საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123006734129
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №557აპ-24 ქ. თბილისი
ა-ა დ. 557აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის განაჩენით:
1.1. დ. ა-ა, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2023 წლის 22 მაისიდან.
1.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს „პ-ის“ სახელზე (ID ნომერი ....) დარეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, მდებარე ქ. თ-ი, გ. ტ-ს ქუჩა N..., ბინა N... (საკადასტრო კოდით ... ).
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ა-მ ჩაიდინა ქონების მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. დ. ა-მ, როგორც შპს ,,პ-ს“ დირექტორმა, დაარწმუნა ნ. ლ-ე, რომ მას მიჰყიდიდა ქ. თ-ში, ლ-ს ქუჩის მიმდებარედ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინას. 2018 წლის 14 თებერვალს ქ. თ-ში, ბ-ს ქუჩის N...-ში მდებარე შპს ,,პ-ს’’ ოფისში, ნ. ლ-მ ქ. თ-ში, გ. ტ-ს ქუჩის N..., ბინა N...-ის ყიდვის სანაცვლოდ (საკადასტრო კოდით ... ) დ. ა-ს გადასცა 36786 ლარი. დ. ა-მ ისარგებლა ნ. ლ-ს ნდობით და ნაცვლად საჯარო რეესტრში ბინის გადაფორმებისა, აღნიშნული ბინა შპს ,,პ-ს“ სახელით, ორჯერ დატვირთა ვალდებულებით, მათ შორის, ბოლოს 2019 წლის 1 მარტს, ნ. ლ-ს ნებართვის გარეშე 28350 ლარის სანაცვლოდ დატვირთა იპოთეკით, რაც დღემდე არ არის გადახდილი, რის გამოც აღნიშნული ბინა გატანილ იქნა აუქციონზე გაყიდვის მიზნით. დ. ა-ს ქმედებით ნ. ლ-ს ქონება გახდა ქონებრივად ნაკლის მქონე, რამაც გამოიწვია ნ. ლ-ს ქონებრივი დაზიანება და მას მიადგა 28350 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დ. ა-ის დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ დ. ა-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ნ. ლ-სა და მოწმეების - ე. დ-ს, ა. ქ-ს, მ. თ-ს, მ. მ-ს, ლ. გ-ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმითა და ამოღებული დოკუმენტაციით, დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატ ი. ი-ის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ დ. ა-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომლებზე დაყრდნობითაც არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა დ. ა-ის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (დ. ა-მ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, ქონების მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია კი, საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს; მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ქმედების ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი, დაზარალებულის პოზიცია და ზიანის აუნაზღაურებლობა), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, დ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში დ. ა-ის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას), რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ასევე მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენება.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე