საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.07.2024
საქმის ნომერი
2კ-485აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123008438492

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №485აპ-24 ქ. თბილისი

გ. ა. 485აპ-24 16 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 18:20 საათიდან 2023 წლის 20 ნოემბრის 01:07 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ–ში, .........ის ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მყოფ ლ. გ–ს, საკომუნიკაციო საშუალება „მესენჯერით" საუბრის დროს და მოკლეტექსტური შეტყობინებებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე გ. ა–ი, კერძოდ, უთხრა, რომ იყიდდა ე.წ. ლიმონკას და ააფეთქებდა გ–ების ოჯახს, ასევე, მისწერა, რომ დაუმთავრებდა ყველაფერს და თავად ციხეში წავიდოდა. გ. ას მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა ლ. გ–სმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით:

3.1. გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი;

3.2. მსჯავრდებულ გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2023 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. ა–ს დაეკისრა ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსის გავლა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. ა–ს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევასა და ზედამხედველობა ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსის გავლაზე დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა და მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და გ. ა–სისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას გ. ა–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც სრულად თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

8.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს გ. ა–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

9. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

10.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, გ. ა–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გ. ა–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გ. ა–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განაჩენზე დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი