დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142224701518342
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №8აგ-24 ქ. თბილისი
ხ. ლ. 8აგ-24 14 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით ლ. ხ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
1.1. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,დ–ს“ ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;
1.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ი–ს“ ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;
1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ლ. ხ–ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (შპს ,,დ–ს“ ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი 3 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ხ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე;
1.4. მსჯავრდებულ ლ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 30 სექტემბრიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის პ. უ–ს წარდგინება მსჯავრდებულ ლ. ხ–ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდა;
2.1. გაუქმდა მსჯავრდებულ ლ. ხ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;
2.2. მსჯავრდებულ ლ. ხ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან.
3. მსჯავრდებული ლ. ხ–ს დააკავეს 2022 წლის 19 დეკემბერს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ხ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–მ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ვინაიდან ლ. ხ–ს სასჯელს იხდიდა ა-ს ტერიტორიაზე და ვერ ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ხ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. 2024 წლის 8 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ლ. ხ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–მ, რომლებმაც მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 თებერვლის განჩინების გადასინჯვა და ა-ს რესპუბლიკის ბელქანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და მოხდილი სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 1 წელი და 6 თვე) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.
8. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. ხ–სმა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატმა – თ. გ–მ. კასატორები ითხოვენ, რომ საკასაციო სასამართლომ გააუქმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს მიუთითოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეისწავლა სს საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის – „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 192-ე მუხლის 11 ნაწილს (სასამართლოს განჩინებაში შეიძლება მიეთითოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა), ასევე იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს.
3. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე და საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლებში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე და საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლებში გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.
4. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 თებერვლის განჩინების გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
5. კასატორის მტკიცებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელქანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი არის მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განჩინების გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და რომელიც ადასტურებს, რომ მსჯავრდებულს შეგნებულად არ აურიდებია თავი პრობაციის სამსახურში გამოცხადებისათვის და განზრახ არ დაურღვევია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის პრობაციის ბიუროს წარდგინება მსჯავრდებულ ლ. ხ–ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე; გაუქმდა მსჯავრდებულ ლ. ხ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.
6.1.1. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებული ლ. ხ–ი ჯიუტად არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას და არ ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში.
6.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ხ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მათ შორის, იმაზე მითითებით, რომ ლ. ხ–ს სასჯელს იხდიდა ა-ს ტერიტორიაზე.
6.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ხ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
6.3.1. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ, მათ შორის, განმარტა, მსჯავრდებულმა არაერთხელ აარიდა თავი პრობაციის ბიუროს მიერ დადგენილ ვალდებულებას, რაც ვერ ჩაითვლება საპატიოდ, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი მასალების თანახმად, დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა ლ. ხ–მა, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე დატოვა ს–ო და შევიდა ა–ს რესპუბლიკაში, კერძოდ, უკანონოდ გადაკვეთა ა–ს სახელმწიფო საზღვარი, რის გამოც დაედო მსჯავრი ბელაქანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით. აღნიშნული კი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელქანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი არის მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განჩინების გამოტანის დროს არ იყო ცნობილი, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული ჰქონდა, მათ შორის, იმაზე მითითებით, რომ ლ. ხ–ს სასჯელს იხდიდა ა–ს ტერიტორიაზე და შესაბამისად, ვერ ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში; თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. ხ–ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებრივი კუთხით შეაფასა, მათ შორის, კასატორის აღნიშნული არგუმენტი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული – 2023 წლის 11 თებერვლის – განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ ფაქტს/ მტკიცებულებას, რომელიც გადასასინჯი გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ იყო ცნობილი.
7.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 თებერვლის განჩინების გადასინჯვას და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელქანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ლ. ხ–ს მიმართ დანიშნული და მოხდილი სასჯელის ჩათვლას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7.1.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი დაცვის მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მიემართება მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან/და უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, და არა – შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას ან ჩათვლას.
8. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ლ. ხ–ს განზრახვა არ ყოფილა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და პრობაციის ბიუროში გამოცხადებისთვის თავის არიდება, რაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს და ლ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაუთვალოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელქანის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული და მოხდილი სასჯელის 1 წელი და 6 თვე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე და 3321-ე მუხლში მითითებული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, მსჯავრდებულ ლ. ხ–სსა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ–ს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე