ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 06.02.2025
საქმის ნომერი
2კ-946აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.02.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123008306430

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №946აპ-24 ქ. თბილისი

ს. ი, 946აპ-24 6 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით:

1.1. ი. ს, - დაბადებული --- წლის .. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად. ახლადდანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ს. სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 24 ნოემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ს-ა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2023 წლის 24 ნოემბერს, 23:00 საათზე, ქ. თ-–ი, ქვემო ფ–ი, ვ-ს ქუჩის №----ში, ი. ს. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შ. ფ-ს და უთხრა რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით:

3.1. მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ–მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენის გაუქმება და ი. ს--ს გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი. ს--ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მისი მსჯავრდების შესახებ.

3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ შ. ფ--ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად, 2023 წლის 24 ნოემბერს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მოესმა ნივთების ძირს დაგდების ძლიერი ხმა და მისი მისამართით ი. ს-ს მუქარა: „შ-- მაინც მოგკლავ“. დაზარალებულის განმარტებით, მან მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან ი. ს. წარსულში არის ნასამართლევი დედის მკვლელობის ფაქტზე და აქვს კრიმინალური წარსული.

4. შემთხვევის შედეგად დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ასახულია მოწმეების - გ. ს-სა და ს. ს-ს ჩვენებებში, კერძოდ:

5. მოწმე გ. ს-ს ჩვენებით, მეწყვილე ლ. ი-ნ ერთად, მონაწილეობა მიიღო ი ს-ს დაკავებაში. დაზარალებული იყო მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ, აღელვებული და აცხადებდა, რომ მას ეშინოდა ი. ს-ს.

6. მოწმე ს. ს-ს ჩვენებით, შ. ფ. იყო აღელვებული და განმარტავდა, რომ მის სიცოცხლეს ი. ს-ს მხრიდან ემუქრებოდა საფრთხე.

7. მხარეთა შეთანხმებით უდავო მტკიცებულებად ცნეს ლ. ი-ს გამოკითხვის ოქმი. მოწმის განმარტებით ირკვევა, რომ მეწყვილე გ. ს-ან ერთად, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ შ. ფ. იგი აცხადებდა, რომ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეზობელი - ი. ს. პიროვნება დააკავეს შემთხვევის ადგილზე და გადაიყვანეს ადმინისტრაციულ შენობაში.

8. ზემოხსენებული მტკიცებულებების გათვალიწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ისეთი ერთობლიობა, რაც ადასტურებს, ერთის მხრივ, ი. ს-ს მიერ შ. ფ-ს მიმართ მუქარის ჩადენას, ხოლო, მეორეს მხრივ, დაზარალებულში საფუძვლიანი შიშის გაჩენის ფაქტს.

9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. ს--ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხული ქმედების ჩადენას.

10. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

11. საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებულმა ი. ს-ა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის საგამოცდო ვადაში, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

12. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

13. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ს. ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 10 თვეს. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად. ახლადდანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ს. სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

14. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, ი. ს-ა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე - 2024 წლის 1 ივლისამდე - ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ი. ს. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ს. ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და შეეფარდოს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად. ახლადდანიშნულ სასჯელს - 10 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატოს წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ს. სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. ი. ს. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 24 ნოემბრიდან.

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე