ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№893აპ-24 30 ოქტომბერი, 2024 წელი
მ-ი მ., 893აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენით მ. მ-ი (პირადი №--), დაბადებული -- წელს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბ-ის რაიონის სოფელ ნ-ში, -ე ქუჩის №-ში, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· შპს „რ-ი“ (ს/ნ --) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2013 წლის 16 ივნისს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად – 2013 წლის 26 ივნისს. კომპანიის დირექტორი და 100%-ანი წილის მფლობელი იყო მ. მ-ი (პირადი №-). კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების იჯარა და ლიზინგი.
· 2019 წლის 25 დეკემბრის შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტისა და 2020 წლის 10 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2019 წლის 30 დეკემბრის №- ბრძანება და 2020 წლის 13 მარტის №--ბრძანება, ასევე – 2019 წლის 30 დეკემბრის №- და 2020 წლის 13 მარტის №- საგადასახადო მოთხოვნები. 2019 წლის 30 დეკემბრის №-- საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს გამოუქვეყნდა საჯაროდ 2020 წლის 30 ივნისს, ხოლო 2020 წლის 13 მარტის №- საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაჰბარდა ფოსტით 2020 წლის 2 აპრილს.
· შპს „რ--ის“ (ს/ნ -) შემოწმების სახედ განსაზღვრული იყო სრული კამერალური შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 01.01.2016 წლიდან 01.09.2019 წლამდე. 2019 წლის 30 დეკემბრის №- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „რ-ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა 61 326,62 ლარი, აქედან ძირითადი გადასახადია 33 544 ლარი (საშემოსავლო გადასახადი – 33 172 ლარი, ქონების გადასახადი – 372 ლარი), ჯარიმა – 17 972 ლარი, საურავი – 9 810,62 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის ბრძანების თანახმად, დარიცხვის საფუძველი გახდა კამერალური საგადასახადო შემოწმების 2019 წლის 25 დეკემბრის შუალედური აქტი, რომლის თანახმადაც, შემოწმება ჩატარდა 01.01.2016 წლიდან 01.01.2017 წლამდე დროის პერიოდში.
· 2020 წლის 13 მარტის №-- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს “რ-ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა 174 715,93 ლარი, აქედან ძირითადი გადასახადია 93 743 ლარი (დღგ – 20 708 ლარი, საშემოსავლო გადასახადი – 72 663 ლარი, ქონების გადასახადი – 372 ლარი), ჯარიმა – 48 537 ლარი, საურავი – 32 435,93 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 13 მარტის ბრძანების თანახმად, დარიცხვის საფუძველი გახდა კამერალური საგადასახადო შემოწმების 2020 წლის 10 მარტის აქტი, რომლის თანახმადაც, შემოწმება ჩატარდა 01.01.2017 წლიდან 01.09.2019 წლამდე პერიოდში.
· შპს „რ-ის“ (ს/ნ -) ბიუჯეტში გადასახდელად შესამოწმებელ პერიოდში სულ დაერიცხა 236 042,55 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი – 127 287 ლარი, ჯარიმა – 66 509 ლარი.
· შპს „რ-ის“ (ს/ნ -) დირექტორმა მ. მ-მა განზრახ აარიდა თავი გადასახდელების გადახდას, არ ისარგებლა 45 სამუშაო დღის ვადით და არ იქნა გადახდილი შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახდელად დაკისრებული, დიდი ოდენობით გადასახდელი 127 287 ლარი. ამასთანავე, ამავე ვადაში არ გადავადებულა ან დაკორექტირებულა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხა.
· მ. მ-ის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 127 287 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. აღნიშნული ქმედებისათვის მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. მ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი თინათინ სტურუა – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მ. მ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ მ. მ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
3. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მ. მ-ის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის აღიარებასთან ერთად საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეების: ი. ჯ-ას და მ. ო-ის გამოკითხვის ოქმები, შპს „რ-ის“ მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებები, შპს „რ-ის“ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, შპს „რ-ის“ საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. მ-მა ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედება. 4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ადგენს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
7. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
8. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ნასამართლობის არქონა, დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, მზაობა, ეტაპობრივად აანაზღაუროს ზიანი, მსჯავრდებულს ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, სახელმწიფოსაგან იღებს შემწეობას, რაც არ ქმნის საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის აუცილებლობას), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რაზე დაყრდნობითაც, მსჯავრდებულ მ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუფარდეს, თუმცა შემდეგ დადგენილი სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაუთვალეს პირობით მსჯავრად. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და, მისი დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
9. კასატორი სასჯელის გამკაცრების მოთხოვნის დასაბუთებისთვის ასევე უთითებს ზიანის აუნაზღაურებლობაზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე, როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. სუსგ: №449აპ-22, №388აპ-22).
10. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ-ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის აშკარად ლმობიერი, კანონიერი და სამართლიანია. შესაბამისად, არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.
11. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
12. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ. მ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
13. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 29 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შემოსული წერილის მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახური არ არის თანახმა, მ. მ-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, ვინაიდან იურიდიულ პირს – შპს “რ-ს“ (რომლის დირექტორიცაა მ. მ-ი) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
14. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ. მ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილისა და მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. მ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა – და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
4. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართი) მიხედვით;
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;
7. შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ერთვის სს საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე