შეწყალების საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020141224010162212
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1651-24 29 ნოემბერი, 2024 წელი
ხ. ლ., N1651-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. მ–ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 7 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულებიდან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ლ. ხ–ს (პირადი ნომერი: ..........) პირადი საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენით, ლ. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად ლ. ხ–ს 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს განაჩენით, ლ. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენით ლ. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (3 წელი, 11 თვე და 28 დღე თავისუფლების აღკვეთა) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარი.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით, ლ. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 7 წელი მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 10000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
ლ. ხ–ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 28 ნოემბრიდან.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ლ. ხ–ს 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 10 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ლ. ხ–ას მიმართ არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
6. მსჯავრდებულ ლ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. მ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და ლ. ხ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა).
3. მოცემულ შემთხვევაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენით, ლ. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ამნისტიის კანონის ზემოხსენებული მუხლის გათვალისწინებით იგი უნდა გათავისუფლდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელისგან.
4. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
5. ზემოხსენებული დანაწესის მხედველობაში მიღებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს განაჩენით, ლ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლით (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით) უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით.
6. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).
7. ვინაიდან, ლ. ხ–ა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის) ჩადენისას ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის მასზე ვერ გავრცელდება ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.
8. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
9. შესაბამისად, ლ. ხ–ას მიმართ უნდა გავრცელდეს ზემოხსნებული დანაწესი და მას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით (საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 7 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი, ჩაეთვლილი აქვს პირობით მსჯავრად 3 წლის გამოსაცდელი ვადით) უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით.
10. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. მ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. მ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
ლ. ხ–ა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისგან;
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება;
ლ. ხ–ს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1/6-ით შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვლილი ჰქონდა პირობით) და განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვილილი ჰქონდა პირობით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
ლ. ხ–ს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1/6-ით შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით (საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 7 წელი განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვლილი აქვს პირობით მსჯავრად 3 წლის გამოსაცდელი ვადით) და საბოლოოდ, განესაზღვროს 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს) განაჩენით დანიშნული და ამნისტიის კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ხ–ას განესაზღვროს 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
ლ. ხ–ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 28 ნოემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში (მათ შორის დამატებითი სასჯელის - ჯარიმის ნაწილში) დარჩეს უცვლელი;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე