საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100121004581052
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №638აპ-23 ქ. თბილისი
ჭ. რ. 638აპ-23 26 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ჭ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ჭ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1...წლის 17 თებერვლის №... დადგენილებით განხორციელდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „.........ს“ რეგისტრაცია. საზოგადოების პარტნიორებად განისაზღვრა - ო. ც–ი 33,33%, ა. თ–ე - 33,33% და გ. თ–ე - 33,34% წილობრივი მაჩვენებლებით. საზოგადოების დირექტორად განისაზღვრა გ. თ–ე. ქ. რ–ს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 19... წლის .. თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „........“ ჩაერთო გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი - ...
შპს „.........“-ს დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2010 წლის 29 სექტემბრის და 2010 წლის 2 ნოემბრის ოქმების საფუძველზე, შპს „.........ს“ დირექტორად დაინიშნა რ. ჭ–ე, რომელზედაც ასევე გასხვისდა გ. ზ–სის კუთვნილი 33,34% წილი. 2013 წლის 30 მაისის და 2014 წლის 18 სექტემბრის კრების ოქმების საფუძველზე, ო. ც–ს და ა. თ–ს წილებიც გასხვისებულ იქნა რ. ჭ–ზე, რომელიც 2014 წლის 18 სექტემბრიდან ასევე გახდა შპს „.........ს“ 100% წილის მფლობელი. შპს „.........ს“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა სასურსათო პროდუქტით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის და შპს „.........ს“ წესდების საფუძველზე, რ. ჭ–ს, როგორც შპს „.........ს“ ერთპიროვნულ დირექტორს, ევალებოდა შპს „.........ს“ საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული, როგორც საერთო სახელმწიფოებრივი ისე ადგილობრივი გადასახადების გადახდა. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „.........ს“ დირექტორმა - რ. ჭ–მ პირადი სარგებლის მიღების მიზნით, არ შეასრულა თავისი მოვალეობა და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების გზით, შესაბამის დოკუმენტაციაში სრულად არ ასახა ხსენებული შპს-ს მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი და დეკლარაციები სრულყოფილად არ წარადგინა საგადასახადო ორგანოში.
„2015 წლის მეოთხე კვარტლის საგადასახადო შემოწმების გეგმის დამტკიცების შესახებ“, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 ოქტომბრის N......... ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნოემბრის N........ ბრძანებით მოხდა შპს „.........ს“ 2010 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდში გაწეული სამეწარმეო საქმიანობის სრული საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს დირექტორი იყო რ. ჭ–ე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე, 2015 წლის 10 დეკემბრის N........ ბრძანებით, შპს „.........ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 27 477 ლარის გადახდა, მათ შორის ძირითადი გადასახადი 18 318 ლარი და ჯარიმა 9 159 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა 2015 წლის 10 დეკემბრის N....... საგადასახადო მოთხოვნა. ხსენებულ დოკუმენტებს რ. ჭ–ე გაეცნო 2015 წლის 14 დეკემბერს. რ. ჭ–მ 2015 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, 2015 წლის 10 დეკემბრის N........ ბრძანება და N....... საგადასახადო მოთხოვნა არ გაასაჩივრა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნოემბრის N....... ბრძანებით დანიშნული შპს „.........ს“ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 18 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 25 თებერვლის N....... ბრძანებით, შპს „.........ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით ასევე დაეკისრა სულ 135 355 ლარის გადახდა მათ შორის, ძირითადი გადასახადი 90 236 ლარი და ჯარიმა 45 119 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემული იქნა 2016 წლის 25 თებერვლის N........ საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.
2016 წლის 23 მარტს შპს ,,.........მ“ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს, 2016 წლის 25 თებერვლის N....... საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2016 წლის 14 აპრილის, N........ ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის დამატებით შესწავლა. აღნიშნულზე შედგა 2016 წლის 14 ივნისის დასკვნა, რომლის მიხედვითაც შპს ,,.........ს“ დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. ხსენებული დასკვნის საფუძველზე გამოიცა 2016 წლის 20 ივნისის N....... ბრძანება და 2016 წლის 22 ივნისის N.......... საგადასახადო მოთხოვნა, რომლებსაც გადამხდელი გაეცნო 2017 წლის 27 ივნისს.
2016 წლის 22 ივნისის N...... საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები გადამხდელმა კვლავ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში. დავების დეპარტამენტის 2016 წლის 1 აგვისტოს N...... ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის დამატებით შესწავლა. აღნიშნულზე შედგა 2016 წლის 19 აგვისტოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც შპს ,,.........ს“ დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. ხსენებული დასკვნის საფუძველზე გამოიცა 2016 წლის 26 აგვისტოს N......... ბრძანება და მის საფუძველზე 2016 წლის 26 აგვისტოს N............. საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2017 წლის 8 სექტემბერს.
2016 წლის 26 აგვისტოს N....... საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები გადამხდელმა კვლავ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში. დავების დეპარტამენტის 2016 წლის 18 ოქტომბრის N..... ბრძანებით დარჩა განუხილველი, რასაც გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 14 ნოემბერს.
2016 წლის 18 ოქტომბრის N....... ბრძანება, 2016 წლის 26 აგვისტოს N...... ბრძანება და მის საფუძველზე 2016 წლის 26 აგვისტოს N....... საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელმა 2016 წლის 2 დეკემბერს გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გადამხდელს ჩაბარდა 2017 წლის 19 ოქტომბერს. შპს ,,.........ს“ წარმომადგენლის მიერ შემდგომში არ მომხდარა დამატებით დარიცხული თანხების გასაჩივრება სასამართლოში.
საბოლოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნოემბრის N......... ბრძანებით დანიშნული შპს „.........ს“ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, 2015 წლის 10 დეკემბრის N........ და 2016 წლის 26 აგვისტოს N......... საგადასახადო მოთხოვნებით, საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად, დამატებით დაერიცხა 162 832 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 108 554 ლარი, ხოლო ჯარიმა 54 278 ლარი. რ. ჭ–მ, როგორც შპს ,,.........ს“ დირექტორმა, კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მოახდინა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის 108 554 ლარის გადახდას.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის განაჩენით:
3.1. რ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელი ვადად განესაზღვრა - 3 წელი;
3.2. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე რ. ჭ–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი;
3.3. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულს განემარტა, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და, მსჯავრდებულ რ. ჭ–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ზვიად ფხაკაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას რ. ჭ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით - კასატორი ითხოვს რ. ჭ–ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რაც არ უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ რ. ჭ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, რ. ჭ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ რ. ჭ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელთან, ჯარიმასთან ერთად. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ რ. ჭ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, და, შესაბამისად, სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენებისათვის საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წინაპირობები.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის, პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, ... სწორედ არასაპატიმრო სასჯელები უნდა იქნეს გამოყენებული (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).
12. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი