ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 24.10.2024
საქმის ნომერი
2კ-902აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№902აპ-24 24 ოქტომბერი, 2024 წელი

კ-ი ნ., 902აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. კ-ს ბრალად დაედო: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, თ-ში, წ--ის ქუჩის №-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნ. კ-მა დ. მ-ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით დანა ერთხელ დაარტყა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც დ. მ-ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

· 2023 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში, თ-ში, წ-ის ქუჩის №-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ თონეში, ნ. კ-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს დ. მ-ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ამ უკანასკნელს ორივე ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ძირს წაქცეულ დ. მ-ეს მარჯვენა ფეხი ასევე რამდენჯერმე ჩაარტყა მუცლისა და თავის არეში. ნ. კ-ის მიერ ჩადენილი თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად დ. მ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში, თ-ში, წ-ის ქუჩის №-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ თონეში, ნ. კ-ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დანის დემონსტრირებით, დ. მ-ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა, რაც დ. მ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენით ნ. კ-ი, დაბადებული -- წელს, ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. კ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 7 სექტემბრიდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, ნ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამთა გახარია – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, ნ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, რომ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული კვალიფიკაციით დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია. თავისთავად მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას აღწერილი უკანონო ქმედების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასებისას მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს – დაზარალებულმა უნდა განმარტოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი და გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.

3. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა დ. მ-ემ მასზე ფიზიკური ძალადობრივი ქმედებების ჩადენაში ამხილა ნ. კ-ი, თუმცა ცალსახად განაცხადა, რომ, მართალია, ნ. კ-ი მას დანით დაემუქრა, მაგრამ მუქარის არ შეშინებია და უთხრა, ვერ შემაშინებ, თუ გინდა, დამარტყიო. იგივე განაცხადა დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროსაც.

4. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის აუცილებელი უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ნ. კ-ი კანონიერად გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

5. რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ. კ-ისათვის განსაზღვრულ სასჯელს, . საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა, მისი სამართლიანობა კი ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. კ-ს როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილით რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით, განსაზღვრული აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის კიდევ უფრო დამძიმების საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

7. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ასევე – 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

8. მსჯავრდებულმა ნ. კ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას წარმოუდგინა განცხადება, რომლის თანახმად, მის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირი ნ. კ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელებისა და მისი სასჯელისაგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რის გამოც, მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებას.

9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ. კ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე:

მსჯავრდებულ ნ. კ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა – და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ნ. კ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვით;

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. კ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. მსჯავრდებულ ნ. კ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2023 წლის 7 სექტემბრიდან;

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ. კ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, ლაქები (ანაწმენდები), დანა, ასევე, ნ. კ-ისა და დ. კ-ის სუნის ნიმუშები – განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაისური, ასევე საქმეზე ამოღებული დ. მ-ის ტანისამოსი – დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

დ. მ-ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ნ. ე-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოები 2 (ორ) ცალ დისკზე – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე