საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.09.2024
საქმის ნომერი
2კ-707აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100123007795215

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №707აპ-24 ქ. თბილისი

მ. გ. 707აპ-24 18 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: გ. მ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2023 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. მ–ში, ....... .. ჩიხი №..-ში მდებარე მ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განაჩენის საფუძველზე სხვისი ნივთის უკანონოდ დაუფლებისათვის ნასამართლევმა გ. მ–მ, თითქოს მასწავლებელთან დარეკვის გამო, ს. ნ–ს მოტყუებით გამოართვა „სამსუნგის“ ფირმის „გალაქსი 51“ მოდელის მობილური ტელეფონი და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, რითაც უკანონოდ დაეუფლა აღნიშნულ ნივთს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 1000 (ათასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

2.2. 2023 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ......ში, ........ის .. ჩიხი №..-ში მდებარე მ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განაჩენის საფუძველზე ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ძალადობისათვის ნასამართლევმა გ. მ–მ, ხელების სხეულის არეში დარტყმების და დანით მარცხენა ხელის და მარჯვენა ბეჭის არეში ჭრილობების მიყენების გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მამის - ჯ. ბ–ს მიმართ, რასაც შედეგად მოჰყვა დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

2.3. 2023 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, .....ში, ......ის .. ჩიხი №..-ში მდებარე მ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განაჩენის საფუძველზე ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ძალადობისათვის ნასამართლევი გ. მ–სა, დანის დემონსტრირებით და სიტყვებით „აუცილებლად მოგკლავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მამას - ჯ. ბ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით:

3.1. გ. მ–ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე;

3.2. გ. მ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა 1/4 - ით და განესაზღვრა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა 1/4 - ით და განესაზღვრა – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით გ. მ–სთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 6 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით გ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 30 ივლისიდან.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით აღმოიფხვრა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უზუსტობა, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

4.1. გ. მ–სა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გ. მ–ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე;

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა მოითხოვა გ. მ–სას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი, ადეკვატური და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

5.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. გ–ამ და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი ითხოვს გ. მ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით და სამართლიანი, ადეკვატური და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გ. მ–ს დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი, ადეკვატური და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

9.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

10. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. ვინაიდან, დაზარალებულმა ჯ. ბ–მა უარჰყო გ. მ–ს მხრიდან მის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი. გ. მ–სას მიერ მამის მიმართ მუქარა არ დაადასტურა ასევე შემთხვევის ადგილზე მყოფმა ს. ნ–სმა და მიუთითა, რომ გ. მ–მა და ჯ. ბ–მა იჩხუბეს, რასაც ჯ–ს დაჭრა მოჰყვა, ჩხუბის დროს გ–ი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჯ–ს, თუმცა მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

13. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

14. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ასევე სასამართლო ბრალდების მხარის პოზიციას გ. მ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით კვალიფიკაციის შესახებ. ვინაიდან, დაზარალებულ ს. ნ–ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მან გ. მ–ს ტელეფონი გადასცა იმწუთიერი სარგებლობისათვის – მასწავლებელთან დარეკვის პირობით, თუმცა დარეკვის შემდეგ გ–ი მოულოდნელად გაიქცა და ტელეფონიც თან წაიღო. მას დაედევნა დედა, რომელიც ტელეფონის მესაკუთრისათვის დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა გ–ი მეზობლის ღობეზე გადახტა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა გ–მ დაზარალებულს უთხრა, რომ არ აპირებდა მობილური ტელეფონის უკან დაბრუნებას.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ გ. მ–მ დაზარალებულის მოტყუება გამოიყენა ხერხად, რათა აშკარად გაეტაცებინა და დაუფლებლოდა სხვის მოძრავ ნივთს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გ. მ–სას ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი