საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1244აპ-24 თბილისი
ბ-ი ა., 1244აპ-24 30 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის, ასევე – მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: ფ. კ-ისა და ზ. ნ-ას – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ბ-ს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა – განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 19 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ. მ-ში, ჟ-ს ქუჩის N--ში მდებარე ნ. ი-ას საცხოვრებელი სახლის წინ, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ჯ. ი-ას მიერ შერიგებაზე უარის გამო განაწყენებულმა ა. ბ-მა, მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, დანის მრავალჯერადი დარტყმით, მეუღლეს – ჯ. ი-ას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები, კერძოდ, გულმკერდის მრავლობითი ღია ჭრილობები. ასევე, კიდურებზე მრავლობითი ნაჭდევები. ჯ. ი-ას გადარჩენა მოხერხდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განაჩენით ა. ბ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ პუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 28 ივლისიდან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2022 წლის 19 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ. მ-ში, ჟ-ს ქუჩის N--ში მდებარე ნ. ი-ას საცხოვრებელი სახლის წინ, ჯ. ი-ას მიერ შერიგებაზე უარის გამო განაწყენებულმა ა. ბ-მა, მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, დანის მრავალჯერადი დარტყმით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა მეუღლეს – ჯ. ი-ას, კერძოდ, გულმკერდის მრავლობითი ღია ჭრილობები, ასევე, კიდურებზე მრავლობითი ნაჭდევები. ჯ. ი-ას გადარჩენა მოხერხდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი გიორგი მექვაბიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ა. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 19,109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“ პუნქტებით და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
6. მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – ფ. კ-ი და ზ. ნ-ა – საკასაციო საჩივრით ითხოვენ ა. ბ-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, „ნ“ ქვეპუნქტებზე და სასჯელის განსაზღვრას მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელ ნაწილში დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ა. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული.
10. დანაშაულის მოტივად გენდერული ნიშნის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს, ქმედებაში იკვეთება თუ არა გენდერული დისკრიმინაცია, ქალის ქცევის კონტროლი, მის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულება ან სხვა სახის გენდერული ძალადობა, რომელიც შეიძლება, გამომდინარეობდეს ქალის გენდერულ როლზე არსებული სტერეოტიპული შეხედულებებისა და პატრიარქალური დამოკიდებულებისაგან. გენდერული სტერეოტიპია ქალისა და მამაკაცის მსგავსი ქცევის რადიკალურად განსხვავებული შეფასება და მათი მსგავსი ქცევის არათანაზომიერად გაკიცხვა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მოსაზრებას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის – არც დაზარალებულის ჩვენებით, დასტურდება ბრალდებულის მიერ ქმედების გენდერის ნიშნით ჩადენა. მხოლოდ ის გარემოება, რომ შერიგებაზე უარს მოჰყვა კონფლიქტი, აპრიორი, არ მიუთითებს დასახელებულ ნიშანზე. ამდენად, ა. ბ-ის მიერ საქართველოს 111,19,109-ე მუხლის ,,თ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არის მხოლოდ ეჭვი, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, სწორად გადაწყდა მსჯავრდებულის სასარგებლოდ და იგი გამართლდა მითითებულ ბრალდებაში.
11. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
12. ა. ბ-ს კანონიერად დაედო მსჯავრი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობის მცდელობისათვის, რადგან დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი ახლობლების ჩარევის გამო და დროული სამედიცინო დახმარების შედეგად ჯ. ი-ას სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ის გარემოება, რომ ა. ბ-ი დანით შეიარაღებული მივიდა (დაზარალებულ ჯ. ი-ას, მოწმეების: ნ. ი-ას და ი. ი-ის – ჩვენებებით დასტურდება, რომ ა. ბ-მა დანა ჯიბიდან ამოიღო) და მხოლოდ გულმკერდის მარცხენა ნახევარში ოთხი ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, მიუთითებს როგორც ცოდნაზე, ისე – სურვილზე, მოეკლა იგი. დანა, რომლითაც ა. ბ-ი დაზიანებებს აყენებდა დაზარალებულს, გატყდა; ასევე, კონფლიქტში ჩაერივნენ ნუივარ და ი. ი-ები. ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს (და უზენაესი სასამართლოს ეთანხმება), რომ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა შეუშალა ხელი ა. ბ-ს, ბოლომდე მიეყვანა გაზრახვა.
13. დადასტურებულია, რომ ა. ბ-მა ჯ. ი-ას დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები. თავად დაზარალებულ ჯ. ი-ას ჩვენებით, ასევე, შემთხვევის თვითმხილველი პირის – ი. ი-ის – მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ მეუღლეთა შორის სიტყვიერი დაპირისპირებისას ა. ბ-მა შარვლის უკანა ნაწილიდან ხელით ამოიღო დანა, რომლის დანახვით შეშინებული ჯ. ი-ა ქუჩაში გაიქცა, მიუხედავად ამისა, ა. ბ-ი მას გაეკიდა, დაიჭირა იგი და ჯერ ხელი დაარტყა სახის არეში, შემდეგ კი – კისრისა და მკერდის არეში არაერთხელ ჩაარტყა დანა, რომელიც ხელში ეჭირა. შემთხვევის კიდევ ერთმა თვითმხილველმა მოწმე ნ. ი-ამაც დაადასტურა, რომ სწორედ გაქცეულ ჯ. ი-ას დაედევნა ა. ბ-ი და, წაქცეულს, რამდენჯერმე დაარტყა დანა სახისა და გულმკერდის არეში, ასევე – ხელი დაარტყა სახის არეში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ა. ბ-ს დანა მათი სახლიდან არ აუღია. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის იარაღი – დანა, გატყდა, რის შემდეგაც ა. ბ-ი ჩაჯდა იქვე მდგარ ავტომობილში და სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი. როგორც საექსპერტო კვლევის შედეგად დადგინდა, ჯ. ი-ას მხოლოდ გულმკერდის მარცხენა ნახევარში აღენიშნებოდა ოთხი დამოუკიდებელი ჭრილობა, მასვე მრავლობითი ნაჭდევები ჰქონდა კიდურებზეც.
14. შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ს განზრახვა, მოეკლა ჯ. ი-ა, წამოეშვა დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის დაწყებამდე და ჩადენის პროცესში თან სდევდა მსჯავრდებულის ქმედებებს, რომლებიც უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ. ა. ბ-ის ქმედების ხასიათი, ასევე – დაზარალებულისთვის მიყენებული სხეულის დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო მიდამოში – ადასტურებს იმას, რომ, ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით, შესაძლო შედეგს – დაზარალებულის სიკვდილს – იგი უცილობლად ითვალისწინებდა, რაც, მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, არ დამდგარა და დანაშაული შეწყდა მცდელობის სტადიაზე. შესაბამისად, ა. ბ-ის მიერ ქმედების შეწყვეტა მისი ნებით არ მომხდარა და დამოკიდებული იყო გარე ფაქტორებზე. აღნიშნული კი მთლიანობაში ადასტურებს, რომ მან სწორედაც განზრახ მოკვლის მიზნით მიაყენა დაზიანებები დაზარალებულს, რასაც, შესაძლოა, მისი გარდაცვალება გამოეწვია, კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს – რომ არა გარე ფაქტორები.
15. ამდენად, ზემოხსენებული გარემოებები ცალსახად მიუთითებს დაცვის მხარის პოზიციის უსაფუძვლობაზე, რომ ა. ბ-ს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და რომ მან პასუხი უნდა აგოს ფაქტობრივად დამდგარი შედეგის მიხედვით, ა. ბ-ის არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რის გამოც იგი ვერ აცნობიერებდა სრულად თავის ქმედებას. ა. ბ-ის ფსიქიკური პრობლემის დასადასტურებლად არასაკმარისია მხოლოდ ა. ბ-ისა და მისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებით დაინტერესებული ოჯახის წევრების მითითება.
16. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 2 ნოემბრის -- დასკვნის თანახმად (რომლის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ვ. ჟ-მა), ა. ბ-ს აღენიშნება არაფსიქოზური რეგისტრის ფსიქიკური აშლილობა – თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა (კოდი – F06, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით, ფსიქიკის მხრივ. „ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური რეგისტრის ფსიქიკური აშლილობა – თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავის ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შეზღუდულ შერაცხადობას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იგი იძულებით მკურნალობას და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს“.
17. საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სრულწლოვან პირთან მიმართებით შეზღუდული შერაცხადობა შემამსუბუქებელი გარემოებაა, ანუ შერაცხადობის ნაირსახეობაა (ამსუბუქებს ბრალს). შესაბამისად, სრულწლოვანი შეზღუდული შერაცხადობის დროს ჩადენილი დანაშაულისათვის არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რადგან შეზღუდული შერაცხადობა არა შეურაცხადობის, არამედ – შერაცხადობის ნაირსახეობაა. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას აფასებს ბრალის (პასუხისმგებლობის ხარისხის) თვალსაზრისით, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტი თავის დასკვნაში დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ პირი ფსიქიკურად დაავადებულია და ქმედების ჩადენისას ნაწილობრივ მოშლილი ჰქონდა ცნობიერება ან ნება, სასამართლო ამ ფაქტს გაითვალისწინებს სასჯელის დანიშვნისას, როგორც შემამსუბუქებელ გარემოებას.
18. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ბ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (სცადა მეუღლის მოკვლა), განსაკუთრებული სისასტიკით (ბებიის თვალწინ დაზარალებულს დანით არაერთი ჭრილობა მიაყენა, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლში ერთობლივად ტანჯვის გამოწვევას და სიკვდილს). სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაზარალებულ ჯ. ი-ას, მოწმეების: ი. ბ-ის, ნ. ი-ას ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის -- დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვ.) სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან, აგრეთვე – მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. ბ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენაში.
20. ამდენად, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). საკასაციო საჩივრებში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №518აპ-22, №949აპ-24). საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
21. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. ბ-ს, მის პიროვნულ მახასიათებლებზე, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, განუსაზღვრა კანონით დადგენილი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მისი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის, ასევე – მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: ფ. კ-ისა და ზ. ნ-ას – საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე