დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802224010588844
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№248I-24 ქ. თბილისი
დ-ი ჰ, 248I-24 27 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჰ. დ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
1.1. 2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ჰ. დ-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავების თაობაზე.
1.2. 2024 წლის 3 ივნისს ჰ. დ-ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
1.3. 2024 წლის 6 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჰ. დ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
1.4. 2024 წლის 9 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ჰ. დ-ის ექსტრადიციის თაობაზე.
1.5. 2024 წლის 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჰ. დ-ის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე, 2024 წლის 3 სექტემბრიდან 2024 წლის 3 დეკემბრამდე.
1.6. 2024 წლის 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჰ. დ-ის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 9 თვემდე, 2024 წლის 3 დეკემბრიდან 2025 წლის 3 მარტამდე.
1.7. ამჟამად ჰ. დ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
2. ჰ. დ-ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2.1. 2022 წლის 5 აპრილს (კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 2 მაისს) თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ალანიის 1-ლი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. დ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188/3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ნარკოტიკებით ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის, 7 თვის და 15 დღის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 6 დღის ვადით.
2.2. 2022 წლის 7 დეკემბერს (კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 20 თებერვალს) თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანკარას 35-ე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. დ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188/3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ნარკოტიკებით ან მასტიმულირებელი 3 ნივთიერებებით ვაჭრობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის, 2 თვის და 916 დღის ვადით.
2.3. 2022 წლის 19 იანვარს (კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 28 ნოემბერს) თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიის მე-11 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ჰ. დ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 204/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ოფიციალური საბუთების გაყალბება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 8 თვის ვადით.
2.4. 2015 წლის 5 თებერვალს (კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 1 მარტს) თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ გაზიანთეფის მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. დ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188/3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ნარკოტიკებით ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 3 თვის ვადით.
2.5. 2013 წლის 23 მაისს (კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 31 ოქტომბერს) თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ გაზიანთეფის 1-ლი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. დ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5809 კოდექსით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1000 დღის ვადით.
2.6. 2023 წლის 20 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ალანიის აღმასრულებელი სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ჰ. დ-ს მიესაჯა 31 წლის, 20 თვისა და 15 დღის ვადით და 1825 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ჰ. დ-ს მოსახდელად დარჩენილი აქვს 15 წლის, 7 თვისა და 15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
2.7. 2023 წლის 21 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ალანიის რესპუბლიკის მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ჰ. დ-ის დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.
2.8. 2024 წლის 9 აგვისტოდან ჰ. დ-ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
3. ფაქტები:
3.1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგშია:
3.2. 2016 წლის 11 ივლისს თურქეთის რესპუბლიკაში, ა-ში ჰ. დ-რი და მასთან ერთად მყოფი პირები გადაადგილდებოდნენ ავტომობილით. ავტომობილში დამალული იყო 0.5 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი, ხოლო უშუალოდ ჰ. დ-ს თან ჰქონდა 5 ცალი ნარკოტიკული საშუალების პაკეტი, კერძოდ, ექსტაზი (ამფეტამინი), მეტამფეტამინი და მარიხუანა.
3.3. 2020 წლის 7 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკაში, ანკარაში, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ჰ. დ-მა გაასაღა კანაფის ფისი და მეტამფეტამინი. ჰ. დ-ის პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა 16.5 გრამი მეტამფეტამინი, ხოლო მისი საცხოვრებლის ჩხრეკისას - 16 გრამი მეტამფეტამინი.
3.4. 2016 წლის 20 აპრილს თურქეთის რესპუბლიკაში, ანკარაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ჰ. დ-მა ყალბი საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენებით დაიქირავა ავტომობილი.
3.5. თურქეთის რესპუბლიკაში, გაზიანთეფში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ჰ. დ-მა 2013 წლის 29 ოქტომბერს სხვადასხვა პირზე გაასაღა 2,16 გრამი მეტამფეტამინი და 1,83 გრამი მეტამფეტამინი.
3.6. 2012 წლის 7 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, გაზიანთეფში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ჰ. დ-მა ინვოისებისა და სასაქონლო ზედნადებების გარეშე 40 ცალი მობილური ტელეფონი მოიპოვა კონტრაბანდული გზით და ცდილობდა მათ გაყიდვას.
4. 2024 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ჰ. დ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით:
5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. დ-ის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, რათა აღსრულდეს მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ალანიის აღმასრულებელი სასამართლოს მოსამართლის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188/3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სამი ეპიზოდისთვის (ნარკოტიკებით ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობა), თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 204/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ოფიციალური საბუთების გაყალბება) და თურქეთის რესპუბლიკის №5809 კოდექსით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის დანიშნული სასჯელის (31 წლის, 20 თვისა და 15 დღის ვადით და 1825 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი 15 წლის, 7 თვისა და 15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ჰ. დ-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. დ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2024 წლის 3 ივნისს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ჰ. დ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:
1) მოცემული დანაშაული, როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით ისჯებოდეს; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც ისჯება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.
5.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის 5–11 და 14-15 პუნქტებში აღწერილი ქმედებების (რომლებიც ისჯება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით და აკმაყოფილების სასჯელის მინიმალურ წესს) საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა, სულ მცირე:
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.3. ამდენად, დანაშაულები, რომელთათვისაც მოითხოვება ექსტრადიცია, დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით. ამასთან, მსჯავრდებული პირის გადაცემის მოთხოვნა მოიცავს რამდენიმე ცალკეულ დანაშაულს, რომლებიც თხოვნის გამგზავნი და მიმღები მხარეების სამართლის მიხედვით თავისუფლების აღკვეთით ერთ წელზე მეტი ვადით და მიუხედავად იმისა, რომ მათგან ერთ-ერთი ქმედება (თურქეთის რესპუბლიკის №5809 კოდექსით გათვალისწინებული წესების დარღვევა) სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, თხოვნის მიმღებ მხარეს აქვს უფლება, გადასცეს პირი ამგვარი დანაშაულებისთვის.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჰ. დ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. იგი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ ჰ. დ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი ექნება მისი უფლებების დარღვევას.
7.2. ჰ. დ-ი თავად მონაწილეობდა მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განხილვაში და სარგებლობდა სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის გასაჩივრების უფლებით.
7.3. გარდა აღნიშნულისა, ექსტრადიციის საკითხის განხილვის დროს, აგრეთვე, მხედველობაში იქნა მიღებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. დ-ი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთათვისაც მოითხოვება ჰ. დ-ის ექსტრადიცია, შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
8.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. განაჩენები, რომლითაც ჰ. დ-ს მსჯავრი დაედო აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში, კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 2 მაისს, 2023 წლის 20 თებერვალს და 2021 წლის 1 მარტს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
8.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები შეესაბამება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. განაჩენები, რომლითაც ჰ. დ-ს მსჯავრი დაედო აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში, კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 28 ნოემბერს და 2018 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო 2023 წლის 21 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ალანიის რესპუბლიკის მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ჰ. დ-ის დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.
8.4. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 20 წლის ვადით და 2038 წელს იწურება.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა განიხილა ჰ. დ-ის განცხადება საერთაშორისო დაცვაზე და მას, როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, მაგრამ, ხსენებულთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანხმად, მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე. თუმცა არსებული კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრის მიერ ექსტრადიციაზე ვერ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ვიდრე საერთაშორისო დაცვის პროცესი სრულად არ დასრულდება.
9.2. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
9.3. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. ჰ. დ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.
11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.
11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.5. გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
11.6. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
11.7. განსახილველი საქმის საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ჰ. დ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. ადვოკატი მოცემულ პოზიციას აყალიბებს მხოლოდ ზოგადი ფორმით და მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი სახის მასალა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
11.8. ადვოკატი თ. გ-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ჰ. დ-ი თურქეთის რესპუბლიკაში იდევნება, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია ან მტკიცებულება, რაც მის პოზიციას დაასაბუთებდა, დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია. დაცვის მხარემ წარმოადგინა ფოტომასალა და დაკითხვის ოქმი, რომელიც შეეხება ა. დ-ის ავტომანქანის დაზიანებას, თუმცა აღნიშნული მასალიდან არ იკვეთება შემთხვევის კავშირი ჰ. დ-ან. პირიქით, მოწმე განმარტავს, რომ მას არ ჰყავს მტრები და ინციდენტის მიზეზიც მისთვის გაუგებარია. ამასთან, წარმოდგენილი მასალით იკვეთება, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები ინციდენტის გამოსაძიებლად ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.
12. გარდა აღნიშნულისა, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ ჰ. დ-ის შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). ჰ. დ-ის მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში.
13. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
13.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს;
13.2. ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (,,King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). ამ შემთხვევაში, იმ დანაშაულებრივი ქმედებების რაოდენობისა და ხასიათიდან გამომდინარე, რომლებისთვისაც მოითხოვება ჰ. დ-ის ექსტრადიცია, თავად ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი