ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020141224010127915
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1371-24 22 ნოემბერი, 2024 წელი
კ–ი ზ., N1371-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ–ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 2 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, მსჯავრდებულ ზ. კ–ს (პ/ნ ..........) მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 აგვისტოს განაჩენით, ზ. კ–ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 200 საათი.
მსჯავრდებულ ზ. კ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე 6 თვით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით, ზ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ. კ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.
ზ. კ–სს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2022 წლის 22 ივნისიდან .
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება ზ. კ–სის მიმართ არ გავრცელდა.
5. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრით მომართა მსჯავრდებულმა ზ. კ–სმა, რომელმაც მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
4. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
5. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან ზ. კ–ი რამდენჯერმეა მსჯავრდებული და სხვადასხვა დროს სასჯელი დანიშნული აქვს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თითოეულ განაჩენთან მიმართებით დამოუკიდებლად იმსჯელოს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
6. განსახილველ შემთხვევაში, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 აგვისტოს განაჩენითა და ზუგდიდის რაინული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელებზე, კერძოდ:
ვინაიდან ზ. კ–ი სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულის ჩადენის დროს ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ მას, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით).
იმის გათვალისწინებით, რომ ზ. კ–ი საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი, მას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით) ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
7. ამასთან, ვინაიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით ზ. კ–ს საბოლოო სასჯელი დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ზ. კ–ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ზ. კ–ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2022 წლის 22 ივნისიდან.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. კ–სის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. კ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ოქტომბრის განჩინება.
3. მსჯავრდებულ ზ. კ–ს მიმართ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
4. მსჯავრდებულ ზ. კ–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით).
5. მსჯავრდებულ ზ. კ–ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით) შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ზ. კ–სს მოსახდელად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
6. ზ. კ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს – 2022 წლის 22 ივნისიდან.
7. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 აგვისტოს განაჩენი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი.
8. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე