საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N170100124008662878
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №957აპ-24 27 ნოემბერი, 2024 წელი
ბ–ი ზ., №957აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. ბ–ი (პირადი ნომერი: ...............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა), საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 15 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. თ–ში, მაღაზია „......ის“ მიმდებარედ, ზ. ბ–მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ქალს უფლება არ აქვს, სხვა მამაკაცთან ჰქონდეს კომუნიკაცია, მარჯვენა ხელის მარცხენა ხელის მაჯაზე მოჭერის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ქ. ს–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2023 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მდებარე ზ. ბ–სა და ქ. ს–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ. ბ–მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ქალს უფლება არ აქვს, სხვა მამაკაცთან ჰქონდეს კომუნიკაცია, ბეჭდის ხელიდან ძალით მოხსნის, თმის მოქაჩვის გზით, ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ქ. ს–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2023 წლის 16 ნოემბერს, საღამოს, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მდებარე ზ. ბ–სა და ქ. ს–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ. ბ–იმა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ქალს უფლება არ აქვს, სხვა მამაკაცთან ჰქონდეს კომუნიკაცია, მარჯვენა ხელის მუშტის მარცხენა ხელში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ქ. ს–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2023 წლის 16 ნოემბერს, საღამოს, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მდებარე ზ. ბ–სა და ქ. ს–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ. ბ–მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ქალს უფლება არ აქვს, სხვა მამაკაცთან ჰქონდეს კომუნიკაცია, მარჯვენა ხელის წელის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ქ. ს–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მდებარე ზ. ბ–იისა და ქ. ს–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ. ბ–ი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ქალს უფლება არ აქვს, სხვა მამაკაცთან ჰქონდეს კომუნიკაცია, სიტყვით „მოგკლავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - ქ. ს–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2023 წლის 16 ნოემბერს, საღამოს, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მდებარე ზ. ბ–სა და ქ. ს–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ. ბ–ი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ქალს უფლება არ აქვს, სხვა მამაკაცთან ჰქონდეს კომუნიკაცია, სიტყვებით „ნახე დღეს თუ ჩემი ხელით არ მოგკლა“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - ქ. ს–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2023 წლის 17 ნოემბერს, საღამოს, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მდებარე ზ. ბ–სა და ქ. ს–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში მყოფი ზ. ბ–ი, სოციალური ქსელის გამოყენებით განხორციელებული ვიდეოზარის მეშვეობით, ბრალდებულისა და დაზარალებულის საერთო შვილების მეურვეობის საკითხზე საუბრისას, სიტყვით „ჩაგხოცავთ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - ქ. ს–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2023 წლის 15 ნოემბერს, დღის საათებში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მდებარე ზ. ბ–სა და ქ. ს–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ. ბ–იმა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ქალს უფლება არ აქვს, სხვა მამაკაცთან ჰქონდეს კომუნიკაცია, ფსიქიკური იძულების, კერძოდ, სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების და ცემის მუქარის გზით, აიძულა თავისი მეუღლე – ქ. ს–ე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოსულიყო თავისი საძინებელი ოთახიდან.
1.7. 2023 წლის 15 ნოემბერს, დღის საათებში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მდებარე ზ. ბ–სა და ქ. ს–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ. ბ–იმა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ქალს უფლება არ აქვს, სხვა მამაკაცთან ჰქონდეს კომუნიკაცია, ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის და სახელგამტეხი ცნობების გავრცელების მუქარით, ასევე, სისტემატური გინებისა და დამცირების გზით, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა თავისი მეუღლე - ქ. ს–ე, რომელმაც დანის მარცხენა ხელის მაჯის არეში გამავალ ვენებზე დასმის გზით სცადა თვითმკვლელობა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
2.2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენით, ზ. ბ–ი საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ზ. ბ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 22 ივლისს, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და ზ. ბ–სათვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3.3. პროკურორის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შეტყობინებითა და ვიზუალური დათვალიერების ოქმით უტყუარად დადასტურდა ზ. ბ–ს ბრალეულობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ზ. ბ–ს მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ზ. ბ–ს ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, მეუღლის მიმართ განხორციელებული: სისტემატური შეურაცხყოფისათვის, სიცოცხლის მოსპობის მუქარის სამი ეპიზოდისათვის, იძულებისათვის და თვითმკვლელობამდე მიყვანისათვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ქ. ს–მ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ზ. ბ–ს მიერ ქ. ს–ზე განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის, იძულების, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ზ. ბ–იის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.5. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება ზ. ბ–ს მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5.7. აღსანიშნავია, რომ ქ. ს–სთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მოწმემ მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლზე, სადაც მისი განმარტებით, ზ. ბ–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე მიუთითა, ადგილი სადაც სცადა თვითმკვლელობა და განმარტა, რომ ამავე საცხოვრებელ სახლში ზ. ბ–ი მას სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და უდავო მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეეძინა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში დაზარალებულთან.
5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.10. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დაზარალებულის მიერ განხორციელებულ შეტყობინებას, რომელზეც კასატორი აპელირებს სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებით იმის დადგენა, რომ ზ. ბ–ს მხრიდან ქ. ს–ს მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატური ფიზიკური ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარის, იძულებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებს - შეუძლებელია, ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობისა და მასში ასახული მწირე ინფორმაციის გათვალისწინებით.
5.11. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.
5.12. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.
5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე