საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.05.2025
საქმის ნომერი
2კ-1209აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100121004781732

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1209აპ-24 ქ. თბილისი

ქ. კ. 1209აპ-24 6 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის პროკურორ ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: კ. ქ–ეს - პ/ნ ........., - ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 დეკემბრის N........ წერილის საფუძველზე, 2015 წლის 4 დეკემბრის N....... ბრძანებით მოხდა ი/მ „თ. მ–ის“ (ს/ნ .........) საგადასახადო შემოწმება. ი/მ-ეს დამფუძნებელი და 100 % წილის მფლობელია თ. მ–ე (შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში), თუმცა ნოტარიულად გაცემული მინდობილობით საწარმოს ფაქტობრივი ხელმძღვანელი პირია მისი მეუღლე – კ. ქ–ე. ხსენებული ი/მ-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა შოკოლადით და საკონდიტრო ნაწარმით. შესამოწმებელმა პერიოდმა მოიცვა 01.01.2010 – 01.11.2015 წელი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 16 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2016 წლის 25 თებერვლის N..... ბრძანების და ამავე თარიღის N.....საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, ი/მ „თ. მ–ეს“ დაერიცხა სულ 558 606 ლარი, მათ შორის ძირითადი – 314 216 ლარი, ჯარიმა – 244 390 ლარი, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2016 წლის 2 მარტს.

შემოწმდა 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, რომლის მიხედვითაც, გადასახადი დაერიცხა დღგ-ს ნაწილში. დარიცხვა სრულად განხორციელდა მხოლოდ დღგ-ს ნაწილში, ვინაიდან, დადგინდა, რომ საწარმო არ იყო რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად და შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, გადამხდელს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2012 წლის 20 დეკემბერს და ამ პერიოდის შემდგომ განხორციელებული სავაჭრო ოპერაციები დაიბეგრა დღგ-ით. სხვა გადასახადების ნაწილში გადამხდელს დარღვევა არ ჰქონია.

2016 წლის 25 თებერვლის N....... საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2016 წლის 1 ივნისის, N....... ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული თანხების კორექტირება იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი წარმოადგენდა დამატებით მტკიცებულებებს. გადამხდელმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები, რის გამოც შედგა 2016 წლის 4 აგვისტოს დასკვნა. გამოიცა 2016 წლის 16 აგვისტოს N........ ბრძანება და 2016 წლის 17 აგვისტოს N...... საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა მიხედვითაც გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2017 წლის 26 აგვისტოს.

ი/მ „თ–მ–ის“ საჩივარი (2016 წლის 17 აგვისტოს N......... საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხებზე) შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2016 წლის 14 სექტემბრის N......... ბრძანებით დარჩა განუხილველი, ვინაიდან გადამხდელის მიერ ახალი გარემოება არ ყოფილა წარდგენილი, რასაც გადამხდელი გაეცნო ვებ. გვერდის საშუალებით 2016 წლის 26 სექტემბერს. 2016 წლის 14 სექტემბრის N........ ბრძანება გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვდა დარიცხული თანხების შემცირებას. დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გადამხდელის საჩივარი დარჩა განულიხველი. ი/მ „თ. მ–ის“ წარმომადგენლის მიერ შემდგომში არ მომხდარა გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში. საბოლოო ჯამში, ი/მ „თ. მ–ის“ მინდობილ პირს – კ. ქ–ეს საგადასახადო აქტით სულ დარიცხული აქვს 558 606 ლარი, აქედან ძირითადია 314 216 ლარი, ხოლო ჯარიმა – 244 390 ლარი.

ამგვარად, კ. ქ–ემ განზრახ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აარიდა თავი გადასახადის გადახდას, რითაც სახელმწიფოს 314 216 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენით:

2.1. კ. ქ–ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ს 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

2.2. . კ. ქ–ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ და მოითხოვა კ. ქ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი, პროკურორი ზვიად ფხაკაძე ითხოვს კ. ქ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს კ. ქ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით ადასტურებენ კ. ქ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ვინაიდან,9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ 2012 წლის 20 დეკემბრიდან 2013 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდთან მიმართებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ კ. ქ–ე წარმოადგენდა ი/მ „თ. მ–ის“ ფაქტობრივ მმართველს და თ. მ–ის ნაცვლად, დამოუკიდებლად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას.

10. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლითაც დგინდება, რომ ი/მ ,,თ. მ–ე“ (პ/ნ ..........) გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 10 მარტს. გადამხდელს დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2012 წლის 20 დეკემბერს, გადამხდელმა არ მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით. საგადასახადო შემოწმების აქტით, ი/მ ,,თ. მ–ეს“ გადასახდელად დაერიცხა ძირითადი გადასახადი დამატებული ღირებულების სახით - 314 216 ლარი. 2013 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, პასუხისმგებელ პირად ფიქსირდება თ. მ–ე, ხოლო 2013 წლის 13 სექტემბრიდან 2015 წლის 1 ნოემბრამდე, რწმუნებულების/მინდობილობის საფუძველზე - კ. ქ–ე. თ–მ–ის მუშაობის პერიოდზე, მეწარმეს ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი - 94 731 ლარი, კ. ქ–ის მუშაობის პერიოდზე ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი - 219 485 ლარი.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი/მ „თ. მ–ის“ მიერ 2013 წლის 16 სექტემბერს კ. ქ–ის მიმართ გაცემული გენერალური რწმუნებულება/მინდობილობა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოში განცხადებით წარადგინა კ. ქ–ემ.

11.1. რწმუნებულების/მინდობილობის თანახმად, რწმუნებულება/მინდობილობა შედგენილი იყო სამ თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახებოდა ნოტარიუს მ.კ-სთან, ხოლო ორი გადაეცა მიმნდობს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 68-70).

12. 2017 წლის 6 სექტემბერს ინსპექტორ-გამომძიებელმა ქ. ბ–მა წერილით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე ეცნობებინათ 2007 წლიდან 2017 წლამდე ი/მ „თ. მ–ეს“ ჰქონდა თუ არა გაცემული ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებები/მინდობილობები. დადებით შემთხვევაში მოითხოვა მათი გადაგზავნა (იხ.: ტ.1, ს.ფ. 103);

12.1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მთავარი სპეციალისტის ლ. ლ–ს 2017 წლის 29 სექტემბრის წერილის თანახმად, ელექტრონულ სანოტარო რეესტრში მოქალაქე თ–მ–ის და კ. ქ–ის მონაწილეობით დამოწმებული სანოტარო აქტის თაობაზე რეგისტრირებულია ერთი ჩანაწერი, რომლის თანახმად, ნოტარიუს მ. კ–ს მიერ 2013 წლის 16 სექტემბერს დამოწმებულია რწმუნებულება/მინდობილობა (იხ.: ტ.1, ს.ფ.104).

12.2. აღნიშნული რწმუნებულება/მინდობილობა არ წარმოადგენდა უდავო მტკიცებულებას. სასამართლო ითვალისწინებს საქმის მასალებს, მათ შორის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის სხდომის ოქმს (რომლის თანახმად, კ. ქ–ემ ქ-ნ გ-სა და თ-ნ ნ-ს გარდა იმ მომენტისათვის დაუკითხავი ყველა მოწმის ჩვენება ცნო უდავოდ; ხოლო, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა არ მომხდარა 14:02:44-14:05:02).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ი/მ „თ. მ–ის“ მიერ კ. ქ–ის მიმართ 2013 წლის 16 სექტემბერს გაცემული რწმუნებულების/მინდობილობის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესების არსებითი დარღვევით. კერძოდ, მოცემული რწმუნებულების/მინდობილობის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრება მოხდა კ. ქ–ის მიერ განცხადების საფუძველზე წარდგენის გზით (იხ.: ტ.1, ს.ფ. 68-70).

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსსკ-ით მკაცრად რეგლამენტირებულია მტკიცებულებათა მოპოვების წესი. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ აქვს, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს, მათ შორის მისი დასაშვებობის თვალსაზრისითაც.

15. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარისათვის ცნობილი იყო, რომ ნოტარიუს მ. კ–სთან ინახებოდა ი/მ „თ. მ–ის“ მიერ კ. ქ–ის მიმართ 2013 წლის 16 სექტემბერს გაცემული რწმუნებულება/მინდობილობა, რომლის მოპოვებაც საჭიროებდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ჩატარებას. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის“ (თუ არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა).

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს დოკუმენტის წარმოდგენას, როგორც საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას. ი/მ „თ. მ–ის“ მიერ კ. ქ–ის მიმართ 2013 წლის 16 სექტემბერს გაცემული რწმუნებულების/მინდობილობის ამოღება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის საფუძველზე, კ. ქ–ის ან ნოტარიუს მ. კ–გან.

17. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ უგულებელყო მტკიცებულების (მოცემულ შემთხვევაში – რწმუნებულების/მინდობილობის) მოპოვების საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია აღნიშნული რწმუნებულების/მინდობილობის შინაარსის გაზიარების შესაძლებლობას (მაგ. იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 3 ნოემბრის განჩინება საქმეზე N 845აპ-22 და mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის N80აპ-21 განჩინება).

18. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ძირითადი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება მოპოვებულია საქართველოს სსსკ-ის არსებითი დარღვევით და სასამართლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლიდან გამომდინარე მოკლებულია მისი გაზიარების შესაძლებლობას, ხოლო სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს კ. ქ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის პროკურორ ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე