დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010142223701498524
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №14აგ-24 თბილისი
პ–ი მ., 14აგ-24 4 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. პ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით მ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „დ“, ,,ვ“, ,,თ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მ. პ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო – 2005 წლის 16 აპრილიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენში, კერძოდ: მ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „დ“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 2 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მ. პ–ის სასჯელის მოხდა აეთვალა – 2005 წლის 16 აპრილიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით მ. პ–სა და მისი ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ იქნა განსახილველად დაშვებული.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წელი 31 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განაჩენით მ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენითა და 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ. პ–ს სასჯელის სახით დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მ. პ–ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინებით მ. პ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვასთან დაკავშირებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განაჩენი მ. პ–ს მიმართ დარჩა უცვლელად. მ. პ–ის დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 4 მარტიდან.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინებით მ. პ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა განსახილველად დაშვებული.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა მ. პ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 მაისის განჩინება, უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე უარის თქმის შესახებ.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ მ. პ–ს შუამდგომლობა მის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა, დარჩა უცვლელი.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ მ. პ–ს შუამდგომლობა მის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა, დარჩა უცვლელად.
12. 2023 წლის 26 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. პ–მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და უვადო თავისუფლების აღკვეთის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლა, შემდეგი საფუძვლებით: მას, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელი არ აქვს განსაზღვრული 2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით. აღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. მითითებულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა შეეცვალოს – ვადიანით.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინებით მ. პ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. პ–მა, რომელიც საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას იმავე საფუძვლებით, რომლებზეც უთითებდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ მ. პ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
5. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მ. პ–იისათვის შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის, ანუ – ამჟამად მოქმედ რედაქციას, კერძოდ:
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. განსახილველ შემთხვევაში, მ. პ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენითა და 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. პ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, მ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი დანიშნული აქვს განაჩენთა ერთობლიობით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესს, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს, რის შესახებაც მსჯავრდებული შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში აპელირებს, მითითებული დანაწესი ვერ გავრცელდება მ. პ–ზე, ვინაიდან მას ძირითად სასჯელად შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. პ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. პ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი