დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.11.2024
საქმის ნომერი
2კ-185-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1851-24 28 ნოემბერი, 2024 წელი

მ. ს., 1851-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ს. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად. ს. მ-ეს დანიშნული სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2007 წლის 18 მაისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის განაჩენით ს. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 4 თვე, 9 დღე და ს. მ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით, 10 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2009 წლის 8 იანვრიდან.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ ს. მ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მოსახდელად დარჩა 5 წლით, 8 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დადგენილების მიღების მომენტიდან – 2009 წლის 27 ნოემბრიდან.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით ს. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1999 წლის რედაქცია) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 12 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით კი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს – 14 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 7 წელი, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან – 9 წელი – და ს. მ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ასევე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 10 თვე, 12 დღე და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 33 წლით, 10 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან – 2011 წლის 6 ივლისიდან.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ს. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1999 წლის რედაქცია) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 12 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით კი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს – 14 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 5 წელი, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან – 6 წელი – და ს. მ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ასევე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 10 თვე, 12 დღე და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 28 წლით, 10 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან – 2011 წლის 6 ივლისიდან.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განჩინებით ს. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი: ს. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლით, 10 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის (1999 წლის რედაქცია) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელები და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1999 წლის რედაქცია) 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით – 10 წლითა და 6 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 4 წლითა და 6 თვით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ს. მ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით, 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2011 წლის 6 ივლისიდან.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ს. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა – და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის (1999 წლის რედაქცია) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელები და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1999 წლის რედაქცია) 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით – 10 წლითა და 6 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 4 წლითა და 6 თვით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით, ს. მ-ს განესაზღვრა 18 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 10 თვე, 12 დღე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ9 მიესაჯა 20 წლით, 7 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2011 წლის 6 ივლისიდან.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ს. მ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 2 წელი და 3 თვე, ასევე სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წელი და 6 თვე, ასევე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით, 10 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – და ს. მ-ეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2011 წლის 6 ივლისიდან.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: ს. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

15. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით ს. მ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

16. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის განჩინებით ს. მ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი.

17. პირად საქმეში მოთავსებული ცნობიდან ირკვევა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, ს. მ-ეს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით და თავისუფლდება 22.04.2026 წელს.

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

19. 2024 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ს. მ-ის პირადი საქმე.

20. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით; მსჯავრდებულ ს. მ-ეს ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – და ამ მუხლით განესაზღვრა 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი – 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ს. მ-ეს, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2011 წლის 6 ივლისიდან.

21. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ს. მ-ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას იმ მოტივით, რომ ერთი მეექვსედით უნდა შემცირებოდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 4 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა – და არა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნახევრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაიზიდვისა ან გადაგზავნისა) დანიშნული სასჯელი. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განაჩენიდან ირკვევა, ს. მ-ე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას იყო ნასამართლევი. შესაბამისად, მის მიმართ სწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილი შეღავათი სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების თაობაზე.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან ს. მ-ეს განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელიდან – 15 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც შემდგომში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე), ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სწორედ ამ სასჯელზე გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილით დაწესებული შეღავათი სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების შესახებ და ამ მუხლით განუსაზღვრა 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც, თავის მხრივ, აისახა განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულ საბოლოო სასჯელზე.

4. ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ს. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე