საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100123006702980
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1356აპ-23 19 მარტი, 2024 წელი
ძ–ი გ. №1356აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ძ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით, გ. ძ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართელოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
1.3. 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 16 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქ.თ–ში, თ–ს გზატკეცილი, კორპუსი №.. , ბინა №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევი გ. ძ–ი, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას – ლ. ძ–ს. მის მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად ლ. ძ–მა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
1.4. 2021 წლის სექტემბრის თვის შუა რიცხვებიდან 2022 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ქ.თ–ში, თ–ს გზატკეცილი, კორპუსი №.. , ბინა №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევი გ. ძ–სი, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას – ლ. ძ–ს. მის მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად ლ. ძ–მა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
1.5. 2022 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე ქ.თ–ში, თ–ს გზატკეცილი, კორპუსი №.. , ბინა №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის ნასამართლევი გ. ძ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – ლ. ძ–ს, კერძოდ, განუცხადა, რომ მოკლავდა მას. აღნიშნული მუქარა ლ. ძ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ძ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 მარტის განაჩენით, გ. ძ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 16 ივლისის ჩათვლით ფსიქიკური ტანჯვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან 2022 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით ფსიქიკური ტანჯვის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებით.
2.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ძ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 24 ნოემბერს, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ძ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2023 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის შესაგებელი წარმოადგინა დაცვის მხარემ, რომელითაც ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ. ძ–ს ბრალეულობა. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (რომელიც ვითარების აღდგენის მიზნითაა ჩატარებული) და მოწმეების, თ. გ–ს, ი. ს–სა და გ. ხ–ს ჩვენებებით დადასტურებულია გ. ძ–ს მიერ ლ. ძ–ს მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები. ამასთან, კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს N617აპ-18, N769აპ-20 და N521აპ-22 გადაწყვეტილებებზე, სადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ იმისათვის რათა დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან. ამდენად, კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ. ძ–ს მიერ დედის – ლ. ძ–ს მიმართ ჩადენილ სისტემატური შეურაცხყოფისა (ორი ეპიზოდი) და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ. ძ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ გ. ძ–ს ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, დედის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის ორი ეპიზოდისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, რამაც მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გააჩინა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ლ. ძ–მა ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა გ. ძ–ს მიერ ლ. ძ–ზე განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, წარმოდგენილი არ არის.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების – თ. გ–ს, ი. ს–ს, გ. ხ–ს ჩვენებებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმეები გ. ძ–ს მიერ შესაძლო ოჯახური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულ ლ. ძ–სგან. ისინი არ არიან ბრალად წარდგენილი ფაქტების უშუალო თვითმხილველნი, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება გ. ძ–ს მიერ დედის, ლ. ძ–ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობისა (ორი ეპიზოდი) და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5.9. აღსანიშნავია, რომ ლ. ძ–სთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მოწმემ მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლზე, სადაც მისი განმარტებით, გ. ძ–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე მიუთითა, რომ ამავე საცხოვრებელ სახლში გ. ძ–ი მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და უდავო მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეეძინა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში დაზარალებულთან.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ძ–ი მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტები, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. ძ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.12. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე