საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123006740390
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №693აპ-24 ქ. თბილისი
ჯ–ა ნ., 693აპ-24 23 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ჯ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჭ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს; სასამართლომ არ დააკონკრეტა, თუ რა შემთხვევები შეგვიძლია მივიჩნიოთ მტკიცებულებათა მოპოვების წესის არსებით დარღვევად და რომელი კონკრეტული კაზუსი წარმოადგენს ასეთ დარღვევას; სასამართლომ უნდა გაარკვიოს გამოიწვია, თუ არა ფორმალურმა დარღვევამ კონკრეტული მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის, ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის გონივრული ეჭვის უარყოფის შესაძლებლობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ნ. ჯ–ს, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით − თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 აპრილის განაჩენით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 7 დეკემბრის N01/20-0907 გადაწყვეტილებითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა − თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 აპრილის განაჩენით დანიშნული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 7 დეკემბრის N01/20-0907 გადაწყვეტილებითა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.
ნ. ჯ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა გაუქმდა.
მსჯავრდებულ ნ. ჯ–ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 15 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულ ნ. ჯ–ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ჯ–მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
ნ. ჯ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 (ხუთი) წელი პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 23 ნოემბერს, ქ. თ–ში, ...... მასივის, ...ე კვარტლის №.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ჯ–მ, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0812 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ შემცველი, ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში გახვეული, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მომწვანო ფერის ნივთიერება, 215 ლარად, უკანონოდ გაასაღა ა. ა–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი, მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც, ნ. ჯ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების – ა. ა–ს, გ. ქ–ს, ლ. გ–ს, გ. კ–ს, ზ. ჯ–სა და სხვათა ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის, N......... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ლ. მ–ს ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზის N........ დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N........ დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ნ. კ–ს ჩვენებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N...... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის დ. გ–ს ჩვენებით, 2022 წლის 22 ნოემბრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერითა და აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, 2022 წლის 23 ნოემბრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერითა და მისი კრებსით, მოწმე ა. ა–თან ჩატარებული 2022 წლის 23 ნოემბრის ამოღების ოქმით, კაზინო ,,ა–დან“ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების 2022 წლის 22 დეკემბრის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 აპრილის განაჩენით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. ჯ–მ ჩაიდინა მის მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები.
11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას ბრალდების მხარის მთავარი მოწმის ა. ა–ს ჩვენების სანდობისა და დამაჯერებლობის შესახებ, რომ იგი დეტალურად და თანამიმდევრულად გადმოსცემს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო მისი ჩვენება არ შეიცავს რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. ამასთან, მოწმე ა. ა–ს ჩვენება სრულად თანხვდენილია პოლიციის მუშაკის, გამომძიებელ გ. ქ–ს ჩვენებასთან, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, წერილობით მტკიცებულებებთან (ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზების, ქიმიური ექსპერტიზის, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებთან, ამოღების ოქმებთან და სხვა), ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებთან, რომელთა მიხედვით დადგენილია, რომ 2022 წლის 22 ნოემბერს, 14:08:27 საათიდან, 2022 წლის 22 ნოემბრის, 14:11:11 საათამდე „საკონტროლო შესყიდვის“ ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით, ა. ა–მა ჩასარიცხი აპარატის საშუალებით, ნ. ჯ–ს ჩაურიცხა 215 ლარი, რის სანაცვლოდაც, ნ. ჯ–მ შეხვედრისას ა. ა–ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
12. თავის მხრივ, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოგრამას არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია ნ. ჯ–ს გამოსახულება. აღნიშნულ ექსპერტიზების დასკვნების ავთენტურობა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე დადასტურებულია მათი გამცემი შესაბამისი ექსპერტების ჩვენებებით. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, დამატებით დგინდება ისიც, რომ ამოღებულ ნივთმტკიცებაზე (ა. ა–ს მიერ ნ. ჯ–საგან შეძენილ ნივთზე), კერძოდ, მოვერცხლისფრო ფოლგის ფრაგმენტსა და სიგარეტის კოლოფზე, დადასტურდა ნ. ჯ–ს გენეტიკური ბიოლოგიური მასალის არსებობა.
13. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სამართალდამცველთა დაინტერესება მტკიცებულებათა ხელოვნურად შექმნის გზით მსჯავრდებულის დასასჯელად და რაც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.
14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ჯ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი