შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№577აპ-23 26 ოქტომბერი, 2023 წელი
თ-ი შ., 577აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ – ალექსანდრე ფოცხვერაშვილის,ადვოკატ – ნ.თ-ას,მსჯავრდებულ – შ. თ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ შ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, შ. თ-ი,-ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით.
2. ამავე განაჩენით, ი. გ-ი, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 16 ივლისს, დაახლოებით, 05:55 საათზე, თ-ი, მ. ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. თ-ი და ი. გ-ი, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ზ. კ-ის კუთვნილ, „HONDA INSIGHT-ის“ მარკის ავტომანქანას (სახ. №-) და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნულმა ქმედებამ დიდი ოდენობით – 11500 ლარის – ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენით, ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით.
· 2022 წლის 16 ივლისს, დაახლოებით, 05:55 საათზე, თ-ი, მ. ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. თ-ი, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული ი. გ-ი, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, არაერთგზის, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ზ. კ-ის კუთვნილ, „HONDA INSIGHT-ის“ მარკის ავტომანქანას (სახ. №---) და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნულმა ქმედებამ დიდი ოდენობით – 11500 ლარის – ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
4. აღნიშნული ქმედებისათვის შ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი – და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 17 ივლისიდან.
ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენითა და 2022 წლის 1 ივლისის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. თ-ის ადვოკატმა ნ. თ-ამ, რომელმაც, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვა შ. თ-ისათვის მინიმალური სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ერთი მესამედი, ანუ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვლება პირობით მსჯავრად, ხოლო 4 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ადვოკატ ნ. თ-ას სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენი შ. თ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – მსჯავრდებულ შ. თ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. თ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ შ. თ-მა თავიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოებს ნებაყოფლობით მისცა აღიარებითი ჩვენება, მიიღო მონაწილეობა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში. ამით სწრაფად გაიხსნა დანაშაული, პირველი ინსტანციის სასამართლოში უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, რითიც მნიშვნელოვნად დაიზოგა სასამართლოს რესურსი. გარდა ამისა, მსჯავრდებული და მისი ოჯახის წევრები არიან სოციალურად დაუცველები, რის გამოც ვერ მოხერხდა წინა განაჩენით დანიშნული ჯარიმის გადახდა. დაზარალებულს სადაზღვევო კომპანიამ სრულად აუნაზღაურა ზიანი და შ. თ-ს ასანაზღაურებელი აქვს მხოლოდ 3000 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მსჯავრდებულისათვის რეალური სასჯელის საბოლოო ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას იმის გათვალისწინებითაც, რომ შ. თ-ი 27 წლის ახალგაზრდაა და კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი.
8. 2023 წლის 18 ოქტომბერს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და სიმძიმე, ბრალეულობის ხარისხი, ასევე, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელშეწყობა, დამნაშავე პირებზე მამხილებელი ჩვენების მიცემა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ შ. თ-ს, მის ადვოკატს – ნ. თ-ასა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილეს – ალექსანდრე ფოცხვერაშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
9. 2023 წლის 19 ოქტომბერს პროკურორმა ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ შ. თ-ს შორის 2023 წლის 18 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ შ. თ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვლება პირობითად; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, შ. თ-ს სასჯელის საბოლოო ზომად დაენიშნოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვლება პირობითად, 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
10. 2023 წლის 26 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს: პროცესში მონაწილე პროკურორმა ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა, მსჯავრდებულმა შ. თ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. თ-ამ. დაცვის მხარემ ასევე ითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ალექსანდრე ფოცხვერაშვილსა და მსჯავრდებულ შ. თ-ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ ზ. კ-ის ჩვენებით, მოწმეების: ვ. ჭ-ის, თ. კ-ის, ბ. ფ-სა და ი. ს-ის – გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით (ავტომანქანით), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და №---- სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, შ. თ-ის მიმართ ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ შ. თ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და სასჯელის ზომასთან დაკავშირებით ეთანხმება პროკურორს. მსჯავრდებული შ. თ-ი ასევე აცნობიერებს სასამართლოს უფლებამოსილებასაც, მხედველობაში არ მიიღოს შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ისიც ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე ფოცხვერაშვილის – შუამდგომლობა მსჯავრდებულ შ. თ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ალექსანდრე ფოცხვერაშვილსა და მსჯავრდებულ შ. თ-ს შორის;
4. შ. თ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი და შ. თ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო ზომად დაენიშნოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
6. მსჯავრდებულ შ. თ-ს სასჯელი აეთვალოს დაკავების დღიდან – 2022 წლის 17 ივლისიდან;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შ. თ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
8. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე