ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 15.11.2024
საქმის ნომერი
2კ-112-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330141224010121821

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1121-24 15 ნოემბერი, 2024 წელი

რ–ე მ., N1121-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. რ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 1 ოქტომბერს, მსჯავრდებულ მ. რ–ს (პირადი N.....) მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპილის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენი) მ. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ. რ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 12 ივლისიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრებულა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ მ. რ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

5. მსჯავრდებულმა მ. რ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში, მ. რ–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11-ე ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 11-ე ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რათა პირზე გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება, შესაბამისი მუხლებით მსჯავრდების გარდა, აუცილებელია კუმულაციურად რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება, კერძოდ: 1) მსჯავრდებული უნდა იყოს განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე; 2) თითოეულმა დაზარალებულმა ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობა უნდა განაცხადოს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია; 3) მსჯავრდებული თანახმა უნდა იყოს მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობის დაუკმაყოფილებლობა გამორიცხავს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენების შესაძლებლობას.

5. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ხოლო მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

6. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ვინაიდან წარმოდგენილი არ არის დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენების შესახებ - არ არსებობს მ. რ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გავრცელების საფუძველი. ამასთან, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილია მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, მ. რ–ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.

7. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 3811 მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

8. რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნულ სასჯელს, მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ დაზარალებულმა ე. ჭ–მ უარი განაცხადა მსჯავრდებულ მ. რ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა მ. რ–ს მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენებაზე არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის გავრცელების საფუძველი.

9. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მ. რ–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე – 4 წლით თავისუფლების აღკვეთაზე არ უნდა გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10. ამასთან, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე, არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, ხოლო მ. რ–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით, საბოლოო სასჯელი დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, მ. რ–ს მიმართ – საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის კანონის გავრცელება გავლენას ვერ მოახდენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით დანიშნულ საბოლოო სასჯელზე.

11. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მ. რ–ს მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენებამ საბოლოო სასჯელის ცვლილება არ გამოიწვია, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია დამცავი ორდერის გამოცემა, რადგან დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ, დამცავი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვების ამოქმედება გააუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამცავი ორდერი უნდა გამოიცეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახურ დანაშაულზე მსჯავრდებული პირი, ამნისტიის კანონის გამოყენებით სასჯელის შემცირების შედეგად გათავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან.

12. მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილ დაზარალებულის თანხმობასთან (18.06.2024წ.) დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მასში აღნიშნულია, რომ დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ საშეღავათო პირობების გამოყენების თაობაზე. ხსენებული თანხმობა გაცემული იქნა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მიღებამდე და მასში გამოხატული ნება კონკურენტუნარიანი ვერ იქნება ამნისტიის კანონის მოქმედების ფარგლებში დაზარალებულის მიერ გამჟღავნებულ ნებასთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება მხოლოდ მაშინ, თუ დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს ამნისტიის კანონის გამოყენებაზე - რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. რ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. რ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;

3. მსჯავრდებულ მ. რ–ს მიმართ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი;

4. მსჯავრდებულ მ. რ–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) არ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. მ. რ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს – 2022 წლის 12 ივლისადან;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე