საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121005049423
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №833აპ-23 ქ. თბილისი
გ-ი ლ, 833აპ-23 9 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით:
1.1. ლ. გ-ი, - დაბადებული .. წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. გ-ს შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით შეცვლილი შინაპატიმრობის მოუხდელი ნაწილი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 12 აგვისტოდან.
1.3. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით ლ. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი, რაც გადახდილია.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის განაჩენით ლ. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 350 საათით, რომლის მოხდაც დაასრულა 2017 წლის 19 ივლისს.
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით ლ. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით ლ. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ამ განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „დ“, „ე” ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
· აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლითა და 262-ე მუხლით ნასამართლევმა ლ. გ-მა 2021 წლის 4 აგვისტოს უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1417 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც იმავე დღეს ქ.თ-ში, ფ-ში, 70-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200 ლარის სანაცვლოდ, გაასაღა ხ. დ-ზე.
· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლითა და 262-ე მუხლით ნასამართლევმა ლ. გ-მა 2021 წლის 6 აგვისტოს უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,034 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც იმავე დღეს ქ.თ-ში, ფ-ში, 70-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ხ. დ-ზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ლ. გ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-მ საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განაჩენის გაუქმება და ლ. გ-ის გამართლება. ამასთან, ადვოკატმა ნ. ჩ-მ მის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ დაზუსტებულად მოტივირებულ საკასაციო საჩივარს წარმოადგენდა დამატებით, რაც კასატორთან სატელეფონო გასაუბრების მიუხედავად, არ მომხდარა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ლ. გ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ ლ. გ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების - ხ. დ-ის, ლ. კ-ის, რ. ნ-ის, ე. ა-ისა და სხვათა ჩვენებები, ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმები, ამოღების ოქმები, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და ამ ჩანაწერის გაშიფრული კრებსი, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №.. დასკვნა, ჰაბიტოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის №… დასკვნა, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, დაკავების ოქმი, ნარკოლოგიური გამოკვლევის №… დასკვნა და სხვა მტკიცებულებები.
7. მოწმე ხ. დ-ის ჩვენებით, არის ტაქსის მძღოლი. 2021 წლის დაახლოებით 25-27 ივლისს, ქ.თ-ში, ზემო ფ-ში მიიყვანა მგზავრი, რის შემდეგაც, მცირედი შესვენების მიზნით, იქვე 70-ე სკოლის მიმდებარედ არსებულ წყაროსთან გაჩერდა და გადმოვიდა. იქვე იმყოფებოდა მანამდე მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა ლ. გ-ნი. მას ფეხზე შენიშნა სამაჯური, რის თაობაზეც გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რა იყო, რაზეც ლ. გ-მა უპასუხა, რომ იყო ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვისათვის და იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. თავის მხრივ, მანაც მიუგო, რომ თავადაც იყო ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის. გარკვეული საუბრის შემდეგ ლ. გ-მა შესთავაზა, ნარკოტიკს თუკი მოიხმარდა, შეეძლო თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ მიცემა. მათ გაცვალეს მობილური ტელეფონის ნომრები და შეთანხმდნენ, რომ თანხის არსებობისა და ნარკოტიკის შეძენის სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეეძლო დაერეკა და ნარკოტიკული საშუალების მისგან შეეძინა. როგორც ყოფილი თანამშრომელი, მიხვდა, რომ მისი შეთავაზება იყო დანაშაული და მოქალაქეობრივ ვალდებულებად ჩათვალა, ამის შესახებ ეცნობებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. უკვე თვის ბოლოს, 2021 წლის 30 ივლისს, მან განცხადებით მიმართა ქ. თ-ის პოლიციის დეპარტამენტს და აცნობა, რომ მისი ნაცნობი ლ. გ-ნი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ასაღებდა ნარკოტიკულ საშუალებას, ნებაყოფლობით გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. 2021 წლის 4 აგვისტოს ნარკოტიკული საშუალების შესყიდვის მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა გადასცეს დანომრილი თანხა - 200 ლარი, წაიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, აღჭურვეს სპეციალური აუდიო და ვიდეო აპარატურით, რის შემდეგაც იგი დაუკავშირდა ლ. გ-ს და შეუთანხმდა შეხვედრაზე. შეხვდნენ დათქმულ ადგილას, ლ. გ-ნს თავის ავტომანქანაში გადაუთვალა და გადასცა გამომძიებლის მიერ დანომრილი 200 ლარი და შეთანხმდნენ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ორ საათში მიუტანდა. დაპირებულ დროს ლ. გ-მა მიიტანა და მას გადასცა შავ პაკეტში გახვეული ნარკოტიკული საშუალება, რაც, თავის მხრივ, გადასცა პოლიციის თანამშრომლებს. ამის შემდეგ, მეორე შესყიდვა მოხდა 2021 წლის 6 აგვისტოს. იმავე, ძველ ადგილას, შეხვდა ლ. გ-ს, გადასცა პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაცემული, დანომრილი 100 ლარი, რის შემდეგაც დაახლოებით ორი საათი ელოდებოდა სკოლასთან; დაგვიანების გამო დაურეკა მას და უთხრა, რომ „ეცლია, ჯერ ვერ შოულობდა“. შემდეგ მივიდა, ჩაჯდა მისი ავტომობილის უკანა სალონში, მის უკან და უთხრა, რომ საითაც ეტყოდა, იქით წასულიყო. გაემართნენ რ-ის მიმართულებით, შემდეგ გადაუხვიეს გ-ის დასახლებაში, ატარა ჩიხებში და მიიყვანა თივის ზვინთან, სადაც ლ. გ-ნი გადავიდა, ხოლო მას უთხრა, რომ მოებრუნებინა ავტომობილი. მოწმის ჩვენებით, როგორც თვითონ მიხვდა, ლ-მა თივის ზვინიდან აიღო ნარკოტიკის შეკვრა, 10 წამში დაბრუნდა და ავტომანქანაში ჩაჯდომისთანავე მოთხოვა კარის ჩაკეტვა; მისი აზრით, თუ უეცრად პოლიცია დაადგებოდათ, ნარკოტიკული საშუალების თავიდან მოშორების შესაძლებლობა ექნებოდათ. გზად შეხვდათ საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, რაზეც ლ. გ-ნი აღელდა/შეშინდა. ზემო ფ-ში დაბრუნებისას ლ. გ-მა ერთ-ერთ კორპუსთან გააჩერებინა ავტომობილი, გადავიდა და ნახევარ წუთში დაბრუნდა; დაახლოებით 100 მეტრში, ჩიხში გააჩერებინა ავტომანქანა და უთხრა, რომ რამე ქაღალდი მიეცა. მან მისცა სიგარეტის ფოლგის ქაღალდი, რაზეც ლ. გ-მა გადაუყარა ნარკოტიკული საშუალება და თან დააყოლა „შედარებით ცოტაა, მაგრამ ხარისხიანიაო“. შემდეგ ლ. გ-ნი იქვე ჩამოვიდა, ხოლო თვითონ მივიდა პოლიციის თანამშრომლებთან, რომლებიც იმყოფებოდნენ სუპერმარკეტ ზ-ან და ლ. გ-ის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება კვლავ მათ გადასცა. მოწმის განმარტებით, ლ. გ-მა ერთი დოზა ნარკოტიკული საშუალების ღირებულად 50 ლარი განუსაზღვრა.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე ხ. დ-მა დაადასტურა საკუთარი სურვილით სამართალდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და 2021 წლის 4 და 6 აგვისტოს პოლიციის მიერ გადაცემული თანხით ლ. გ-ნ შეიძინა, საკონტროლო შესყიდვის დასრულებისთანავე, მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები; 4 და 6 აგვისტოს ამოღების ოქმებით უტყუარად დასტურდება, რომ ლ. გ-ან შეხვედრის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ხ. დ-ან ამოიღეს მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი, მსჯავრდებულისაგან შეძენილი შავი ფერის მცირე ზომის თავმომწვარ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული და ასევე სიგარეტის ფოლგაში გახვეული ნივთიერება. აღნიშნულ ოქმებში მითითებული გარემოებების სისწორე დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერებით. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №… და …. დასკვნებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 აგვისტოს, ხ. დ-ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი, თერმულად დამუშავებულ (მილღობილ) შავ პოლიმერული მასალის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე, 0,71 გრამი მოყავისფრო ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,1417 გრამ ჰეროინს, 0,0013 გრამ კოდეინს (ფუძე) და 0,0225 გრამს მორფინს (ფუძე), ხოლო სიგარეტის კოლოფის შიგთავსი ვერცხლისფერ-თეთრ ქაღალდში ერთ ცალად გახვეული მოყავისფრო ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით ნოტიო მდგომარეობაში - 0,22 გრამი და წონით გამოშრობის შემდეგ - 0,17 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს 0,034 გრამს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, 0,0127 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (ფუძე) და 0,0029 გრამ ნარკოტიკულ საშუალება კოდეინს (ფუძე).
9. ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ინფორმაციის სისწორისა და კატეგორიული ხასიათის შესახებ სასამართლოს ჩვენება მისცეს ექსპერტებმა - მ. დ-მ, ი. თ-მ და ა. დ-მ. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოში გამოკვლეულ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გადაღებულ ვიდეოაუდიო ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ლ. გ-სა და მოწმე ხ. დ-ის შეხვედრა და ის გარემოება, რომ ლ. გ-მა ხ. დ-ს ორჯერვე - 2021 წლის 4 და 6 აგვისტოს გადასცა კონკრეტული პაკეტები, რომლებშიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები. იმავდროულად, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №.. და ჰაბიტოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის №… დასკვნებით დასტურდება, რომ აუდიოგრამასა და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს (2021 წლის 4 და 6 აგვისტოს ხ. დ-სა და ლ. გ-ის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებსა და მათი შეხვედრის ამსახველ ფარულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებში) მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ფონოგრამებში (სატელეფონო ჩანაწერებსა და ვიდეოჩანაწერებში) მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ლ. გ-ის ხმა ერთმანეთის იდენტურია, ხოლო ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახე ექსპერტიზის ბიუროს ხელთარსებულ მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ 1993 წლის 9 იანვარს დაბადებულ ლ. ა-ს ძე გ-ის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების იდენტურია.
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ აგენტ-პროვოკატორმა მსჯავრდებულს მოუწყო დანაშაულის პროვოკაცია და მიუთითებს შემდეგს: საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოწმე ხ. დ-ის სავარაუდო უკანონო ქმედებას, მსჯავრდებულის ცრუ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას (იხ. Milinienė v. Lithuania, no. 74355/01, §§33,39, ECtHR,24/06/2008), კონკრეტულად, ლ. გ-ის მიმართ ისეთი სახის დაინტერესებას, რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას; საქმის მასალებით გამოკვეთილია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენაში, ისინი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით და ამ გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოძიებით; საქმეში დანაშაულის წაქეზების ერთი ელემენტიც არ იკვეთება. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება დანაშაულის პროვოცირება (არც მატერიალურ-სამართლებრივი და არც პროცედურული ტესტით. მაგალითისთვის იხილეთ Bannikova v. Russia, no. 18757/06, §§ 37,51,ECtHR, 4/11/2010); შესაბამისად, მოწმის ზოგადი დამოკიდებულება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ - პასუხისგებაში მისცეს ნარკოტიკული ნივთიერების გამსაღებელი, ვერ გახდება მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. საქმის მასალებითა და ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების შედეგად ასევე ცალსახაა, რომ მსჯავრდებული თავად ასრულებს არაერთ აქტიურ მოქმედება ნარკოტიკული საშუალების მოსაპოვებლად შემდგომი გასაღების მიზნით; ასევე საუბრობს, ზოგადად, გართულებულ სიტუაციასა და გამსაღებელი პირების ერთმანეთის მიმართ უნდობლობაზე, რაც პირდაპირ აისახება და ართულებს აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ნივთიერების შეძენას.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. გ-ის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ფარგლებში ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მათი საპროცესო დამაგრება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) - კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი