დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141324009632177
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №35I-24 თბილისი
კ. გ. 35I-24 27 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. გ. კ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.2. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, გ. კ–ს დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.3. გ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განაჩენით მოხდილი აქვს ნაწილობრივ – 2010 წლის 15 ივლისიდან 2010 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
2.1. გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვვეთა.
3. 2024 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. კ–მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენება და მისი სასჯელისგან გათავისუფლება. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი დაკავებულია ს–ში, კერძოდ ა–ში, სადაც იხდის სასჯელს. აღნიშნული მდგომარეობა არის შემაფერხებელი მისთვის, რომ გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში, ითხოვს აღნიშნული ჩაეთვალოს საპატიოდ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 და მე-8 მუხლების თანახმად, გათავისუფლდეს სასჯელისაგან, შეუმსუბუქდეს სასჯელი ან შეეცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ–ს მიმართ არ გავრცელდა “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. წ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
5.1. მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. წ–ი საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებას და გ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენებას (ადვოკატის განმარტებით, განჩინებაში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თარიღი არასწორადაა მითითებული, 2023 წლის 12 აპრილის კანონის ნაცვლად მითითებულია 2022 წლის 12 აპრილის კანონი).
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით გ. კ–ე დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა (კერძოდ, იგულისხმება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 137-ე−141-ე, 142-ე−1443, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე−224-ე, 236-ე−239-ე, 253-ე−2552, 280-ე, 353-ე, 378-ე−379-ე და 404-ე−413-ე მუხლებით, XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებული დანაშაულები). ამავე კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პირადად უნდა მიმართოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოს. ძებნილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მის მიმართ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით მიმართვის უფლება წარმოეშობა ხელისუფლების ორგანოში გამოცხადების მომენტიდან („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილი).
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიული ფორმით განსაზღვრავს იმ წესს, რომელიც ძებნილ მსჯავრდებულს აძლევს შესაძლებლობას ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით მიმართოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოს. მოცემული დანაწესი ცალსახად მიუთითებს, რომ მხოლოდ ხელისუფლების ორგანოში გამოცხადების მომენტიდან არის შესაძლებელი, რომ ძებნილმა ბრალდებულმა თუ მსჯავრდებულმა მოითხოვოს ხსენებული კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელება და არ ითვალისწინებს რაიმე სახის გამონაკლისს, რომელიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცემს შესაძლებლობას საპატიო მიზეზის არსებობისას (თუნდაც სხვა ქვეყანაში სასჯელის მოხდა) ხელისუფლების ორგანოში გამოცხადების გარეშე ან/და ადვოკატის საშუალებით შეიტანოს შუამდგომლობა მოცემული ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით.
5. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები არ აქვს ჩადენილი 2004 წლის 1 იანვრამდე. ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გ. კ–ე მსჯავრდებულია – 2009 წლიდან ჩადენილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის გასაღების მიზნით დამზადების და ჯგუფურად გასაღებისათვის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით – 2006 წლიდან ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისათვის.
6. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ გ. კ–ე ითხოვდა 2023 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებას, ვინაიდან, შუამდგომლობაში მსჯავრდებული ნათლად უთითებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის (დოკუმენტის ნომერი: 1484-VIIIმს-Xმპ) საქართველოს კანონზე.
7. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ–ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. კ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი