებია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და არ გადაუმოწმებია შემთხვევის დღეს ბ. ს–ი იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე, ჰქონდა თუ არა ალიბი, მკვლელობის მოტივი და სხვა.
11.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რომ მოწმე ბ. ს–სმა გამოკითხვისას დაადასტურა, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ქ. ტ–სთან და ხშირად, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს, რჩებოდა მის სახლში, მათ შორის - მკვლელობამდე ორი დღით ადრე, რითაც აიხსნება მისი ბიომასალისა და სპერმის აღმოჩენა გარდაცვლილის სახლში. მოწმემ განმარტა, რომ მკვლელობის ღამეს არ იმყოფებოდა ქ. ტ–სთან და იყო სახლში, შესაბამისად, მკვლელობას არ შესწრებია, ამასთან, მიუთითა - ,,ჩვენ ერთმანეთში ძალიან იშვიათად მოგვსვლია კონფლიქტი, კერძოდ, სიტყვიერი შეკამათება, რაც ძირითადად ეხებოდა ოჯახის სხვადასხვა საკითხს; ჩვენ გვქონდა იდეალური ურთიერთობა“; ამასთან, გარდაცვლილის მამასა და შვილს არ განუცხადებიათ რაიმე საეჭვო გარემოების შესახებ მოწმე ბ– ს–სთან მიმართებით, საპირისპიროდ, გარდაცვლილის შვილმა - დ. ს–მა გამოკითხვისას დაადასტურა, რომ დედამისს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი - ბ. ს–სი, რომელსაც თავადაც იცნობს და რომელიც პატივს სცემს მთელ მის ოჯახს; მოწმე ბ. ს–სმა გამოკითხვისას მიუთითა, რომ მკვლელობის ღამეს, მაშინ როცა იმყოფებოდა სახლში, მობილურ ტელეფონზე დაურეკა დ. ს-მ და უთხრა დედის გარდაცვალების შესახებ.
11.2. კასატორის აღნიშულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას; სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ დანაზე, მეტალის ნაჭერსა და სხვადასხვა კვლევის ნიმუშზე, ასევე მ. მ–სის საცხოვრებელი სახლის სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულ სისხლის ლაქებში, აღმოჩნდა არა მხოლოდ ქ. ტ–ს ბიოლოგიური მასალა, არამედ შერეული გენეტიკური პროფილი, რომლის ერთი წილი ქ. ტ–ს, ხოლო მეორე წილი მ. მ–ს გენეტიკური პროფილების იდენტურია. ასეთი შედეგის მისაღწევად კი, უნდა მომხდარიყო ორივე მათგანის ბიოლოგიური ნიმუშის ხელოვნური გადატანა, რაც შეუძლებელი იყო, მათ შორის - იმ ობიექტების სიმრავლიდან გამომდინარე სადაც აღმოჩნდა აღნიშნული შერეული პროფილები; შემთხვევის ადგილის დათვალიერება და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა მ. მ–სთან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების პირველ კონტაქტამდე და მისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღებამდე; ამოღებული ნივთები და ნიმუშები დაილუქა ადგილზე. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ მ. მ–სის ბიოლოგიური ნიმუშის ქ. ტ–ს და მ. მ–ს საცხოვრებელ სახლებში ან ტანსაცმელზე ხელოვნურად გადატანის შესახებ.
11.3. საკასაციო სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის დანაწესს და მეორე მხრივ - საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლს, რომლის თანახმად სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე; რომ მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი) და მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი).
11.3.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მ. მ–ს ინტერესებს სამართალწარმოებაში წარმოადგენდა ადვოკატი, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება რომ დაცვის მხარეს არ მიეცა / შეეზღუდა დაცვის უფლება ( მათ შორის არ მიეცა სასურველი მტკიცებულებების მოპოვების ან/და სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობა; დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა მტკიცებულება.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე