საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.09.2024
საქმის ნომერი
2კ-38-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №38I-24 თბილისი

შ-ი ი., 38I-24 26 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განაჩენით ი. შ-ი, -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დადგენილი სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. შ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის გამოტანიდან – 2024 წლის 22 მარტიდან.

2. განაჩენის მიხედვით, ი. შ-ს მსჯავრად დაედო: ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 6 ივლისს, დაახლოებით, 20:50 საათიდან 21:10 საათამდე პერიოდში, თ-ში, ო. ხ-ის ქუჩის №--ში მდებარე შპს „ფ. . -ის“ კუთვნილ სუპერმარკეტში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ი. შ-ი, სხვა პირთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სარეალიზაციოდ განთავსებულ, ჯამურად 531.16 ლარად ღირებულ, 12 „იაკობს მონარქის“ ფირმის ყავას, 2 „კაპის“ ფირმის წვენსა და 1 სასაჩუქრე პარკს, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა 531.16 ლარის ქონებრივი ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

Ø მსჯავრდებულმა – ი. შ-მა, რომელმაც მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება;

Ø მსჯავრდებულ ი. შ-ის ადვოკატმა – ხ. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ი. შ-ისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება;

Ø თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიკა ტყაბლაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ი. შ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 სექტემბრის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიკა ტყაბლაძემ წარადგინა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ. შუამდგომლობის მიხედვით, 2024 წლის 4 სექტემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძეს, მსჯავრდებულ ი. შ-სა და ადვოკატ მ. ჯ-ას შორის, თბილისის პროკურორის თანხმობით დაიდო საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების ოქმის შესაბამისად:

· ი. შ-ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. შ-ს უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 სექტემბრის განჩინებით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ თბილისის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძის შუამდგომლობა, მასა და მსჯავრდებულ ი. შ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ შეთანხმება დაიდო მისთვის არასასურველ სასჯელის ზომაზე; იგი თავს გრძნობდა მოტყუებულად, რადგან იმაზე დიდი ხნის გატარება მოუწევდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ვიდრე საპროცესო შეთანხმების დადებამდე ჰქონდა მოლოდინი. ამასთან, ადვოკატისგანაც განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდა. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის პოზიციისა და მის მიერ გამოხატული ნების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. შ-ი არ ეთანხმებოდა საპროცესო შეთანხმებაში ასახულ პირობებს, მისთვის არ იყო მისაღები თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის ზომა და შესაბამისად, მის მიერ შუამდგომლობასა და თანდართულ დოკუმენტებზე ხელმოწერა ვერ ჩაითვლებოდა ნამდვილი ნების გამოხატულებად და თანხმობად შეთანხმების გაფორმებისათვის. აქედან გამომდინარე, წარდგენილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება დაარღვევდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავში ასახულ დებულებებს, კერძოდ, ამ კოდექსის 212-ე და 213-ე მუხლების შესაბამისად, საპროცესო შეთანხმება ვერ დამტკიცდება, თუ სასამართლო არ დარწმუნდა, რომ შეთანხმება მხარეთა ნამდვილ ნებას გამოხატავს და ბრალდებული/მსჯავრდებული სრულად თანხმდება შეთანხმებაში ასახულ პირობებზე და იაზრებს იმ ვალდებულებებს, რაც შეთანხმების დამტკიცების შედეგად დაეკისრება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიკა ტყაბლაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას; მასა და მსჯავრდებულ ი. შ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებასა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საპროცესო შეთანხმებაში მითითებული პირობებით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

12. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე