საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100123006977214
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №681აპ-24 ქ. თბილისი
ზ.გ. 681აპ-24 9 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ზ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ზ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2023 წლის 19 იანვარს, ღამის საათებში, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. ზ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. ზ–ში, კ–ში, შ. დ–ს ქ.-ის N..-ში მდებარე ნ. ჭ–სას საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ. ჭ–სას საცხოვრებელ სახლში არსებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს, მათ შორის: შავი ფერის ლეპტოპს, დამტენით; „რედმი 9" ფირმის მობილურ ტელეფონს, ოთხ ცალ მაჯის საათს, თოფს, თანხას 100 ლარის ოდენობით, ა/მანქანის აუდიომაგნიტოფონს, "ნიუ ბალანსის" ფირმის ბოტასს, თმის შესაჭრელ ელექტროხელსაწყოს, ორ ცალ ბეჭედს, ორ ცალ ყელსაბამს კულონით, მოშავო ფერის ნაჭრის შარვალს, ოთხ ცალ სუნამოს, ორ სვიტრს, მაისურს და ხელჩანთას (ასევე სხვადასხვა დასახელების ნივთებს), რის შედეგადაც ნ. ჭ–ს, ნ. ჭ–ს და ნ. ჭ–ს მიადგათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი – 4020 ლარის ოდენობით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. გ. ზ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. გ. ზ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 25 იანვრის 15:21 საათიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ზ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ყ–მა მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, გ. ზ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ზ–მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და მისთვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას.
6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ზ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას აღუდგა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.
6.2. 2024 წლის 22 თებერვალს მსჯავრდებულმა გ. ზ–მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა დამატებითი საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, სასჯელის სახით მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ზ–მ, რომელიც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. კასატორი ასევე, უთითებს, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა სასამართლო პროცესს. (ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მან განცხადებით მოითხოვა პროცესის გადადება, რაც არ დაკმაყოფილდა); სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა; განაჩენში არასწორად მიეთითა, რომ იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რადგან მის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო მიღებული და საქმე იხილებოდა უზენაეს სასამართლოში.
8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 22 თებერვალს შესულ მსჯავრდებულ გ. ზ–ს დამატებით საკასაციო საჩივართან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მასზე, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. ზ–ს დამატებითი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის საქართველოს სსსკ-ით დადგენილი ვადის დარღვევით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის განჩინებით კი ვადა აღდგენილია მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 26 იანვარს შესულ გ. ზ–ს საკასაციო საჩივარზე.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულების: ნ. ჭ–ს, ნ. ჭ–ს, ნ. ჭ–ს ჩვენებებით (დაზარალებულებმა მიუთითეს, რომ 2023 წლის 19 იანვარს, ქ. ზ–ში, დ–ს N..-ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს სხვადასხვა ნივთები (თოფი, ლეპტოპი, ტელეფონი, ტანსაცმელი, სუნამო, მაჯის საათები, ოქროს ნივთები (ორი ბეჭედი და ორი ყელსაბამი) და 100 ლარი. ქურდი სახლში მეორე სართულის ფანჯრიდან გვიან ღამით შევიდა. დაზარალებულებმა ამოიცნეს კუთვნილი ნივთები), 2023 წლის 19 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2023 წლის 25 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (რა დროსაც გ. ზ–ს მიერ მოხდა შემთხვევის ვითარების აღდგენა), 2023 წლის 25 იანვრის ამოღების ოქმით (გ. ზ–ს მითითებით ამოიღეს ,,acer-ის" ფირმის ლეპტოპი, შავი ფერის დამტენით, მობილური ტელეფონი ,,redmi 9", ,,ორსას", ,,შოპარდის", ვერცხლისფერი მეტალის, ფირმის საათები, ,,სონის" ფირმის ა/მანქანის აუდიომაგნიტოფონი; ,,ნიუბალანსის" წყვილი ბოტასი; ,,ფილიპსის" ფირმის თმის საკრეჭი ელექტრო ხელსაწყო; ოქროსფერი მეტალის ბეჭედი 2 ცალი; ოქროსფერი მეტალის 2 ცალი ყელსაბამი; მოშავო ფერის ნაჭრის შარვალი; ,,hunter"-ის ფირმის სუნამოს შუშა), 2023 წლის 26 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმებით (რომლის თანახმადაც დაზარალებულებმა: ნ. ჭ–სამ, ნ. ჭ–მ, ნ. ჭ–მ ამოიცნეს მათი კუთვნილი ნივთები), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N....... დასკვნით (2023 წლის 19 იანვარს ქ.ზ–ში, შ. დ–ს ქუჩის N..-ში მცხოვრები ნ. ჭ–ს საცხოვრებელი სახლიდან, ნ. ჭ–ს, ნ. ჭ–ს და ნ. ჭ–ს კუთვნილი სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის და იდენტურია გ. ზ–სგან აღებული სუნის ნიმუშის), სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 8 სექტემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N.......... დასკვნით (საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში განთავსებული ხის მაგიდაზე მოთავსებული თმის საპარსი აპარატის მუყაოს ყუთის ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ N..) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და გ. ზ–ს გენეტიკური პროფილი იდენტურია), სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით (რომლითაც დგინდება დაზარალებულების: ნ. ჭ–ს, ნ. ჭ–სა და ნ. ჭ–სათვის მოპარული ნივთების ღირებულება) და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. ზ–იამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის დროს არ გამოვლენილა იმგვარი არსებითი დარღვევა, რომელიც გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.
10. იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ზ–ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით კი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით). შესაბამისად, გ. ზ–ია არ არის მსჯავრდებული ქურდობის არაერთგზის ჩადენისათვის.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გადაისინჯება საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ. შესაბამისად, საქართველოს სსკ–ის 308–ე მუხლიდან გამომდინარე არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის კანონიერების გადასინჯვის რაიმე საფუძველი მისი დამძიმების მიზნით.
12. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ასევე მსჯავრდებულ გ. ზ–ს მსჯელობას, რომ სურვილის მიუხედავად მას არ მიეცა სასამართლო პროცესზე დასწრებისა და მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის შესაძლებლობა და ითვალისწინებს, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას N... პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის წერილის საფუძველზე (გ. ზ–იას წარმოდგენა სასამართლო პროცესზე ვერ ხდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 15 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე გადაყვანილი იყო შპს ვ-ში 2023 წლის 18 სექტემბერს (იხ. ტ.3, ს.ფ. 127) გადაიდო საქმის არსებითი განხილვა არაერთხელ. 2023 წლის 2 ოქტომბრის სასამართლო სხდომასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ზ–ია პირველი ინსტანციის სასამართლოში მთელი სასამართლო განხილვის პროცესში წარმოდგენილი იყო მისი ინტერესების დამცველი ადვოკატებით (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმი, ტ. 3, ს.ფ. 163-196), შესაბამისად, მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით. ამასთან, მსჯავრდებულს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მიმართ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონია. მათ შორის ერთ-ერთი ადვოკატი (ბ. ყ–ი) იცავდა მსჯავრდებულ გ. ზ–ს ინტერესებს სააპელაციო სასამართლოშიც.
13. მსჯავრდებულ გ. ზ–სათვის განსაზღვრულ სასჯელთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით.
14. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
15. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა გ. ზ–ს ინდივიდუალური მახასიათებლები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით. იმავდროულად, მსჯავრდებულს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა სასჯელის შემსუბუქება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ზ–იასათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
18. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
19. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ზ–ს საკასაციო საჩივრი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე