საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1385აპ-23 თბილისი
მ-ი შ., 1385აპ-23 25 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ. მ-ს ბრალად დაედო: დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილით); ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება ჯგუფურად (საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი); ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუკი არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ი/მ „შ. მ-ი“ (ს/ნ --) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.01.2010 წელს. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფარმაცევტული და ჰიგიენური საქონლით ვაჭრობა, ასევე 2017-2018 წლებში – ავტომობილის ნაწილებით ვაჭრობა. შ. მ-მა 01.01.2017 წლიდან 01.09.2020 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 დეკემბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით და შემოსავლების სამსახურის უფროსის №- ბრძანებით ი/მ „შ. მ-ს“ (ს/ნ --) ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 211 446 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 140 897 ლარი, ჯარიმა – 70 549 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე გამოცემული №- საგადასახადო მოთხოვნით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 225 483.66 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 146 538 ლარი, ჯარიმა – 70 549 ლარი, საურავი – 8 277.66 ლარი. ი/მ „შ. მ-ის“ 2020 წლის 11 დეკემბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოსავლების სამსახურის უფროსის №- ბრძანება და №- საგადასახადო მოთხოვნა ელექტრონულად ჩაბარდა 19.12.2020 წელს, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით.
· ი/მ „შ. მ-მა“ 2020 წლის 30 დეკემბერს №- საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში (საჩივრის №-). შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ №- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, საფუძვლის არსებობის შემთხვევაში – მისი კორექტირება.
· შემოსავლების სამსახურის №- ბრძანების აღსრულების მიზნით, 31.05.2021 წელს გამოიცა დასკვნა ი/მ „შ. მ-ის“ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. ვინაიდან გადამხდელს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია აუდიტის დეპარტამენტისათვის, ამიტომ დარიცხული თანხა გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 07.04.2021 წლის №- ბრძანება და 08.04.2021 წლის №- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. გადამხდელს აღნიშნული გაეცნო ელექტრონულად 09.04.2021 წელს.
· ი/მ „შ. მ-მა“ №- საგადასახადო მოთხოვნაზე 2021 წლის 4 მაისს წარადგინა №- და 2021 წლის 19 მაისს – №- საჩივრები, რომლებზეც შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიღო №- ბრძანება, რომლითაც საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შემდეგ გადამხდელმა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა 16.12.2020 წლის №053-17 საგადასახადო მოთხოვნა და №- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, ასევე – №- და №- ბრძანებები.
· ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.07.2021 წლის №- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, რომელიც ეხებოდა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2020 წლის №- საგადასახადო მოთხოვნასა და შემოსავლების სამსახურის 02.03.2021 წლის №- ბრძანებას. ასევე – ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.07.2021 წლის №- წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, რომელიც ეხებოდა აუდიტის დეპარტამენტის №- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას და შემოსავლების სამსახურის №- ბრძანებას. 29.07.2021 წლის გადაწყვეტილებები გადამხდელს ელექტრონულად გაეცნო 13.10.2021 წელს. ი/მ „შ. მ-ს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში არ გაუსაჩივრებია. 2020 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი და შემოსავლების სამსახურის უფროსის №- ბრძანება და №- საგადასახადო მოთხოვნა. ამჟამად გასულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
· 2021 წლის 10 ნოემბერს ი/მ „შ. მ-ს“ გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით არსებულ დავალიანებაზე. საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახდელ თანხად განისაზღვრა 48 600 ლარი, ხოლო გადახდის ვადად – 2021 წლის 31 დეკემბერი. ი/მ „შ. მ-ს“ არ გადაუხდია საგადასახადო შემოწმებით გათვალისწინებული თანხები, რის შემდეგაც გაუქმდა შ. მ-თან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების აქტი.
· შ. მ-მა არ ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი ვადით და 45 სამუშაო დღის ვადაში არ დაფარა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა – 146 538 ლარი; იმავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება (ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილით).
· ი/მ „შ. მ-ი“ (ს/ნ --) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.01.2010 წელს. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფარმაცევტული და ჰიგიენური საქონლით ვაჭრობა, ასევე, 2017-2018 წლებში – ავტომობილის ნაწილებით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 დეკემბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით და შემოსავლების სამსახურის უფროსის №- ბრძანებით ი/მ „შ. მ-ს“ (ს/ნ --) ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 211 446 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 140 897 ლარი, ჯარიმა – 70 549 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე გამოცემული №- საგადასახადო მოთხოვნით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 225 483.66 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 146 538 ლარი, ჯარიმა – 70 549 ლარი, საურავი – 8 277.66 ლარი. ი/მ „შ. მ-ის“ 2020 წლის 11 დეკემბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოსავლების სამსახურის უფროსის №- ბრძანება და №- საგადასახადო მოთხოვნა ელექტრონულად ჩაბარდა 19.12.2020 წელს, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით.
· შ. მ-მა განიზრახა, რომ თავი აერიდებინა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდისათვის. კერძოდ: ვინაიდან შ. მ-ს არ სურდა დარიცხული გადასახადის გადახდა და უნდოდა აღნიშნული თანხების შემცირება, დაუკავშირდა ი/მ „გ. ყ-ს“ (პ/ნ -), რომელსაც უთხრა, რომ არ სურდა საგადასახადო დავალიანების გადახდა, ამიტომ სთხოვა, შეექმნა ყალბი ჩათვლები, რომელთა გამოყენებითაც მის სახელზე დარიცხულ თანხებს შეამცირებდა. გ. ყ-ი დასთანხმდა შ. მ-ის შეთავაზებას და ი/მ „შ. მ-ის“ სახელით 24.08.2020 წელს ატვირთა 2020 წლის ივლისის თვის გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია (რეგისტრაციის ნომერი – -). აღნიშნულ დეკლარაციაში მან მიუთითა, რომ, თითქოს, ი/მ „გ. ყ-მა“ ი/მ „შ. მ-ს“ 2020 წლის ივლისის თვეში უკან დაუბრუნა 2017 წლის დეკემბერში ი/მ „შ. მ-ის“ მიერ გ. ყ-ისათვის გადახდილი ხელფასი, რის შემდეგაც ი/მ „შ. მ-ს“ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში უნდა მიეღო ყალბი ჩათვლა – 63 000 ლარი. ამ დეკლარაციის წარდგენის შემდეგ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პროგრამაში გამოჩნდა, რომ მიმდინარეობდა აღნიშნული დეკლარაციის დამუშავების პროცესი, ვინაიდან მათ არ იცოდნენ, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა პროცესი, შ. მ-ის მითითებით, მეორე დღეს – 25.08.2020 წელს – გ. ყ-მა, ი/მ „შ. მ-ის“ სახელით, ამჯერად ატვირთა 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (რეგისტრაციის ნომერი – -), რომელშიც მიუთითა, რომ, ვითომდა, 2019 წელს ი/მ „შ. მ-მა“ ხელფასის სახით გაცემული თანხები მიიღო უკან, რის შედეგადაც მან მიიღო ყალბი ჩათვლა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში – 63 000 ლარი, მაგრამ, ვინაიდან აღნიშნული პერიოდისათვის ი/მ „შ. მ-ს“ ბიუჯეტში გადასახდელი ჰქონდა დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადი – 957.37 ლარი, შ. მ-ს ზედმეტობაში დაუჯდა 62 042.63 ლარი. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ მიერ წარდგენილი გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია (რეგისტრაციის ნომერი – -) აისახა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში. აქედან გამომდინარე, წარდგენილი დეკლარაციების შედეგად ი/მ „შ. მ-მა“ (ს/ნ --) მიიღო ყალბი ჩათვლა, სულ – 126 000 ლარი, რომლითაც ნაწილობრივ დაიფარა №- საგადასახადო მოთხოვნით ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული თანხა. შ. მ-ისა და გ. ყ-ის მიერ წარდგენილი ყალბი დეკლარაციებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 126 000 ლარის მატერიალური ზიანი (ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
· ი/მ „შ. მ-ი“ (ს/ნ --) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.01.2010 წელს. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფარმაცევტული და ჰიგიენური საქონლით ვაჭრობა, ასევე 2017-2018 წლებში – ავტომობილის ნაწილებით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 დეკემბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით და შემოსავლების სამსახურის უფროსის №- ბრძანებით ი/მ „შ. მ-ს“ (ს/ნ --) ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 211 446 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 140 897 ლარი, ჯარიმა – 70 549 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე გამოცემული №- საგადასახადო მოთხოვნით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 225 483.66 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 146 538 ლარი, ჯარიმა – 70 549 ლარი, საურავი – 8 277.66 ლარი. ი/მ „შ. მ-ის“ 2020 წლის 11 დეკემბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოსავლების სამსახურის უფროსის №- ბრძანება და №- საგადასახადო მოთხოვნა ელექტრონულად ჩაბარდა 19.12.2020 წელს, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით.
· შ. მ-მა განიზრახა, რომ თავი აერიდებინა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდისათვის. კერძოდ, ვინაიდან შ. მ-ს არ სურდა დარიცხული გადასახადის გადახდა და უნდოდა ამ თანხების შემცირება, დაუკავშირდა გ. ყ-ს (პ/ნ -), რომელსაც უთხრა, რომ არ სურდა საგადასახადო დავალიანების გადახდა, ამიტომ სთხოვა, შეექმნა ყალბი ჩათვლები, რომელთა გამოყენებითაც მის სახელზე დარიცხულ თანხებს შეამცირებდა. გ. ყ-ი დასთანხმდა შ. მ-ის შეთავაზებას და ი/მ „შ. მ-ის“ სახელით 24.08.2020 წელს ატვირთა 2020 წლის ივლისის თვის გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია (რეგისტრაციის ნომერი – -). აღნიშნულ დეკლარაციაში მან მიუთითა, რომ, თითქოს, ი/მ „გ. ყ-მა“ ი/მ „შ. მ-ს“ 2020 წლის ივლისის თვეში უკან დაუბრუნა 2017 წლის დეკემბერში ი/მ „შ. მ-ის“ მიერ გ. ყ-ისათვის გადახდილი ხელფასი, რის შემდეგაც ი/მ „შ. მ-ს“ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში უნდა მიეღო ყალბი ჩათვლა – 63 000 ლარი. ამ დეკლარაციის წარდგენის შემდეგ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პროგრამაში გამოჩნდა, რომ მიმდინარეობდა აღნიშნული დეკლარაციის დამუშავების პროცესი; ვინაიდან მათ არ იცოდნენ, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა პროცესი, შ. მ-ის მითითებით, მეორე დღეს – 25.08.2020 წელს – გ. ყ-მა, ი/მ „შ. მ-ის“ სახელით, ამჯერად ატვირთა 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (რეგისტრაციის ნომერი – -), რომელშიც მიუთითა, რომ, ვითომდა, 2019 წელს ი/მ „შ. მ-მა“ ხელფასის სახით გაცემული თანხები მიიღო უკან, რის შედეგადაც მან მიიღო ყალბი ჩათვლა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში – 63 000 ლარი, მაგრამ, ვინაიდან აღნიშნული პერიოდისათვის ი/მ „შ. მ-ს“ ბიუჯეტში გადასახდელი ჰქონდა დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადი – 957.37 ლარი, შ. მ-ს ზედმეტობაში დაუჯდა 62 042.63 ლარი. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ მიერ წარდგენილი გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია (რეგისტრაციის ნომერი – -) აისახა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში. აქედან გამომდინარე, წარდგენილი დეკლარაციების შედეგად ი/მ „შ. მ-მა“ (ს/ნ --) მიიღო ყალბი ჩათვლა, სულ – 126 000 ლარი, რომლითაც ნაწილობრივ დაიფარა №- საგადასახადო მოთხოვნით ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული თანხა. შ. მ-ისა და გ. ყ-ის მიერ წარდგენილი ყალბი დეკლარაციებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 126 000 ლარის მატერიალური ზიანი (ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენით შ. მ-ი, - ნასამართლობის არმქონე, გამართლდა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს შ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითაც, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან ერთად, და უფრო მკაცრი სასჯელის ზომის განსაზღვრას.
5. მსჯავრდებული შ. მ-ი და მისი ადვოკატი ე. ბ. შესაგებლით ითხოვენ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
8. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. საკასაციო პალატა შ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გამართლებას მართებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა გარემოებებზე, რომლებიც, მტკიცებულებებით დადგენილ სხვა გარემოებებთან ერთობლივად, გამორიცხავს შ. მ-ის მხრიდან ზემომითითებული დანაშაულების ჩადენას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების ამ ნაწილში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ. კერძოდ:
9. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით რეგულირდება გადამხდელის (ინდ. მეწარმის) ვალდებულების შეუსრულებლობა სახელმწიფოს მიმართ გადასახადისათვის თავის არიდების კუთხით. აღნიშნული ნორმა სისხლის სამართლის კოდექსის საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა თავშია მოქცეული და მისი სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლი კი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავშია მოქცეული და მისი დაცვის ობიექტი საკუთრებითი ურთიერთობებია, რაც არსებითად განსხვავდება სსკ-ის 218-ე მუხლის დაცვის ობიექტისაგან.
10. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით პირის პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც ქონების მფლობელს ან მესაკუთრეს ადგება ქონებრივი ზიანი მოტყუებით, ამასთან, არ უნდა იყოს თაღლითობის ნიშნები. სამეწარმეო ურთიერთობები კი განსხვავდება საკუთრებითი ურთიერთობებისაგან, სადაც საწარმოს დირექტორი, როგორც გადასახადის გადამხდელი, ვერ იქნება სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სუბიექტი. შესაბამისად, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოთხოვნა შ. მ-ის ზემოთ მითითებული ორი სხვადასხვა მუხლით მსჯავრდების თაობაზე, რადგან, როგორც სააპელაციო სასამართლომაც მიუთითა, კანონის ამგვარი გამოყენება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პრინციპებს და სამართლებრივ ნონსენსს წარმოადგენს.
11. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2021 წლის 10 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით სახელმწიფომ შ. მ-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დააკისრა 48 600 ლარის გადახდა, რაც ნაკლებია 100 000 ლარზე. 2021 წლის 31 დეკემბრისათვის, როდესაც ვადის დარღვევის გამო გაუქმდა შეთანხმება, შ. მ-ის ბიუჯეტის წინაშე დავალიანება შეადგენდა 30 853 ლარს, რაც ასევე ნაკლებია 100 000 ლარზე. შ. მ-ს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 7 ივლისის მდგომარეობით, გადასახდელად ერიცხება 35 886 ლარი და 25 თეთრი, რაც არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულს.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს შ. მ-ის ქმედება, ვინაიდან, ერთი მხრივ, არ არსებობს დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების შემადგენლობისათვის აუცილებელი თანხის ზღვრული ოდენობა (100 000 ლარი), ხოლო, მეორე მხრივ, ქმედების სსკ-ის 218-ე მუხლით დაკვალიფიცირებისას დამატებით სსკ-ის 185-ე მუხლით დაკვალიფიცირება სამართლებრივად უსაფუძვლოა.
13. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შ. მ-ისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) და დამამძიმებელი გარემოებები, ისე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და შ. მ-ს დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
14. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ შ. მ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენი უცვლელად დატოვა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე