საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.09.2024
საქმის ნომერი
2კ-423აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100119003098893

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №423აპ-24 18 სექტემბერი 2024 წელი

ქ–ი კ., №423აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. ქ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2019 წლის 13 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ......... რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №......... საქმეზე, ქალაქ ბ–ში მდებარე, მოქალაქე ლ. ყ–ს კუთვნილ მაღაზიაში ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2019 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქალაქ ბ–ში, №.. საჯარო სკოლის ეზოში, ბ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს .. წლის თ. ა–ი, რომელსაც ქურთუკის ჯიბეში აღმოუჩინეს ლ. ყ–ს მაღაზიიდან მოპარული ოქროს, ვერცხლის და მეტალის ნივთების ნაწილი. ამავე დღეს, დაახლოებით 10:10 საათზე, პოლიციის თანამშრომლებმა თ. ა–ი გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბ–ს რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა კ. ქ–მა, გამოძიებით დაუდგენელ პოლიციელებთან ერთად, ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან თ. ა–ს მიმართ, განახორციელა დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რამაც თ. ა–ის ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა. კერძოდ, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოიხსნა ქამარი და ოთხჯერ გადაარტყა თ. ა–ს ზურგის მიდამოში, ხოლო კ. ქ–მა, მეორე პოლიციელთან ერთად – სხეულზე ურტყა ფეხები, რა დროსაც მისგან მოითხოვდა ლ. ყ–სის მაღაზიიდან მოპარული დანარჩენი ოქროს ჯვრების ადგილსამყოფელის და ქურდობაში თანამონაწილე პირის დასახელებას. აღნიშნული ძალადობა გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთი. გამოძიებით დაუდგენელი ორი პოლიციელის იმ ოთახიდან გასვლის შემდეგ, სადაც იმყოფებოდა თ. ა–ი, ოთახში შევიდა, ასევე გამოძიებით დაუდგენელი პოლიციელი, რომელიც დაჯდა ოთახში არსებულ კომპიუტერთან. აღნიშნულის შემდეგ, კ. ქ–მა სკამზე მჯდომ თ. ა–ს სილა გაარტა სახეში, შემდეგ მარჯვენა ფეხი ძლიერად ჩაარტყა მარცხენა თირკმელის არეში. დარტყმის შედეგად თ. ა–იი გადავარდა სკამიდან, დაეცა იატაკზე და მოიტეხა მარჯვენა ხელი. კ. ქ–იმა წამოაყენა თ. ა–ი, განაგრძო მისი ცემა და დაუწყო ფურთხება. მას შემდეგ, რაც თ. ა–იმა კ. ქ–ს აჩვენა მოტეხილი ხელი, ამ უკანასკნელმა შეწყვიტა ძალადობა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. ქ–ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით საქმეში არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენით, კ. ქ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და გამართლდა.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 15 მარტს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენის გაუქმება და კ. ქ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა კ. ქ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, დაზარალებულმა თ. ა–იმა სასამართლოს მისცა კ. ქ–ს მამხილებელი ჩვენება, რაც გამყარებულია მოწმეების – თ. ა–ს, ე. ქ–ს, ნ. ა–ს, ლ. ყ–ს, ლ. ყ–ს, ა. ს–ს, ქ. ხ–ს ჩვენებებით, ბ–ს ცენტრალური და ....... სახელობის კლინიკებიდან გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაციით კი, დადგინდა თ. ა–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა – მხრის ძვლის ქვედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით, ასევე მის მიმართ ჩატარებული ოპერაციული მკურნალობა. 2019 წლის 21 მაისს, დაზარალებულის მონაწილებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები ასევე ადასტურებს თ. ა–ს ჩვენებას. ამოცნობის ოქმით კი, დადგინდა, რომ თ. ა–მა მის მიმართ ძალადობის განმახორციელებელ პირად ამოიცნო კ. ქ–ი. შსს ...... პოლიციის დეპარტამენტის ბ–ს რაიონული სამმართველოს ადმინისტარციული შენობის (ძველი შენობა) შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმებით ირკვევა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს კ. ა–ი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამმართველოს ადმინისტარციული შენობასთან და პერიოდულად, მცირე ხნით შედიოდა პოლიციის შენობაში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებები მოპოვებული და გამოკვლეულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით და შესაბამისად საკმარისია კ. ქ–ს დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის N............ საქმის მასალებიც ადასტურებს კ. ქ–ის ბრალეულობას, ვინაიდან დადგინდა, რომ ისინი არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ მ. ნ–ს ჩვენებას, არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან მოწმემ დაკითხვისას განმარტა, რომ მას არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ ფიზიკური დაზიანებების მიყენების დროს თ. ა–ს ეცვა ქურთუკი, რაც ამცირებდა დარტყმების სიძლიერეს და გარკვეულწილად იცავდა მის სხეულს დაზიანებისაგან და შესაძლოა არ დარჩენოდა დარტყმის კვალი, ასევე დაზარალებულის განმარტებით, გასაღებების აცმა მოხვდა თავში, თმით დაფარულ ადგილას, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ ექიმები არ აღწერენ დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებს. ამასთან, ექიმმა ა. ს–მ განმარტა, რომ მას თ. ა–ს სხეული სრულად არ დაუთვალიერებია, ვინაიდან, ხელის მოტეხილობის გარდა სხვა ჩივილით არ მიუმართავს. შსს ბ–ს რაიონული პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ისინი არიან კ. ქ–ს ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. ვინაიდან ერთის მხრივ ამოძრავებთ კოლეგიალობა, ხოლო მეორეს მხრივ მხედველობაშია მისაღები, რომ კ. ქ–ს ბრალი ედება ჯგუფურად პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად დანაშაულის ჩადენაში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე.

5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის იმგვარ დარღვევას, როგორიც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევით, რომელიც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტულ უფლებას, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („In dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.

5.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.5. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა კ. ქ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა კ. ქ–ს მიერ თ. ა–ს მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი.

5.6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც კ. ქ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად საქმეში წამოდგენილია მხოლოდ ერთი – დაზარალებულ თ. ა–ს ჩვენება, რომელიც არათანმიმდევრულია და საქმისათვის მნიშვნელოვან და გადამწტყვეტ საკითხებში შინაარსობრივად შეუსაბამოა სხვა მტკიცებულებებთან. კერძოდ, დაზარალებულმა თ. ა–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათისთვის, ბ–ს N.. საჯარო სკოლის ეზოსთან გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც სამსახურებრივი ფორმა არ ეცვათ, ადგილზე ჩაუტარეს ჩხრეკა და გადაიყვანეს პოლიციაში. საქმეზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმეების – ე. ქ–ს და თ. ა–ს ჩვენებების თანახმად კი, პოლიციელებს, რომლებმაც თ. ა–ი გადაიყვანეს, ეცვათ ქურთუკები წარწერით „პოლიცია“.

5.7. თ. ა–ს ჩვენებით, მას პოლიციის განყოფილებაში ერთდროულად წიხლებს ურტყამდა ოთხი პოლიციელი. მათ შორის კ. ქ–ი, რომელმაც სილა გააწნა სახეში, სკამზე მჯდომს წიხლი ჩაარტყა, რა დროსაც გადაყირავდა და ხელი მოიტეხა. კ. ქ–ი წაქცეულზე მაინც აგრძელებდა თავში და გვერდებში მის ცემას და მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც გაიხადა მაისური და აჩვენა მოტეხილი ხელი. იგი პოლიციელებმა, ა. უ–მ და ვ. ქ–მა გადაიყვანეს ბ–ს საავადმყოფოში ჯერ მშობლის გარეშე, შემდეგ გ. ა–მა და ვ. ქ–მმა – მამასთან ერთად. თ–ში, .... სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის დროს, გზაში, მამა და პოლიციელები ეუბნებოდნენ ეთქვა, თითქოს ხელი კიბეზე დაგორებით მოიტეხა. მისთვის მიყენებული ყველა დარტყმისას საშინელ ტკივილს განიცდიდა, თუმცა ვერ ახსნა, რატომ თვლის, რომ უშუალოდ კ. ქ–ს დარტყმით მოტყდა ხელი.

5.8. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მათგან არცერთი არ არის ფაქტის თვითმხილველი და შესაბამისად, არაინფორმატიულია კ. ქ–ს მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დასადგენად. კერძოდ, მოწმეები – ე. ქ–ი და თ. ა–ი შეესწრნენ თ. ა–ს დაკავების ფაქტს და შემდგომში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. არასრულწლოვანი დაზარალებულის მშობლებს – თ. ა–სა და ნ. ა–ს შვილმა მოუყვა ბ–ს პოლიციის შენობაში, პოლიციის თანამშრომლების მიერ გაუპატიურებით დამუქრების, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ და ძალადობის შედეგად ხელის მოტეხვის თაობაზე. შესაბამისად, მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დასაბუთებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, მათი გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.9. სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხულმა ექიმებმა: ა. ს–მ (ბ–ს ცენტრალური კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი) და რ. ვ–მა ......... სახელობის პედიატრიული კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი) აღწერეს ის დაზიანება, რაც პაციენტს ჰქონდა და მიუთითეს იმ მკურნალობასა და მანიპულაციებზე, რაც მას ჩაუტარდა.

5.10. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოწმე – პოლიციელის თ. რ–ს ჩვენების სანდოობის ნაწილში და მიუთითებს, რომ ჩვენება არასანდოა, რის გამოც ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, შემდეგ გარემოებათა გამო: მოწმემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ. ა–ს გამოიკითხვას ესწრებოდა მისი მამა – კ. ა–ი. აღნიშნული სასამართლოში დაკითხვისას არ დაადასტურეს თ. და კ. ა–ებმა. კ. ა–ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ იგი საერთოდ არ შეუშვეს პოლიციის შენობაში და მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას მოიკითხეს. კ. ა–ს ჩვენებას სარწმუნოს ხდის ბოლნისის რაიონული პოლიციის ადმინისტრაციული შენობის, შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის – 2019 წლის 13 თებერვლის 08:00 – 23:59 საათამდე ვიდეოჩანაწერები. ამ ჩანაწერებით ცალსახად დადასტურებულია, რომ აღნიშნულ დღეს, 11:18-18:27 საათებში, ბ–ს პოლიციის ეზოში იმყოფებოდა კ. ა–ი, რომელიც პერიოდულად, მცირე ხნით შედიოდა პოლიციის მისაღებ სივრცეში და მალევე ბრუნდებოდა ეზოში და ბ–ს ცენტრალური კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგის ა. ს–ს ჩვენება, რომლის თანახმად, 2019 წლის 13 თებერვალს, მათ საავადმყოფოში შეიყვანეს არასრულწლოვანი პაციენტი – თ. ა–ი. იმის გამო, რომ სამედიცინო მანიპულაციისას მშობლის თანხმობა იყო საჭირო, პერსონალმა მოითხოვა მშობლის მიყვანა. საავადმყოფოში მისული პაციენტის მამის განმარტებით, ის ვერ ჩაეტია იმ მანქანაში, სადაც მისი შვილი იჯდა და ეს გახდა დაგვიანების მიზეზი.

5.11. თ. რ–ს ჩვენება, რომ კ. ქ–ი და თ. ა–ი მარტო დატოვა სამუშაო ოთახში, ასევე წინააღმდეგობაშია თ. ა–იის ჩვენებასთან, რომლის განმარტებითაც, მას ოთახში მყოფი პოლიციელები სამი საათის მანძილზე აგინებდნენ, სცემდნენ წიხლებით და ქამრით, ურტყამდნენ ყინულიან პლასტმასის ბოთლს და ა.შ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბ–ს ცენტრალური კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგის ა. ს–ს და .... სახელობის პედიატრიული კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგ რ. ვ–ს ჩვენებებით ცალსახად დადასტურებულია, რომ პაციენტს ხელის მოტეხვის გარდა სხვა დაზიანება რომ ჰქონოდა, შეამჩნევდნენ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული წინააღმდეგობები დამაჯერებლობას უკარგავს მოწმე თ. რ–ს ჩვენებას, რომ ოთახიდან მის გასვლამდე თ. ა–ს დაზიანებები არ ჰქონდა, დაბრუნებისას კი საავადმყოფოში გადაყვანილი დახვდა.

5.12. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ მსჯელობას ამოცნობის ოქმის კანონდარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ ორ ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. ო. ტ–სა და გ. რ–ს ჩვენებების გაანალიზებით კი სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ამოსაცნობი პირი, კ. ქ–ი, სრულიად განსხვავდებოდა მათგან.

5.13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ და უტყუარად დაადასტურებდა კ. ქ–ს მიერ, მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. დაინტერესებული პირის – დაზარალებულ თ. ა–ს არათანმიმდევრული ჩვენება, კი თანხვედრაში არ არის მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებთან.

5.14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელსაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა მინიჭებოდა მტკიცების საგანთან დაკავშირებით.

5.15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.16. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.17. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.19. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან გამომდინარე საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა და განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე