შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.09.2023
საქმის ნომერი
2კ-270აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №270აპ-23 თბილისი

კ-ე ლ., 270აპ-23 20 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განიხილა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - გიორგი ბაჩიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენით ლ. კ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 5 მაისიდან.

2. განაჩენის მიხედვით, ლ. კ-ეს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 4 მაისს, ღამის საათებში, თ----ის სოფელ ი-ში მდებარე სს „ვ---“ ბენზინგასამართ სადგურზე გ. გ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. კ-ის ძმას - ნ. კ-ეს. დაპირისპირებას შეესწრო ლ. კ., რომელმაც შურისძიების მოტივით გადაწყვიტა გ. გ-ის განზრახ მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ავტომანქანიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და დამიზნებით ერთხელ გაისროლა გ. გ-ის მიმართულებით, რომელსაც მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები. მიღებული დაზიანებებისაგან დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

- კახეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორმა ლევან კლდიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ლ. კ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

- მსჯავრდებულ ლ. კ-ის ადვოკატმა ი. ო-მა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ლ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ჩადენილი ქმედების სიმძიმის, არსებული გარემოებებისა და პიროვნული მახასიათებლების შესაბამისი კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ლ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 5 მაისიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა - გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ლ. კ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებულ ლ. კ-ის ადვოკატი ი. ო. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს პროკურორის საკასაციო საჩივარი, ხოლო დასაშვებად ცნობის შემთხვევაში - უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - გიორგი ბაჩიაშვილის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაინიშნა 2023 წლის 20 სექტემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პროკურორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. კ-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს. ამასთან, წარმოდგენი-–-- მხოლოდ პროკურორის საკასაციო საჩივარი და ადვოკატის შესაგებელი. პროკურორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ლ. კ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, დასაშვებად ცნობის შემთხვევაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, წარმოდგენილი საჩივრისა და მისი შესაგებლიდან გამომდინარე, პალატა იმსჯელებს მსჯავრდებულ ლ. კ-თვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

4. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ლ. კ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი ჯანმრთელობისა და ოჯახურ მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ. კ-თვის განსაზღვრული სასჯელის ზომა არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნებს, ვინაიდან, მართალია, ლ. კ. დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება, მაგრამ სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში ლ. კ.მ დანაშაული ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ასეთი დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

5. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა მოსამართლის დისკრეციაა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მინიმალურ სასჯელზე სულ მცირე 1 წლით თავისუფლების აღკვეთის დამატება კანონის იმპერატიული დათქმაა, რომლის შესრულება სასჯელის შეფარდებისას სავალდებულოა და არ ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს.

6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, ლ. კ-ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დადგენილ მინიმალურ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას დამატებული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა).

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - გიორგი ბაჩიაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - გიორგი ბაჩიაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1. ლ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. მსჯავრდებულ ლ. კ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 5 მაისიდან;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე