საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.03.2024
საქმის ნომერი
2კ-1254აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100123007460284

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1254აპ-23 ქ. თბილისი

მ. ფ. 1254აპ-23 19 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის, პროკურორ ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ფ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ფ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ...........ს საავტომობილო გზის ..-ე კილომეტრზე, ,,FORD TRANSIT”-ის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ......., რომლის მძღოლმა - ფ. მ–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები: „მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზეც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა“, შეეჯახა .......... მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით .........., რომელსაც მართავდა მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მცხოვრები, 1.. წლის ... დაბადებული ჩ. რ–ი. საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, V... ავტომობილის მძღოლმა - ჩ. რ–მა, მისმა მგზავრმა, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მცხოვრებმა, 2002 წლის 10 ოქტომბერს დაბადებულმა ს. ი–მა და ,,FORD TRANSIT”-ის მგზავრმა, ბ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მცხოვრებმა, 2000 წლის 17 მარტს დაბადებულმა ი. ნ–მა მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განაჩენით:

3.1. ფ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

3.2. ფ. მ–ს, 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

3.3. ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ფ. მ–ს დაეკისრა მოვალეობა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და, მსჯავრდებულ ფ. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე. ასევე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა კანონით გათვალისწინებული ზომის მაქსიმალური ვადით;

4.2. მსჯავრდებულ ფ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. პ–მ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ფ. მ–სათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის განსაზღვრა, მართვის უფლების აკრძალვის გარეშე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას ფ. მ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით - სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას მუხლის სანქციით გათვალისწინებული ზომის მაქსიმალური ვადით.

7. 2024 წლის 28 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში რუსთავის საქალაქო სასამართლოდან რეაგირებისათვის გადმოიგზავნა მსჯავრდებულ ფ. მ–ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძის სახელზე შედგენილი შუამდგომლობა. მსჯავრდებული ითხოვს ვადაზე ადრე მოეხსნას დამატებით დაკისრებული აკრძალვა, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევიდან გასულია 7 თვე, ეკონომიურად უჭირს და სურს იმუშაოს მძღოლად, რათა არჩინოს ოჯახის წევრები.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ფ. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ფ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ ფ. მ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის, დაზარალებულების: ჩ. რ–ს, ი. ნ–ს და ს. ი-ს გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ი. ნ–ს, მ. დ-ს და ს. ი-ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოები, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, სასამართლო სამედიცინო, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ფ. მ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

11. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

12.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ფ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით მსჯავრდებულ ფ. მ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ფ. მ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, ... სწორედ არასაპატიმრო სასჯელები უნდა იქნეს გამოყენებული (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მოთხოვნა ფ. მ–სათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მაქსიმალური ვადით ჩამორთმევის შესახებ დაუსაბუთებელია, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი დამატებითი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ფ. მ–ს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დამატებით სასჯელად - 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც სრულად კანონშესაბამისია. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

16. მსჯავრდებულ ფ. მ–ს შუამდგომლობასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის სახით ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენის ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებულს სურდა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება მას უნდა წარმოედგინა საკასაციო საჩივარი საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით დადგენილ ვადაში და წესით სწორედ ამ მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ (სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით), შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში) გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მსჯავრდებულ ფ. მ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის, პროკურორ ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე