საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.07.2024
საქმის ნომერი
2კ-340აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100123007356626

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №340აპ-24 ქ. თბილისი

ფ. ბ. 340აპ-24 8 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ფ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ. ფ–მა, 2023 წლის 21 აპრილს, დაახლოებით, 11:00 საათზე, თ–ს რესპუბლიკიდან, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „ს–ში“, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, სატვირთო ავტომობილის მისაბმელში დამალვის გზით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის განაჩენით:

3.1. ბ. ფ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 2 წელი;

3.2. ბ. ფ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 22 აპრილიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მიქაილ ქობულაძემ მოითხოვა ცვლილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში და ბ. ფ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – სრულად რეალურად მოსახდელად განსაზღვრა;

4.2. მჯავრდებულ ბ. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ბ–მ მოითხოვა ცვლილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის განაჩენში სასჯელის შემსუბუქების კუთხით და ბ. ფ–ს მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის განაჩენში. კერძოდ,5.1. ბ. ფ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.2. ბ. ფ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 22 აპრილიდან.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ბ–მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას ან დანიშნული თავისუფლების აღკვეთის სრულად პირობითად ჩათვლას საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე.

6.1. 2024 წლის 25 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულმა ბ. ფ–მა. მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემცირებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ბ. ფ–ს სასჯელის შემსუბუქებას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ბ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

11. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების ან დანიშნული სასჯელის ნაწილის/სრულად პირობითად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ბ. ფ–ს აღიარებასთან და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობასთან ერთად გაითვალისწინა მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, საკასაციო სასამართლოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, დანაშაულის ჩადენის გარემოებების (ხერხი, მოტივი) და პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით ან საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებით განსაზღვრული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილის ან სრულად პირობითად ჩათვლა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ფ–სათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

15. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ბ–ს საკასაციო საჩივრი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი