საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.07.2024
საქმის ნომერი
2კ-564აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100124008642384

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №564აპ-24 ქ. თბილისი

ა. ვ. 564აპ-24 18 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ა–ს - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ვ. ა–მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქალაქ მ–ში, ........ისა და მ–ს ქუჩების კვეთაზე, ..........ის ქუჩის მხრიდან, დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ........., რომლის მძღოლმა - ვ. ა–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ელი პუნქტისა და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით; შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება; მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს; იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა“, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა და შეეჯახა საპირისპირო ზოლში მოძრავ HONDA-ს მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ......., რომელსაც მართავდა თ. ბ–ეე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებებით, HONDA-ს ავტომობილის მძღოლი - თ. ბ–ე და მისი მგზავრები: გ. ქ–ე და ბ. წ–ი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მიერ, გადაყვანილ იქნენ შპს „კლინიკა .....ის“ მ–ს ფილიალში, საიდანაც ბ. წ–ი, რომელსაც მიღებული ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, გადაყვანილ იქნა ქალაქ თ–ში მდებარე შპს "............ ჰოსპიტალში", სადაც ის 2023 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თ. ბ–მ მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით; გ. ქ–მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო ბ. წ–ი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა და აღნიშნული დაზიანებები უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით:

3.1. ვ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

3.2. ვ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან 2023 წლის 20 ოქტომბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თინათინ სტურუამ და მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ. ა–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას ვ. ა–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ვ. ა–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

9. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილები სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

11. სააპელაციო სასამართლომ ვ. ა–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა ვ. ა–მა ჩაიდინა მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომელსაც აღიარებს და ინანიებს; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. გასაჩივრებული განაჩენით ვ. ა–სათვის განსაზღვრული როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელის დამძიმების საფუძველი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება.

11.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის პოზიცია ავტომატურად ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების საფუძველი, ვინაიდან „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

13. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი